აჰმედ ჯემალ-ფაშა
აჰმედ ჯემალ-ფაშა (ოსმ. احمد جمال, თურქ. Ahmet Cemal Paşa; დ. 6 მაისი, 1872, მიტილინი, კ. ლესბოსი, ოსმალეთის იმპერია — გ. 21 ივლისი, 1922, თბილისი, საქართველოს სსრ) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სირიის სრულუფლებიანი სამხედრო და სამოქლაქო ადმინისტრატორი (1915-1917 წწ.); ახალგაზრდა თურქების მოძრაობის ცნობილი წევრი. სამხედრო დამნაშავე[1], მონაწილეობდა სომხებისა და არაბების გენოციდში. ისლამურ სამყაროში მოიხსენიებდნენ როგორც „ისლამის ლომს“.
ბიოგრაფია
რედაქტირებააჰმედ ჯემალი დაიბადა 1872 წლის 6 მაისს კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილენში (ამჟამად საბერძნეთი), სამხედრო ფარმაცევტის მეჰმედ ნესიფ-ბეის ოჯახში. 1890 წელს დაასრულა კლელის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, 1893 წელს კი სტამბოლის სამხედრო აკადემია. თავდაპირველად მსახურობდა სამხედრო სამინისტროს პირველ დეპატამენტში. 1896 წელს ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსში. ორი წლის შემდეგ იგი სალონიკის დივიზიის შტაბის უფროსია.
ამ პერიოდში იგი ხდება საიდუმლო ორგანიზაციის „ერთიანობა და პროგრესის“ წევრი. 1905 წელს ჯემალ-ფაშა ხდება მაიორი და ინიშნება რუმელიის რკინიგზის ინსპექტორად.
1911 წელს დაინიშნა ბაღდადის ინსპექტორად. მაგრამ მალევე გადადგა, რათა მონაწილეობა მიეღო ბალკანეთის ომებში. 1912 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. პირველი ბალკანური ომის შემდეგ მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების საქმეში, რომელსაც აწარმოებდნენ ახალგაზრდა თურქები. აჰმედ ჯემალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბალკანეთის მეორე ომშიც და 1913 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ იგი სტამბოლის გარნიზონის ხელმძღვანელია და დანიშნეს საზოგადოებრივი შრომის მინისტრად. 1914 წლიდან საზღვაო ფლოტის მინისტრია.
პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ევროპა ორ ბანაკად გაიყო, სხვა ახალგაზრდა თურქებისაგან განსხვავებით აჰმედ ჯემალი საფრანგეთთან კავშირის მომხრე იყო. იგი გაემგზავრა კიდეც საფრანგეთში მოსალაპარაკებლად, მაგრამ მისი ეს ვიზიტი წარუმატებლად დასრულდა და შეუერთდა პროგერმანულ ლიდერებს ენვერ-ფაშას და თალაათ-ფაშას. აღნიშნულ ორ პიროვნებასთან ერთად 1913 წელს აიღო კონტროლი ოსმალეთის იმპერიის მთავრობაზე, დამყარდა „სამი ფაშის რეჟიმი“, რომელიც ქვეყანაში გაგრძელდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ჯემალ-ფაშა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მხარეზე ოსმალეთის იმპერიის ჩართვის შემდეგ ენვერ-ფაშამ ჯემალ-ფაშა ინგლისელების წინააღმდეგ ეგვიპტეში მებრძოლი არმიის მთავარსარდლად დანიშნა. 1915 წლის მაისში ჯემალ-ფაშა სირიის სრულუფლებიანი სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრატორია.
1918 წელს პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხებისა და თალაათ-ფაშას კაბინეტის გადადგომის შემდეგ გაიქცა საზღვარგარეთ, ჯერ გერმანიაში, შემდეგ შვეიცარიაში. საგანგებო საველე სასამართლომ, რომელიც გაიმართა 1919 წელს კონსტანტინოპოლში, თალაათ-ფაშას დაუსწრებლად მიუსაჯა სასიკვდილო განაჩენი ოსმალეთის იმპერიაში სომხური და არაბი მოსახლეობის განადგურებისათვის.
ჯემალ-ფაშა გაემგზავრა ავღანეთში, სადაც სამხედრო მრჩეველის ხარისხში მონაწილეობდა არმიის მოდერნიზაციაში. ავღანეთში ჯემალ-ფაშას მისია იყო დახმარებოდა საბჭოთა რუსეთს ანტიბრიტანული მოძრაობის დაწყებაში. ბოლშევიკების მიზანი იყო რეგიონში ბრიტანეთის საწინააღმდეგო შეარაღებული გამოსვლების ინიციირება, შემდგომში ინდოეთის გასაბჭოების მიზნით. ჯემალა-ფაშამ შეასრულა საკუთარი სამუშაო და ითხოვდა რუსეთისაგან იარაღს, ფულსა და სხვა დახმარებას, თუმცა რუსეთი იმ დროისთვის ჩართული აღმოჩნდა ომებში კავკასიაში და პოლონეთთან, ამიტომ იძულებული გახდა ამ პროექტზე უარი ეთქვა. ჯემალ-ფაშა 1921 წელს ჩავიდა მოსკოვში ლენინთან შესახვედრად, თუმცა ლენინი მას არ შეხვდა. ამის შემდეგ ჯემალ-ფაშა გაემგზავრა გერმანიაში და კვლავ დაბრუნდა მოსკოვში. მან ბოლშევიკ ლიდერებს გააცნო გეგმები, რომ აპირებდა ანატოლიაში ჩასვლას და მუტაფა ქემალთან ურთიერთობების დამყარებას. ეს არ შედიოდა ბოლშევიკების ინტერესებში. ანატოლიისკენ გზაზე ჯემალ-ფაშა შეჩერდა თბილისში, სადაც 1922 წლის 21 ივლისს სომეხმა პატრიოტებმა სტეპან ძაგიანმა და ბედროს ბოიოსიანმა ოპერაცია ნემესისის ფარგლებში მოკლეს, სომეხთა გენოციდში მონაწილეობის გამო. მკვლელობა ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის ჩეკას შენობის წინ მოხდა. სხვა ვერსიის მიხედვით ჯემალ-ფაშა მოკლა საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტებმა, ხოლო კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით მკვლელობა ბრიტანულმა დაზვერვამ ჩაიდინა.[2]
კომუნისტური პარტიის ბიურომ ჯემალ-ფაშას ოჯახს 5 ათასი ოქროს ოდენობის დახმარება გამოუყო. ცხედარი პომპეზურობით გადაასვენეს ერზრუმში და იქვე დაასაფლავეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Вердикт («Kararname») турецкого военного трибунала, 1919 Published in the Official Gazette of Turkey (Takvimi Vekayi), no. 3604 (supplement), July 22, 1919. The transcript was translated into English by Haigazn K. Kazarian and published in the Armenian Review, Vol 24 (1971, 4), pp. 19-26.
- ↑ *ჩაჩხიანი, არჩილ, „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)“ გვ. 331 — საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-7497-4