ბებრისციხის ნამოსახლარი
ბებრისციხის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 400-500 მეტრზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. 1986-87 წლებში გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (რაზმის ხელმძღვანელი ივ. წიკლაური). გათხრილია გალავნით შემოზღუდული სამი საცხოვრებელი და ერთი სამეურნეო სათავსი. სათავსები გეგმით ოთხკუთხაა, განლაგებულია ტერასულად. მათი შემორჩენილი კედლები ნაგებია კლდის კარგად დამუშავებული ქვით (დუღაბზე). გამოვლინდა კერები, ხარო, საწნახელი, ქვევრი და ბინური გადახურვის საყრდენი ბოძების ქვის ბალიშები. სათავსებში იატაკი მიწატკეპნილია, ხოლო ერთგან მოგებულია ფილები. ნამოსახლარის სამხრეთით დგას კლდის დამუშავებული ქვით ნაგები სწორკუთხა კოშკი. შემორჩენილია მისი მხოლოდ ერთი სართული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის პირდაპირ, აღმოსავლეთ კედელში, ხუთი ნიშია, ჩრდილო კედელში - ერთი. სამხრეთ კედელთან ქვის საფეხურია. ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთით, 9 მეტრზე, დგას კედელი (სიგრძე 3,9 მეტრი, სისქე 1,15 მეტრი, სიმაღლე 8 მეტრი), რომელშიც, სხვადასხვა დონეზე, ძელების საყრდენი ორ-ორი ბუდეა შემორჩენილი. კედლის ზედა ნაწილში ვიწრო ღიობია. გათხრებისას აღმოჩნდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლისა და ხელსაფქვავის ნატეხები, თიხის კვირისტავი. ქვის ორი სალესი, რომლებიც ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომიძე ც., წიკლაური ივ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 339-340.