დასტურლამალი მეფის ვახტანგისა
დასტურლამალი მეფის ვახტანგისა — ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი; შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებული, რომელიც ვახტანგ VI-მ სისტემურად დაალაგა, ბევრი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია. ვახტანგს ტექსტი კარგად დაუყვია და თითოეული მათგანისათვის საგანგებო სათაურიც შეურჩევია.
ძეგლი შედეგება ორი მთავარი ნაწილისაგან - სამეფო დასტურლამალი და სადედოფლო დასტურლამალი. სადედოფლო დასტურლამალი თავდაპირველად გიორგი XI-ს შეუდგენია 1683-1689 წლებში. არ არის ცნობილი, თუ სახელდობრ რა ცვლილებები შეიტანა ვახტანგმა გიორგისეულ დასტურლამალში მისი განახლებისას.
დასტურლამალი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ. იგი იმდენად ფართო შინაარსის საკანონმდებლო ძეგლი იყო, რომ თავის დროზე ანბანური წესითაც დაულაგებიათ, რათა მოხელეებს და დაინტერესებულ პირთ გაადვილებოდათ კანონებით სარგებლობა.
ძეგლის შედგენის დროს საქართველო პოლიტიკურად დანაწილებული იყო სამეფო-სამთავროებად; დასტურლამალი განკუთვნილი იყო ქართლის სამეფოსათვის, რომელიც ამ პერიოდში ირანთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო (ძეგლში ირანის შაჰი „ხელმწიფედ“ იხსენიება, ქართლის მეფე კი „ბატონად“). დასტურლამალის შედგენით ქართლის მეფე ცდილობდა თავისი ხელისუფლების განმტკიცებას - ერთიანი სამართლეებრივი პოლიტიკის გატარებას და ფეოდალთა თვითნებობის ალაგმვას.
დასტურლამალში აღწერილია სასახლეში მიღებისა და ნადიმობის წესები. მოპატიჟების წესი და მაგიდასთან ადგილი მტკიცედ იყო განსაზღვრული მოპატიჟებულის მდგომარეობით ფეოდალურ იერარქიაში. სასახლის მთავარი განმკარგულებელი იყო სახლთუხუცესი, რომელსაც მოხელეთა მთელი შტატი ექვემდებარებოდა. ნადიმობას საქმიანი მხარეც ახლდა, ამიტომ მას მდივანიც უნდა დასწრებოდა: „ან წიგნის დაწერა ითქმის, ან სამართალი რამ ჩამოვარდების, ეგების ბატონმა ბრძანოს რამე“ (§ 21).
ძეგლში დახასიათებული არიან მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი აპარატის მოხელეები. დასტურლამალის მიხედვით, ცენტრალური მმართველობა შემდეგი სახით წარმოგვიდგება: სამეურნეო-ადმინისტრაციული (სახლთუხუცესი, ნაზირები, მოლარეები და სხვა), საპოლიციო (ეშიკაღასბაში, ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, იასაული და სხვა), სასამართლო (მდივანბეგი, მდივანი, სასამართლოს იასაული და სხვა), სამდივნო (მდივნები, მორდალი, მწერალი და სხვა), სამონადირეო (მონადირეთუხუცესი, ბაზიერთუხუცესი, ბაზიერი და სხვა), სამეჯინიბედ (მეჯინიბეთუხუცესი, მეჯინიბეები, ზინდრები ანუ ცხენის შეკაზმველები და სხვა), მეფის დაცვა (ყულარაღასი, ყორჩიბაში, უზბაშები და სხვა). ადგილობრივი მოხელეობის ფუნქციები ჰქონდათ სარდლებს, არაგვისა და ქსნის ერისთავებს, საერთოდ ფეოდალებს, მოურავებს,ნაცვლებსა და მამასახლისებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხევისთავის სახელო, რომელიც შემოღბული იყო საკუთრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით. ხევისთავი წელიწადში ერთხელ ჩამოივლიდა მისდამი რწმუნებულ სოფლებს ქურდების გამოსავლენად.
ქალაქის მმართველობის სათავეში იდგა მოურავი, რომელსაც ჰქონდა ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციები. მას ჰყავდა მოადგილე - მოურავის ნაცვალი. ქალაქის მოხელეები იყვნენ აგრეთვე მელიქი და მამასახლისი.
განსაკუთრებით დიდია დასტურლამალის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისათვის. მასში დაწვრილებით არის გათვალისწინებული საგლეხო გადასახადები მეფისა და დედოფლის მამულებში. სამეფო და სადედოფლო გლეხებისათვის ერთიანი გადასახადების დაწესება საკანონმდებლო გზით პროგრესული ნაბიჯი იყო. დასტურლამალი კრძალავდა სამეფო და სადედოფლო სოფლებში მოხელეების თვითნებობას და მაგალითსაც აძლევდა ფეოდალებს გადასახადების დაწესების საქმეში. დასტურლამალში გლეხების გადასახადები შემდეგ სახეებად არის დანაწილებული: სახელმწიფო, სამოხელეო, საფეოდალო, ექსტრაორდინალური ანუ ფეოდალის ოჯახში მომხდარ რაიმე შემთხვევასთაბ (ქორწილი, სიკვდილი და სხვა) დაკავშირებული და საეკლესიო გადასახადები.
დასტურლამალი ერთადერთი ძეგლია, რომელიც შეიცავს ძვირფას ცნობებს ქართლში ჩამოსახლებული თურქული მოდგმის ტომების - ელების ისტორიისა და ეკონომიკური წყობის შესახებ (ელის დებულება); ძეგლში დასახელებულია ქართლის და კახეთის საზღვრები, გათვალისწინებულია ქართლის აღწერის წესები, ცალკე (203-ვ) პარაგრაფია მიძღვნილი მეფის დასაფლავების ცერემონიალისადმი და სხვა.
დასტურლამალი პირველად პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა (1886), შემდეგ ისიდორე დოლიძე (1965) და ივანე სურგულაძემ (1970). 1725 წელს შედგენილი სპარსულიდან დასტურლამალი ინგლისური თარგმანითურთ გამოსცა ვლადიმერ მინორსკიმ (1943). მისი აზრით, ქართული დასტურლამალი შინაარსით სპარსულის იდენტურია. ქართული და სპარსული დასტურლამალები ერთმანეთს შეადარა ვალერიან გაბაშვილმა (1949). მან დაასაბუთა, რომ დასტურლამალი ორიგინალური ქართული სახელმწიფოს სამართლის ძეგლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 396-397.
- მესხია შ., მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისთვის // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 71-81.
- გაბაშვილი ვ., დასტურლამალის 1729 წ. ხელნაწერი // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 83-99.
- ვახტანგ VI, „დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა“ (რედ. პეტრე უმიკაშვილისა) - ტფილისი, 1886