დიეპი
დიეპი[3] (ფრანგ. Dieppe) — ქალაქი საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონში, ზღვისპირა სენას დეპარტამენტში. 29 080 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს ლა-მანშინს სრუტის ნაპირზე, მდინარე არკის შესართავზე, ქალაქ რუანიდან 55 კილომეტრით ჩრდილოეთით. მსხვილი სამგზავრო პორტი, საბორნე მიმოსვლა ნიუჰეივენთან (დიდი ბრიტანეთი).[4]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დიეპი Dieppe | |||
ხედი ქალაქის ცენტრზე | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
რეგიონი | ნორმანდია | ||
დეპარტამენტი | ზღვისპირა სენა | ||
კოორდინატები | 49°55′00″ ჩ. გ. 01°15′00″ ა. გ. / 49.91667° ჩ. გ. 1.25000° ა. გ. | ||
მმართველი | Sébastien Jumel | ||
დაარსდა | დაახლ. 900 | ||
პირველი ხსენება | 1030 | ||
ფართობი | 11,67 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5–70 მ | ||
მოსახლეობა | 29 080[1] კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 2500 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 76200 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.dieppe.fr/[2] | ||
ისტორია
რედაქტირებადიეპი სავარაუდოდ წარმოიშვა დაახლოებით 900 წელს. მის დასახელებას სკანდინავიური წარმომავლობა აქვს და ითარგმნება როგორც „სიღრმე“. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სახელწოდება მდინარის მიხედვით მიიღო, რომელსაც აქ გადმომსხდარმა ვიკინგებმა დიეპი უწოდეს, მეორეს მიხედვით — ზღვის უბის მიხედვით, რომელსაც დიდი სიღრმე აქვს. დიეპი პირველად 1030 წლის დოკუმენტებში იხსენიება როგორც ნორმანდიის ჰერცოგთა დომენში შემავალი მეთევზეთა დასახლება. 1066 წელს ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ სწრაფად განვითარდა როგორც ბრიტანეთთან საზღვაო გადაზიდვისა და ვაჭრობის, აგრეთვე მარილის გამოხდის ცენტრი. დიეპის ბურგი (იხსენიება 1079 წლიდან) და ციხესიმაგრე (აგებული XII საუკუნის მეორე ნახევარში) 1195 წელს დაანგრიეს საფრანგეთის მეფის ფილიპე II ოგიუსტის ჯარისკაცებმა. 1197 წელს ნორმანდიის ჰერცოგმა ქალაქი რუანის ეპისკოპოსს გადასცა ქალაქ ლეზ-ანდელის სანაცვლოდ. 1360–90-იან წლებში დიეპი კედლით გარშემოირტყა და ქალაქის უფლებები მიიღო. ასწლიანი ომის დროს (1337–1453) გარკვეული დროით ინგლისელთა მფლობელობაში იყო (1419–1935). XV საუკუნის შუა ხანიდან საფრანგეთის ინგლისთან, ნიდერლანდებთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან საზღვაო ვაჭრობის (თევზი, ტექსტილი, მარცვლეული კულტურები) მნიშვნელოვანი ცენტრი და ფრანგი კაპერებისა და მეზღვაურების (ჟ. ანჟო, ჟ. პარმენტიე) ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო, XVI საუკუნეში — ჰუგენოტებისა. 1694 წელს ანგლო-ნიდერლანდული ესკადრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად განადგურდა. XVIII საუკუნეში თავიდან აშენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ დიეპთან გერმანელებმა ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს ფრანგული არმიის 20-ათასკაციანი დაჯგუფება (6–13 ივნისი, 1940). გერმანული ოკუპაციის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმაგრეთა სისტემაში „ატლანტის ტალღა“. 1942 წლის 19 აგვისტოს მარცხით დასრულდა დიეპთან ანგლო-კანადელ მებრძოლთა გადასხმის ცდა (ოპერაცია „იუბილე“). გათავისუფლდა 1944 წლის 1 სექტემბერს კანადის სამხედრო ნაწილების მიერ ნორმანდიის დესანტის ოპერაციის წარმატებულად დასრულების შემდეგ.[4]
ჰავა
რედაქტირებადიეპი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვიურია, რბილი ზამთრითა (საშუალო ტემპერატურა დაახლ. 8 °C) და ძალიან თბილი ზაფხულით (საშუალო ტემპერატურა 22 °C). ქალაქში არის 1 კილომეტრზე გრძელი ქვიშაკენჭიანი პლაჟი; პრომენადი. როგორც კურორტი ვითარდება 1822 წლიდან. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ მწერლებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს შორის (გი დე მოპასანი, ეჟენ დელაკრუა, კამილ სენ-სანსი და სხვ.). დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტია. ტურიზმის ცენტრი.[4]
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებაქალაქში შემონახულია სენ-ჟაკის (XII–XVI სს.), სენ-რემის (XVI–XVII სს.) ეკლესიები, ციხე-დარბაზი (XIV–XV სს.; 1923 წლიდან ქალაქის მუზეუმი), ქალაქის სიმაგრის კოშკები (XV ს.).[4]
ეკონომიკა
რედაქტირებადიეპში არის ტექსტილის, ფარმაცევტული მრეწველობის საწარმოები; 1955 წლიდან მოქმედებს ფირმა „Alpine“-ის ქარხანა, რომელიც სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს (1978 წლიდან კონცერნ „Renault S.A.“-ის საკუთრებაა); გემთშეკეთება. განვითარებულია თევზჭერა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Annuaire de service-public.fr
- ↑ ელერდაშვილი ა., დიეპი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Вишлёв О. В. ДЬЕП // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 461.