გიგა ნორაკიძე
ანატოლი (გიგა) ნორაკიძე (დ. 30 მარტი, 1930, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ — გ. 27 თებერვალი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგით მეორე მწვრთნელი. იცავდა ოჩამჩირის „დინამოს“, სოხუმის „დინამოს“, თბილისის „სპარტაკის“, ოდო-სა და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 30 მატჩი (8 გოლი). სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ იყო ცხაკაიას „განთიადის“, ქუთაისის „ტორპედოს“, ტყიბულის „მეშახტის“, გორის „დილას“, მახარაძის „მერცხალის“, სოხუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, სოხუმის „ცხუმის“, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ანცის“ მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1957).[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანატოლი ლევანის ძე ნორაკიძე | ||
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1930 | ||
დაბადების ადგილი |
ოჩამჩირე, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 1995 (64 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1948–1949 | დინამო ოჩამჩირე | ||
1950 | დინამო სოხუმი | ||
1951 | სპარტაკი თბილისი | 25 | (8) |
1952–1953 | ოდო თბილისი | 16 | (4) |
1953 | სპარტაკი თბილისი | 12 | (2) |
1954–1957 | ოდო თბილისი | ||
1958 | დინამო თბილისი | 5 | (0) |
1959 | სკვო თბილისი | 22 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961 | განთიადი ცხაკაია | ||
1963–1965 | ტორპედო ქუთაისი (ასისტენტი) | ||
1966–1968 | ტორპედო ქუთაისი | ||
1969 | მეშახტე ტყიბული | ||
1970 | დილა გორი | ||
1971–1972 | მერცხალი მახარაძე | ||
1973–1977 | ტორპედო ქუთაისი | ||
1977–1978 | დინამო სოხუმი | ||
1979 | ტორპედო ქუთაისი | ||
1981–1982 | ლოკომოტივი სამტრედია | ||
1983 | ლოკომოტივი სამტრედია | ||
1983–1984 | ტორპედო ქუთაისი | ||
1987–1989 | დინამო სოხუმი | ||
1989–1991 | ცხუმი სოხუმი | ||
1991–1992 | საქართველო | ||
1992–1993 | ტორპედო ქუთაისი | ||
1994 | ანცი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანატოლი ლევანის ძე ნორაკიძე დაიბადა 1930 წლის 30 მარტს ოჩამჩირეში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1945 წელს ოჩამჩირის მოზარდთა გუნდში. შემდეგ 1948–1949 წლებში ადგილობრივ „დინამოში“ თამაშობდა, სადაც მწვრთნელთა ყურადღება თავიდანვე მიიქცია. 1950 წელს ის სოხუმის „დინამოში“ გადავიდა, სულ მალე კი საქართველოს იმ პერიოდის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში „სპარტაკში“ იწვევენ[2] და იქ 1951–1953 წლებში წარმატებით ასპარეზობს. შემდეგ ამიერკავკასიის ოფიცერთა სახლის გუნდის (ტოდო) ღირსებას იცავდა, საიდანაც მალე საქართველოს წამყვანმა გუნდმა თბილისის „დინამომ“ მიიწვია. 1959 წლის ჩათვლით იგი აქაც მაღალი ოსტატობითა და მონდომებით გამოირჩეოდა. 1960 წელს გიგა საქართველოს მეორე გუნდში — ქუთაისის „ტორპედოში“ გადადის.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გულბათ ტორაძე თავის წიგნში „ქართული ფეხბურთი“ იგონებს მატჩებს სადაც გიგა ნორაკიძემ 1951 წლის საკავშირო პირველობაზე თბილისის „სპარტაკის“ შემადგენლობაში[3] განსაკუთრებით გამოიჩინა თავი:
მომდევნო წლებში ნორაკიძე ქუთაისის „ტორპედოს“ წამყვანი მოთამაშე იყო. გუნდმა ა კლასში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მოსკოველმა ფეხბურთის მამებმა გუნდი, უბრალოდ დაშალეს. ეს მოხდა 1960 წელს და გიგა ნორაკიძის, როგორც ფეხბურთელის კარიერაც, ამით დასრულდა. ნორაკიძე გამოირჩეოდა ნოვატორული თვისებებით და დაჯილდოებული იყო იშვიათი ორგანიზატორული და გამორჩეული პასის ნიჭით.
1961 წლიდან ნორაკიძე მწვრთნელად იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა ტყიბულის „მეშახტეს“, მახარაძის „მერცხალს“, სამტრედიის „ლოკომოტივს“, გორის „დილას“, თუმცა კარიერის ძირითადი ნაწილი ქუთაისის „ტორპედოს“ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. 1966–1989 წლებში მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საკავშირო ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო მატჩებში.
მან ქუთაისის „ტორპედოში“ ფეხბურთის მრავალი დიდოსტატი აღზარდა, მათ შორის რევაზ ძოძუაშვილი, გივი და ლევან ნოდიები, ზორბეგ ებრალიძე, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, რომლებიც შემდგომში წარმატებით იცავდნენ თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას.
სამწვრთნელო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში დიდი წარმატებებისთვის ანატოლი ნორაკიძეს 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
80-იანი წლების ბოლოს გიგა ნორაკიძე სოხუმის „დინამოს“, შემდგომში „ცხუმად“ წოდებულს ჩაუდგა სათავეში. სადაც იგი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდა მშობლიური კუთხის გუნდის წარმატებისთვის
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გიგა ნორაკიძე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაინიშნა, რომელსაც 1992 წლამდე იკავებდა.
გარდაიცვალა 1995 წლის 27 თებერვალს, 64 წლის ასაკში.
ფაქტები
რედაქტირება1976 წლის ივნისში დაჯილდოვდა მედლით „შრომითი წარჩინებისთვის“.[4]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გიგა ნორაკიძე საქართველოს XX საუკუნის მესამე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[5][6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1997.
- Савин, С.А. Первенство СССР по футболу 1951 год. — М.: "Физкультура и спорт", 1951.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ტორაძე, გულბათ (1987). ქართული ფეხბურთის დიდოსტატები. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიგა ნორაკიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიგა ნორაკიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიგა ნორაკიძე — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
- ანატოლი (გიგა) ნორაკიძე — ქართული სპორტი
- ანატოლი (გიგა) ნორაკიძე — საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ანატოლი (გიგა) ნორაკიძე — ქართული პრესის ელექტრონული არქივი
- FootballFacts.ru · Спортивный некрополь
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Норакидзе Анатолий Леванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 2022-10-14.
- ↑ Савин, С.А., 1951, გვ. 24
- ↑ ტორაძე, გ., 1997, გვ. 89
- ↑ დაჯილდოება // „სარბიელი“, 6 ივნისი, 1976, № 110 (5660), გვ. 1.
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-04-11.
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.