სარბიელი

ქართული სპორტული გაზეთი

„სარბიელი“ — ქართული სპორტული გაზეთი, გამოდიოდა 1990–2009 წლებში. პირველმა ნომერმა დღის შუქი 1990 წლის 28 დეკემბერს იხილა. ის საქართველოს მენეჯერთა კავშირმა გამოსცა. გაზეთი 40 კაპიკი ღირდა. პირველ გვერდზე მკითხველისადმი მისასალმებელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღინიშნა, რომ რედაქციის მუშაობაში მთავარი დასაყრდენი იყო ქართული სპორტი: „შეუდარებლად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა მკითხველისა და, ცხადია, ქართული სპორტის წინაშე, რომლის ერთ-ერთი თანამდგომი, იმედი გვაქვს, ჩვენც ვიქნებით. ამ დიდი პასუხისმგებლობის სრული შეგნებით ვთავაზობთ ქართველ მკითხველს ახალ გაზეთს და ვიმედოვნებთ, რომ „სარბიელი“ ინფორმაციისა და პერიოდული გამოცემის ამ სიმრავლეშიც იპოვის თავის ადგილს“[1]. რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთმა 20 თვიანი იძულებითი ტაიმ-აუტი აიღო, ხელმეორედ გამოსვლა კი 1993 წლის 3 აგვისტოს განაახლა.

სარბიელი

ქართული სპორტული გაზეთი
ტიპი: სპორტული გაზეთი
ფორმატი: დიდი ფორმატი
მფლობელ(ებ)ი: დამფუძნებელი შპს საგამომცემლო ფირმა „მარდი“
გამომცემელი: საქართველოს მენეჯერთა კავშირი,
ზურაბ ფოცხვერია
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: ზურაბ ფოცხვერია,
ზურაბ მეძველია,
გიორგი დარჯანია
ფოტო რედაქტორი: გურამ დოლენჯაშვილი,
ბადრი კეთილაძე,
ავთანდილ გურასაშვილი
დაარსდა: 28 დეკემბერი, 1990; 33 წლის წინ (1990-12-28)
ენა: ქართული
შეწყვიტა გამოცემა: 22 ივნისი, 2009; 15 წლის წინ (2009-06-22)
საიტი: sarbieli.com

1993 წლიდან მოყოლებული „სარბიელი“ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ატარებდა გამოკითხვას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საფეხბურთო პრიზის (ბრინჯაოში გამოძერწილი ფეხბურთელი) ლაურეატთა ჩამონათვალი ასეთია : გიორგი ქინქლაძე (1992–1993), აკაკი დევაძე (1993–1994), შოთა არველაძე (1994–1995) , გიორგი ქინქლაძე (1995–1996), თემურ ქეცბაია (1996–1997), შოთა არველაძე (1997–1998), ზაზა ჯანაშია (1998–1999), ლევან კობიაშვილი (1999–2000).

„სარბიელის“ გამოკითხვით სამჯერ გამოვლინდა საქართველოს საუკეთესო კალათბურთელიც. 1993–1994 სეზონის შედეგად ეს პატივი ნიკოლოზ დერიუგინს ხვდა წილად, 1994–1995 წლებში ვახტანგ ნაცვლიშვილს, 1995–1996 წლებში კი გელა დარსაძეს.

1995 წლიდან რაგბიში თამაშდებოდა „სარბიელის“ სინი, ნებისმიერი მსურველი საქართველოს ჩემპიონატის მატჩში სთავაზობდა მფლობელს სინზე თამაშს და მოგების შემთხვევაში მას ეპატრონებოდა.

გაზეთი 1993–1994 წლებში გამართული საქართველოს ხელბურთელთა მეოთხე ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იყო, ბოლო წლებში კი უზრუნველყოფდა ევროტურნირებისა თუ სანაკრებო მატჩების საინფორმაციო მხარდაჭერას.

1996 წლის ატლანტის და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშებისას თუ მათთვის მზადებისას „სარბიელი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ–ერთი ოფიციალური პარტნიორი იყო. გაზეთი ასევე საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თუ გამოცემების ექსკლუზიური პარტნიორი იყო. ფრანს ფუტბოლი „სარბიელს“ 1994 წლიდან ეკითხებოდა აზრს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე.[2]

1996 წლიდან „სარბიელი“ თანამშრომლობდა ევროპის ძიუდოს კავშირთან წლის საუკეთესო ძიუდოისტი ქალის და ვაჟის გამოსავლენ რეფერენდუმში. გაზეთი ასევე მონაწილეობდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (იააფ) მიერ მოწყობილ გამოკითხვაში, რომელიც წლის საუკეთესო მძლეოსან ქალ–ვაჟს ავლენდა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ „სარბიელი“ საქართველოს მოსახლეობასთან შუამავლად აირჩია. ფიბა აწყობდა ევროპის ვარსკვლავთა მატჩს, ევროსტარზს, რომლის მონაწილეებსაც საყოველთაო–სახალხო გამოკიხვის შედეგების მიხედვით ასახელებდა.

„სარბიელი“ იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორი, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენების, გუნდების, მწვრთნელების და სპორტული მოღვაწეების გამოსავლენი რეფერენდუმი ჩაატარა[3].

1998 წლიდან „სარბიელი“ მონაწილეობდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ გამოკითხვაში წლის საუკეთესო ქალი და კაცი მძლეოსნის გამოსავლენად.

1999 წლის 2 მარტიდან გაზეთის ფასი 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა და მკითხველისთვის ერთგვარი კომპენსაციის მიზნით თექვსმეთგვერდიანი გახდა, თუმცა ფასი რამდენიმე თვეში კვლავ 50 თეთრი გახდა, გვერდების რაოდენობა კი არ შემცირებულა.

2000 წლის ბოლოსათვის „სარბიელს“ რეპორტაჟები განხორციელებული ჰქონდა 4 კონტინენტის 45 ქვეყნის 110 ქალაქიდან.[4]

2000–2002 წლებში გამოდიოდა ჟურნალი „სარბიელი“.

2016 წლიდან სარბიელი ფიფას პარტნიორია ყოველწლიურ გამოკითხვაში საუკეთესოთა გამოსავლენად.

2017 წლიდან „სარბიელმა“ ინტერნეტში გადაინაცვლა.

ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება

2001 წელს „სარბიელმა“ წლის საუკეთესო სპორტული გამოცემის პრიზი — „ოქროს კალამი“ მიიღო. საუკეთესი სპორტულ ჟურნალისტად სარბიელელი მერაბ რატიშვილი დაასახელეს, საუკეთესო ფოტორეპორტაჟის ავტორად კი ავთანდილ გურასაშვილი აღიარეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ელექტრონული ვერსიები
1990–1999 · 2000–2024
  1. სარბიელი, № 1, 1990 წ., გვ.1
  2. სარბიელი, N251 (1273), 2000 წ., გვ. 7
  3. სარბიელი, N251 (1273), 2000 წ., გვ.6
  4. სარბიელი, N251 (1273), 2000 წ., გვ.8