ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ბაღდადის ალყა (1638)
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი

მურად IVბაღდადის დამპყრობელი
თარიღი 1638 წლის 15 ნოემბერი25 დეკემბერი
მდებარეობა ბაღდადი, ერაყი
შედეგი

ოსმალთა გამარჯვება

ტერიტორიული
ცვლილებები
ოსმალები იბრუნებენ ბაღდადს
მხარეები
სეფიანთა ირანი ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ბექთაშ-ხან გურჯი მურად IV

თაიარ მეჰმედ-ფაშა

ძალები
40000 ქვეითი[1]

211 გამაგრებული ქალაქის კოშკი 100 ქვემეხი

35000 ქვეითი

75000 კავალერია 200 ქვემეხი 8000 მაღაროელი და მეფურნე[1] 24000 სამხედრო მუშა[1]

დანაკარგები
დიდი დიდი[2]

ბაღდადის ალყა (თურქ. Bağdat Seferi; სპარს. سقوط بغداد) 一 ოსმალეთის იმპერიის რიგით მეორე ცდა, ჩაეგდოთ ხელში ქალაქი ბაღდადი, რომელიც, აგრეთვე, ერთიანდებოდა ირან-ორმალეთის 1623-1639 წლების ომში.

ბაღდადი, ოდესღაც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი, წარმოადგენდა შუა საუკუნეების ისლამური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ქალაქს. შუა საუკუნეების მეორე ნახევარში არსებული მრავალი იმპერია, მათ შორის თურქ-სელჩუკები, ყარა-ყოიუნლუ, აყ-ყოიუნლუ, ცდილობდნენ, კონტროლი მოეპოვებინათ ამ საკმაოდ პრესტიჟულ ქალაქზე.

1508 წლიდან 1534 წლამდე იგი სეფიანთა დინასტიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, კერძოდ იმ დროიდან მოყოლებული, როცა რიგითი ტომის ბელადმა, ისმაილმა, ახლო აღმოსავლეთში დაპყრობითი ომების წარმოება დაიწყო. 1534 წელს, სულეიმან ბრწყინვალემ შეძლო ქალაქის აღება ირან-ოსმალეთის 1514-1555 წლებში მიმდინარე ომის დროს, რაც ამასიის ზავმაც დაადასტურა. თუმცა, 90 წლის შემდეგ, სპარსელებმა შაჰ აბას I-ის სარდლობით, მისი დაბრუნება მოახერხეს.

1624 წელს განხორციელდა მცირე კამპანია რამდენიმე ოსმალი მხედართმთავრის მეთაურობით, რომელთა ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. 1638 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანმა, მურად IV-მ განიზრახა ქალაქის დაბრუნება. ოსმალური ტრადიციის თანახმად, ქალაქი ბაღდადი თავად სულთნის თანხლებით უნდა აღებულიყო. გამომდინარე მურადის მებრძოლი აღნაგობისა და მრავალი წარმატებისა, მათ შორის აჯანყებული დრუზების დამარცხებისა და ერევნის აღებისა, მის მიზანს უკვე სწორედ ბაღდადის დამორჩილება წარმოადგენდა.

ომის შემსწრე ზარაინ აღას ცნობით, ოსმალურ არმიაში მობილიზებული იყო ზუსტად 108589 ჯარისკაცი, რომელიც შედგებოდა 35000 ქვეითისგან და 73589 კავალერიისგან.[3]

კონსტანტინოპოლსა და ბაღდადს შორის მანძილი სულ რაღაც 1600 კილომეტრია. ავსტრიელი ისტორიკოსის, იოზეფ ფონ ჰამერის ცნობით, ოსმალეთის არმიამ ეს მანძილი 197 დღეში დაფარა, მათ შორის კი გამოიცვალა 110 სადგური. ალყა დაიწყო 1638 წლის 15 ნოემბერს. სეფიანებმა ქალაქის გარნიზონების ზომა დაახლოებით 4-5-ჯერ გაზარდეს. იგი შეიცავდა ოთხ ძირითად კარიბჭეს. ოსმალთა მხლებელმა რიგითმა დამკვირვებელმა, ზიაედინ იბრაჰიმ ნურიმ ქალაქის სიმაგრეები ასე აღწერა: ქალაქის კედელი 25 მ სიმაღლის იყო და 10-დან 7 მეტერამდე სიგანის, რომელიც გამაგრებული იყო თიხით მძიმე არტილერიისგან წამოსული ბომბებისგან დასაცავად. [1] ქალაქის კედლებზე ჯამში 114 საბრძოლო კოშკი იყო განთავსებული, საიდანაც 94 ჩრდილოეთ და სამხრეთ კარიბჭეებს შორის გადიოდა, მდინარე ტიგროსის პარალელურად. [1] სეფიანთა სარდალმა, ბექთაშ გურჯიმ ჩაატარა საფორტიფიკაციო ნაგებობათა ვრცელი რეკონსტრუქცია. პირველ ორ კარიბჭესთან ორი ფაშა განლაგდა. დიდმა ვეზირმა, თაიარ მეჰმედ-ფაშამ შენიშნა, რომ პირველი ორი კარიბჭე საკმაოდ ძლიერად იყო გამაგრებული, ამიტომ მან შეტევის განხორციელება მესამე ფლანგზე ისურვა. ალყის დროს სეფიანთა ჯარისკაცებმა თითქმის 6000 ოსმალი ჯარისკაცი გაწყვიტეს, რასაც ამ უკანასკნელთა დროული რეაგირება და უკან დახევა მოჰყვა. მსგავსი ტიპის თავდასხმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა თურქების მსხვერპლი. ალყა თითქმის 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეტევის ბოლოს, მურადმა ყველა ფაშას ერთიანი შტურმისკენ მოუწოდა, მსგავსმა ტაქტიკამ გაამართლა და, შედეგად, ბაღდადი 1638 წლის 25 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიას ჩაჰბარდა. მიუხედავად გამარჯვებისა, საბოლოო შეტაკებას დიდი ვეზირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის დაცემის შემდეგ სპარსთა უდიდესმა ნაწილმა თავს აღმოსავლეთისკენ გაქცევით უშველა, მეორე ნაწილმა კარალნიკის კარიბჭესთან საომარი მოქმედების გახსნა ისურვა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქალაქის ოფიციალურად დაცემის შემდეგ წამოწყებულ შეტაკებას არანაკლებ დიდი მსხვერპლი მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ახალმა დიდმა ვეზირმა, ქემანქეშ მუსტაფა-ფაშამ და სეფიანთა წარმომადგენელმა, სარუჰანმა, დაიწყეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მსჯელობა და, საბოლოოდ, 1639 წლის 17 მაისს ხელი მოეწერა ზუჰაბის ხელშეკრულებას. დაზავების შემდეგ კვლავ არაერთი საბრძოლო ოპერაცია განხორციელებულა ამ ორ გიგანტ სახელმწიფოს შორის, თუმცა, ამ უკანასკნელთა შედეგად მიღებული ხელშეკრულებები მხოლოდ ზუჰაბის ზავის რატიფიკაციას წარმოადგენდა.[4]

ბაღდადის კამპანიის დროს ოსმალეთმა დაკარგა ორი დიდი ვეზირი 一 ბაირამ-ფაშა, რომელიც ბაღდადისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, და თაიარ მეჰმედ-ფაშა, რომელიც უშუალოდ შეტაკებას ემსხვერპლა. შედეგად, ეს უკანასკნელი იქცა რიგით მესამე დიდ ვეზირად, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა (პირველი იყო ჰადიმ ალი-ფაშა, 1511 წელს, ხოლო მეორე 一 ჰადიმ სინან-ფაშა, 1517 წელს).

გამარჯვების შემდეგ, სულთან მურადმა თოფქაფის სასახლეში ორი დიდი კარავი გააშენა, ერთი ერევანში წარმოებული წარმატებული კამპანიისთვის, ხოლო მეორე 一 ბაღდადის დაპყრობისთვის. გარდა ამისა, სწორედ ამ შეტაკების შედეგად დაერქვა სულთანს ზედმეტსახელი 一 ბაღდადის დამპყრობელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Kia, Mehrdad (2017) The Ottoman Empire: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO. ISBN 978-1610693899. 
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Mikaberidze, Alexander (2011). Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 177. ISBN 9781598843378. 
  2. Kia 2017, p. 131.
  3. Ottoman Warfare 1500-1700, Rhoads Murphey, 1999, p.36
  4. Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt III, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 81-82