აჰმედ იზეთ-ფაშა
აჰმედ იზეთ-ფაშა (თურქ. Ahmed İzzet Paşa, დ. 1864, მონასტირი, ოსმალეთის იმპერია — გ. 31 მარტი, 1937, სტამბოლი, თურქეთი), ასევე ცნობილია როგორც აჰმედ იზეთ ფურგაჩი თურქ. Ahmed İzzet Furgaç) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ვეზირი. ვეზირის თანამდებობა ეკავა 1918 წლის 14 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე.
აჰმედ იზეთ-ფაშა | |
---|---|
Ahmed İzzet Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 ოქტომბერი, 1918 |
მმართ. დასასრული: | 8 ნოემბერი, 1918 |
წინამორბედი: | თალაათ-ფაშა |
მემკვიდრე: | აჰმეთ თევფიქ-ფაშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1864 |
დაბ. ადგილი: | მონასტირი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 31 მარტი, 1937 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, თურქეთი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1864 წელს ქალაქ მონასტირში (ამჟამად ბიტოლა, მაკედონია). 1884 წელს დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, ერთი წლის შემდეგ სამხედრო აკადემია. 1891-1894 წლებში გააგრძელა სამხედრო საქმის შესწავლა გერმანიაში. დაბრუნების შემდეგ მსახურობდა მაკედონიაში, სირიაში და ჰიჯაზში. როგორც ბრიგადის გენერალი 1903-1906 წლებში მონაწილეობდა იემენის აჯანყების ჩახშობაში.
1908 წელს ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ აჰმედ იზეთ-ფაშა დანიშნეს გენერალური შტაბის უფროსად და ამ თანამდებობაზე დარჩა 1914 წლამდე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანელი კონსულტანტების დახმარებით ოსმალეთის არმიის მოდერნიზაციაში. 1911-1912 წლებში კვლავ იემენშია. სტამბოლში დაბრუნდა 1913 წელს, ბალკანეთის პირველი ომის უკანასკნელ დღეს და სათავეში ჩაუდგა არმიას ჩათალჯინის საბრძოლო ხაზზე. 1913 წლის 11 ივნისს მაჰმუდ შევკეთ-ფაშას მკვლელობის შემდეგ მის მაგივრად დანიშნეს სამხედრო მინისტრად. ერთიანობისა და პროგრესის პარტიის თანხმობის გარეშე მან ჩაატარა რეორგანიზაცია, რის გამოც 1914 წლის იანვარში იძულებული გახდა გადამდგარიყო.
მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ომების დასრულებისას ალბანეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა აჰმეთ იზეთ-ფაშა განიხილებოდა ახალი სახელმწიფოს თავადის პოსტზე, მაგრამ დიდი სახელმწიფოების არჩევანი შეჩერდა გერმანელ ვილჰელმ ვიდზე.
აჰმედ იზეთ-ფაშა წინააღმდეგი იყო პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის ჩართვისა, სწორედ ამიტომ 1914-1915 წლებში რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა არ დაუკავებია. მხოლოდ 1916 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტზე მეორე არმიის ხელმძღვანელად, სადაც მან მძიმე დანაკარგები განიცადა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
1918 წელს თალაათ-ფაშას მთავრობის გადადგომის შემდეგ იზმეთ-ფაშა დანიშნეს დიდ ვეზირად. სწორედ ამ პერიოდში თურქეთის არმიამ განიცადა მძიმე მარცხი პალესტინაში, დათმეს დამასკო, კაპიტულაცია გამოაცხადა მისმა მოკავშირე ბულგარეთმა. აშკარა იყო, რომ ომი წააგეს და მის დასრულებამდე დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი. ერთიანობისა და პროგრესის პარტია დაიშალა. 1918 წლის 30 ოქტომბერს დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. 3 ნოემბერს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი ტრიუმვირატი თალაათ-ფაშა, ენვერ-ფაშა და აჰმედ ჯემალ-ფაშა გაიქცნენ ქვეყნიდან. 8 ნოემბერს, 25 დღიანი დიდვეზირობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა აჰმედ იზეთ-ფაშამაც. 25 დღის დიდი ნაწილი მან საწოლში გაატარა ესპანური გრიპის გამო.
1919 წლის 19 მაისს სულთანმა იზეთ-ფაშა სამხედრო მინისტრად დანიშნა. მან ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა ახალი ეფექტიანი არმია.
1921 წელს დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე დარჩა ოსმალეთის იმპერიის დაცემამდე. თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ აჰმედ იზეთ-ფაშა გადადგა. როდესაც ათათურქმა სავალდებულო გახადა გვარების შემოღება, მან მიიღი გვარი „ფურგაჩი“.
გარდაიცვალა 1937 წელს სტამბოლში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ahmet İzzet Paşa (Furgaç) დაარქივებული 2014-08-06 საიტზე Wayback Machine.