მოხელე — თანამდებობის პირის ზოგადი სახელწოდება ძველ საქართველოში. მოხელე წარმოდგა სიტყვისაგან „ხელი“, რაც ნიშნავდა ძალაუფლებას, თანამდებობად, საკუთრებას, მიწაზე საკუთრების უფლების მაჩვენებელ ნიშანს. მოხელის კომპეტენციას სახელო ეწოდებოდა. ბრძანების გაცემის უფლებით აღჭურვილი მოხელი „ხელისუფლად“ იწოდებოდა, ხელისუფლის ბრძანების აღმსრულებელ მოხელეს კი „საქმის მოქმედი“ ერქვა. არსებობდნენ „დიდნი საქმის მოქმედნი“ და „მცირენი საქმის-მოქმედნი“, სამეფო კარზე მყოფი დიდი თანამდებობის პირები შეადგენდნენ „დარბაზის რიგის“ მოხელეებს. მათ ზოგადად „ვექილ-ვეზირებს“ ეძახდნენ. უმაღლესი თანამდებობები დიდებულებს ეკავათ. ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე მეფის აზნაურები და მსახურები ინიშნებოდნენ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დანიშნულ მოხელეებს „საქვეყნოდ გამრიგე მოხელე“ ეწოდებოდა. ფეოდალურ საქართველოში მოხელეთა მრავალრიცხოვანი განვითარებული აპარატი არსებობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13;
  • ჯავახიშვილი ივ. ქართული სამართლის ისტორია წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ. 1928;