კოსმონავტიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ასტრონავტიკა)

კოსმონავტიკა (კოსმოსი და ბერძ. ναυτική [nautikē] — „ზღვაოსნობა“), ასტრონავტიკა (ბერძ. άστρον [astron] — „მნათობი“ და ναυτική) — კოსმოსურ სივრცეში ფრენის ხელოვნება; მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დარგების ერთობლიობა, რომლებიც კოსმოსური საფრენი აპარატების გამოყენებით უზრუნველყოფენ კოსმოსის ათვისებას. კოსმონავტიკა წყვეტს კოსმოსური ფრენის თეორიის (ემყარება ცის მექანიკას და ასტროდინამიკას) სამეცნიერო-ტექნიკური, სამედიცინო-ბიოლოგიური და სხვათა პრობლემებს.

კაცობრიობა ძველთაგანვე ესწრაფოდა კოსმოსში ფრენას, რასაც მოწმობს ძველი ბერძნული მითი მზისაკენ იკაროსის გაფრენის შესახებ. მეცნიერულ-ფანტასტიკური აღწერები და სხვა. კოსმოსში ფრენის შესაძლებლობა XIX საუკუნის ბოლოს დაასაბუთეს კ. ციოლკოვსკიმ (რუსეთი), ჰ. ობერტმა (გერმანია), რ. ენო-პელტრმა (საფრანგეთი) და რ. გოდარტმა (აშშ). ამავე პრობლემას მიეძღვნა ი. მეშჩერსკის, ი. კონდრატიუკისა და ფ. ცანდერის შრომები. XX საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა კოსმონავტიკის პირველი საზოგადოებები და დაიწყო პირველი სამუშაოები: რაკეტული ტექნიკის დარგში სსრკ-ში სამუშაოები დაიწყო 1921 წელს. 1929 წლიდან ვ. გლუშკომ დაიწყო ელექტრული და სითხიანი ძრავების მქონე რაკეტების დამუშავება. 1932 წელს კვლევაში ჩაება რეაქტიული მოძრაობის შემსწავლელი ჯგუფი ს. კოროლიოვის ხელმძღვანელობით. აშშ-ში მცირე ზომის პირველი სითხიანი რაკეტები გაუშვეს 1926 წელს, გერმანიაში კი ჰ. ობერტმა დაიწყო მათი გამოცდა 1929 წელს. II მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა (კონსტრუქტორი ვერნერ ფონ ბრაუნი) შექმნეს ამ ტიპის რეალური რაკეტები, რომელთა ფრენის სიშორე 250-300 კმ აღწევდა. ომის შემდგომ წლებში სხვა ქვეყნებმა შექმნეს კონტინენტთაშორისი რაკეტები. ამ სამუშაოებმა საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკულ კოსმონავტიკას.

კოსმოსური ერა

რედაქტირება
 
დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ-1“

1957 წლის 4 ოქტომბერს სსრკ-დან პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის (დხთ) გაშვებით დაიწყო კოსმოსური ერა. კოსმონავტიკის შემდგომი მნიშვნელოვანი მიღწევები იყო 1959 წლის 14 სექტემბრის ავტომატურ სადგურ „ლუნა-2-ის“ დაშვება მთვარეზე და იმავე წლის 4 ოქტომბრის „ლუნა-3“-ის მიერ მთვარის უკანა მხარის გამოსახულების დედამიწაზე გადმოცემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1961 წლის 12 აპრილს ი. გაგარინის პირველი გაფრენა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე და 1969 წლის 16-24 ივლისს ნ. არმსტრონგის, ე. ოლდრინისა და მ. კოლინზის (აშშ) პირველი ექსპედიცია მთვარეზე. 1977 წლის 20 აგვისტოს და 5 სექტემბერს აშშ-მა გაუშვა „ვოიაჯერის“ სერიის ხომალდები, რომლებმაც 1978-1991 წლებში მიმდევრობით გამოიკვლიეს იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის სისტემები. 1981-2014 წლებში ხორციელდებოდა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების („სპეის შატლი“) ფრენა, ორბიტალური სადგური.

დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებს იყენებენ საკომუნიკაციო, სატელეფონო (მ. შ. სიგნალთა რეტრანსლაციისათვის დედამიწის ზედაპირის ძლიერ დაშორებულ პუნქტებში), ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების, საზღვაო და საავიაციო სანავიგაციო სამსახურებში.

კოსმონავტიკის უახლოესი ამოცანაა მთვარისა და პლანეტების გაძლიერებული შესწავლა და მათზე სამეცნიერო ბაზების მოწყობა. XXI საუკუნეში განზრახულია პილოტირებული ხომალდების გაგზავნა მარსზე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში კოსმოსური ერის დაწყებისთანავე უწყვეტლად მიმდინარეობდა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრსა და სხვა ორბიტულ აპარატებზე პოზიციური დაკვირვებები. ჯერ კიდევ 1971 წელს ასეთ დაკვირვებათა მეთოდური დამუშავებისათვის რ. კილაძე დაჯილდოვდა სსრკ სახელმწიფო პრემიით. 1999 წელს ორბიტულ სადგურ „მირზე“ დაიდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ენერგიის“ მიერ დამუშავებული ექსპერიმენტული აპარატი გალაქტიკის მოკლეტალღიანი გამოსხივების წყაროების რეგისტრაციისათვის (კონსტრუქტორი და ხელმძღვანელი გ. კახიძე). იმავე 1999 წელს დაიდგა სტუ-სა და თბილისის საავიაციო ქარხანაში დამუშავებული ღია კოსმოსში გამოსაყენებელი დიდი ანტენური კონსტრუქცია — რეფლექტორი (კონსტრუქტორი ე. მეძმარიაშვილი).

კოსმოსურ სივრცეში საფრენი აპარატების თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ა. ბეთანელმა, ა. ნადირაძემ და ი. გვერდწითელმა.

ასპექტები

რედაქტირება

ასტრონავტიკა მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება