მეჰმედ თალაათ-ფაშა (თურქ. Mehmed Talat Paşa, დ. 1 სექტემბერი, 1874, კირჯალი, ოსმალეთის იმპერია — გ. 15 მარტი, 1921, ბერლინი, ვაიმარის რესპუბლიკა) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი (1913–1917), დიდი ვეზირი (1917–1918). სომეხთა მასობრივი დეპორტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ახალგაზრდა თურქების ერთიანობისა და პროგრესის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

თალაათ-ფაშა
Mehmed Talat Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 4 თებერვალი, 1917
მმართ. დასასრული: 9 ოქტომბერი, 1918
წინამორბედი: საიდ ჰალიმ-ფაშა
მემკვიდრე: აჰმედ იზეთ-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1874
დაბ. ადგილი: კირჯალი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 15 მარტი, 1921
გარდ. ადგილი: ბერლინი, ვაიმარის რესპუბლიკა
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თალაათ-ფაშა დაიბადა 1874 წლის 1 სექტემბერს ედირნეს მახლობლად, დღევანდელი ბულგარეთის ქალაქ კირჯალში, გამომძიებლის ოჯახში. წარმოშობით პომაკია[1][2]. პოლიტიკური ოპონენტები ზოგჯერ „ბოშა თალაათს“ უწოდებდნენ[3]. დაამთავრა ედირნეს უმაღლესი სკოლა. მუშაობა დაიწყო ტელეგრაფის კონტროლიორად. ამის შემდეგ იგი შეუერთდა აბდულჰამიდის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდა თურქების მოძრაობას. 1893 წელს დაკავეს დიდი პოლიტიკური აქტიურობის გამო. ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გაუშვეს სალონიკში, სადაც სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა თურქების ადგილობრივ განყოფილებას. 1898–1908 წლებში მუშაობდა სალონიკში ფოსტალიონად.

ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მეჯლისის დეპუტატად. 1909 წელს სტამბოლში დააარსა მასონური ლოჟა და ორი წლის განმავლობაში ეკავა დიდი მაგისტრის პოსტი. 1909–1912 წლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრია. 1911 წელს ხდება ერთიანობისა და პროგრესის პარტიის წევრი. 1912 წელს ეკავა ფოსტისა და ტელგრაფის მინისტრის თანამდებობა, ხოლო ბალკანეთის ომების დროს (1912–1913) მსახურობდა არმიაში.

თალაათ-ფაშა 1913 წლის 23 იანვრის გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. რის შემდეგაც მეორედ დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ამავდროულად იყო ახალგაზრდა თურქების პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. თალაათ-ფაშა ახორციელებდა ოსმანიზმის იდეას, ოსმალეთის იმპერიის არათურქი მოსახლეობის ძალადობრივად გათურქებას. იყო პანისლამიზმისა და პანთურქიზმის აქტიური მომხრე. 1914 წელს შევიდა ახალგაზდრა თურქების „ტრიუმვირატში“ (ენვერ-ფაშასა და აჰმედ ჯემალ-ფაშასთან ერთად).

1915 წლის 27 თებერვალს ენვერ-ფაშასაგან მიიღო დაშიფრული დეპეშა, სადაც გაწერილი იყო კონკრეტული ზომები სომხების საბოლოო ლიკვიდაციის შესახებ. თალაათ-ფაშამ და ენვერ-ფაშამ სომხების გენოციდი დაიწყეს ანატოლიის ქალაქ ზეითუნში 1915 წლის 24 აპრილს.

თალაათ-ფაშა თავის მემუარებში, რომლებიც 1946 წელს გამოქვეყნდა, აღიარებდა სომხების იძულებით დეპორტაციასა და განადგურებას, მაგრამ ამის მოტივად აღიარებდა თურქების ეროვნული ინტერესების დაცვას და ამით უნდოდათ თავიდან აეცილებინათ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა რუსეთთან მოსაზღვრე ვილაიეთებში. 1918 წლის 7 ოქტომბერს თალაათ-ფაშამ აღიარა ახალგაზრდა თურქების მარცხი და გადადგა თანამდებობიდან. მოგვიანებით გაიქცა გერმანიაში, სადაც ცხოვრობდა ალი-სალი-ბეის სახელით. საგანგებო საველე სასამართლომ, რომელიც გაიმართა 1919 წელს კონსტანტინოპოლში, თალაათ-ფაშას დაუსწრებლად მიუსაჯა სასიკვდილო განაჩენი „ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის განადგურებისათვის“.

თალაათ-ფაშა დახვრიტა სომეხმა სოგომონ ტელირიანმა ბერლინში, ოპერაცია ნემესისის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სომხეთის გენოციდში დამნაშავეების დასჯას, რომელთა სიაშიც თალაათ-ფაშას ეკავა პირველი ადგილი. ბერლინის სასამართლომ ტელირიანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. თალაათ-ფაშა 1943 წელს გადაასვენეს სტამბოლში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Taner Timur, Türkler ve Ermeniler: 1915 ve Sonrası, İmge Kitabevi, 2001, ISNB 9789755333182, p. 53. (თურქული)
  2. 'The Three Pashas'. Moreorless.au.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2016-11-28.
  3. Andrew Mango. Ataturk: The Biography of the Founder of Modern Turkey. — Overlook Press, 2002. — С. 67. — ISBN 158567334X