სუნტარ-ხაიატა
სუნტარ-ხაიატა[1] (რუს. Сунтар-Хаята) — ქედი რუსეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, ადმინისტრაციულად იაკუტიასა და ხაბაროვსკის მხარეში. სიგრძე 500 კმ-ზე მეტი, სიგანე 60 კმ-მდე. აგებულია ვულკანური ქანებითა და გრანიტებით. ცენტრალურ ნაწილში მაღალმთის რელიეფია: კლდოვანი თხემები და მწვერვალები (უმაღლესი წერტილი — მუს-ხაია, 2969 მ), ღრმა ცირკები და კარები, კანიონები. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში საშუალო სიმაღლის ჯაჭვები და მასივებია ეროზიული რელიეფით. ყველგანაა მთის ტერასები და კურუმები. მაღალმთაში 200-ზე მეტი მყინვარია, უპირატესად ხეობის ტიპისა; საერთო ფართობი 201,6 კმ². დამახასიათებელია სქელი მრავალწლოვანი მინაყინები (საერთო ფართობი დაახლ 800 კმ²) 1000–1650 მ სიმაღლეზე. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა (ინდიგირკა, ლენა) და ოხოტის ზღვაში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია. ფერდობებზე ფოთლოვანი მეჩხერი ტყეების ლანდშაფტებია, 1400–1500 მ-ზე მაღლა — მთის ბუჩქნარიანი ტუნდრა. დიდი მდინარეების ხეობებში გავრცელებულია ლარიქსისა და ხეობის (ვერხვი, ჩოზენია) ტყეები. განვითარებულია ტურიზმი.[2]
სუნტარ-ხაიატა | |
---|---|
რუს. Сунтар-Хаята | |
კოორდინატები: 62°36′ ჩ. გ. 140°53′ ა. გ. / 62.600° ჩ. გ. 140.883° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | იაკუტია, ხაბაროვსკის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მუს-ხაია, 2969 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 60 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 195.
- ↑ Сунтар-Хаята // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 430.