პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი1999 წლის 16 ივლისს კოსმოსში გაშვებული რეფლექტორი. 1999 წლის 23 ივლისს ორბიტალურ სადგურზე,[1] ღია კოსმოსურ სივრცეში დაიწყო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა, რომელიც წარმატებულად დამთავრდა 1999 წლის 28 ივლისს.[2] ამის შემდეგ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, ჩამოცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა კოსმოსში.[3]

კოსმონავტები აცლიან გარსაცმს პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს და დაკეცილ მდგომარეობაში მას ამაგრებენ კონსტრუქცია „სოფორა“-ზე.

ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება როგორც „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე“.[2]

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია, საქართველოში კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო დარგების ფუძემდებელი ელგუჯა მეძმარიაშვილი.[4]

ტექნიკური პარამეტრები
  • მასა—34 კგ.
  • ზომები სატრანსპორტო პაკეტის მდგომარეობაში:
    • დიამეტრი D -- 0,6მ.
    • პაკეტის სიმაღლე H1—1,2მ.
  • ზომები გაშლილ მდგომარეობაში:
    • ამრეკლის ეკრანის მაქსიმალური გაბარიტი Lმახ—6,4მ.
    • ამრეკლის ეკრანის მინიმალური გაბარიტი Lმინ—5,2მ.
    • რეფლექტორის განივკვეთის მაქსიმალური სიმაღლე H -- 1,1მ.
  • რეფლექტორის გაშლის დრო—11 წუთი.
  • რეფლექტორის ამრეკლი ეკრანის გადახრა
    • საპროექტო მდგომარეობიდან—0,25 სმ.

მოწყობილობა

რედაქტირება
 
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაკეცილ მდგომარეობაში, სატრანსპორტო პაკეტის სახით, გატანილია ღია კოსმოსურ სივრცეში.

რეფლექტორის კონსტრუქციას პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირი აქვს. ქართული შესრულებით იგი შედგება გამშლელი ძალოვანი რგოლისაგან, რომლის ფუნქციებია ელექტროამძრავებით გაშლა, მასთან დაკავშირებულ, წინასწარდაძაბულ ცენტრთან ერთად. ცენტრი შედგენილია მოქნილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი, გაჭიმული, რადიანული განლაგების ფურცლებისაგან - წიბოებისაგან. წინასწარდაძაბულ ფურცლებს თავის სიბრტყეში გააჩნიათ დიდი სიხისტე, ამასთან, ისინი თავისი ზუსტი პროფილით აღწევენ პარაბოლოიდის ზუსტ, დისკრეტლ გეომეტრიას, რომელზეც რეფლექტორის ამრეკლი ეკრანი - მეტალის ტრიკოტაჟის ბადეა დამაგრებული. კოსმოსურ აპარატთან რეფლექტორის ჩამაგრება ხორციელდება ცენტრალური კვანძით, სადაც ასევე მოწყობილია რეფლექტორის გაშლის სინქრონიზატორები. რეფლექტორის ეკრანს გააჩნია ელიფსური მოხაზულობა, რომელიც გამშლელ ძალოვან რგოლთან მიმართებაში ხორციელდება, მასზე სხვადასხვა სიგრძის კონსოლური გადმონაშვერების დამაგრებით, რომლებიც წარმიადგენენ ცენტრალური რადიანული წიბოების გაგრძელებას. რეფლექტორი არის ოფსეტური.

 
რეფლექტორის თავისუფალი მოძრაობა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე წარმატებული გაშვება განაპირობა საქართველო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ კოსმოსური ტექნიკის სამეცნიერო და ტექნიკური სკოლის ჩამოყალიბებამ და განვითარებამ, რომელსაც სამ ათეულ წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

80-იან წლებში აშენდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების სასტენდო კომპლექსი, რომელსაც ანალოგი არ გაჩნია.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, თავდაცვითი თემატიკით, საქართველოში დამუშავდა და შეიქმნა მიწისზედა რაკეტსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური საინჟინრო რადიოტექნიკური კომპლექსები.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში დაპროექტდა 12 მეტრი დიამეტრის მქონე, გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი, გერმანული კომპანია “დაიმლერ ბენც აეროსპეის”-ის შეკვეთით.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში. კოსმოსური ობიექტის წინასაფრენოსნო საქარხნო და სასტენდო გამოცდები ასევე საქართველოში ჩატარდა.

ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსურ ორბიტაზე გაყვანისა და გამოცდის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ახალი თაობის კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორული ანტენების დარგში, პირველ ეტაპზე, ჩატარდა ერთობლივი სამუშაოები იტალიურ კომპანია “ალენია აეროსპაციო”-სთან.

უფრო მოგვიანებით კი, სამუშაოთა კომპლექსი აღნიშნული მიმართულებით დაიწყო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთით და უშუალო მონაწილეობით.

ობიექტის გაშვება ორბიტაზე

რედაქტირება
 
კონსტრუქცია „სოფორა“-ზე მიმაგრებული, გასაშლელად მზად მყოფი რეფლექტორი.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კონსტრუქცია, დაკეცილი კოსმოსური სატრანსპორტო პაკეტის სახით განთავსებულ იქნა კოსმოსურ ხომალდ “პროგრეს – M-42”-ზე, რომელიც კოსმოდრომ “ბაიკანურ”-იდან 1999 წლის 16 ივლისს, “ღამის სტარტით” ორბიტაზე გაიყვანა რაკეტა-მატარებელმა “სოიუზ T.M-22”- მა.

კოსმოსური ხომალდი “პროგრეს – M-42”-ი ორბიტალურ სადგურ “მირ”-ს შეუპირისპირდა 1999 წლის 18 ივლისს და კოსმონავტებთან - სერგეი ავდეევთან, ვიქტორ აფანასიევთან და ჟან-პიერ ენიერესთან, მიიტანა “სასარგებლო ტვირთი” - ქართული რეფლექტორის დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტი და თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტენდო დარბაზში გადაღებული ვიდეოფილმი მისი მონტაჟისა და გაშლის შესახებ. ორბიტალურ სადგურ “მირ”-ზე დაიწყეს რეფლექტორის გამოცდისათვის მომზადება.

ობიექტის გამოცდის სტადიები

რედაქტირება
 
ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის — რეფლექტორის სრულად გახსნის და მისი საშტატო გამოცდების წარმატებით დამთავრება.

23 ივლისს რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ დაიწყო ქართული რეფლექტორის ჯერ დამონტაჟება სპეციალურ კონსტრუქცია “სოფორა”-ზე, რომლის საბაზო ნაწილი 80-იან წლებში საქართველოში დამზადდა, ხოლო შემდეგ მისი გაშლა.

23 ივლისს, გაშლის დროს, მოხდა დაგეგმილი საშტატო ვითარებიდან გადახრა, ანუ არასაშტატო კოსმოსური ვითარების შექმნა. მიზეზი უმნიშვნელო იყო, რთულ პირობებში, ღია კოსმოსურ სივრცეში მყოფმა კოსმონავტებმა, რეფლექტორის ძრავების ელექტროსადენი, ნაცვლად 27 ვოლტის ძაბვის მქონე ბუდისა, ჩართეს გვერდით ბუდეში, სადაც ძაბვა 7 ვოლტი იყო. მიუხედავად ამისა, კონსტრუქციამ, რომელიც მრავალ შესაძლო სიძნელეების გათვალისწინებით და სათანადო პირობებში საიმედო მუშაობის უნარის შენარჩუნების პრინციპებზე იყო დამზადებული, მაინც დაიწყო გაშლა, ოღონდ შენელებულ რეჟიმში. 23 ივლისს რეფლექტორის გაშლის სიდიდემ მისი დიამეტრის ზომის 40-45%-ს მიაღწია, კოსმონავტებმა ღია კოსმოსურ სივრცეში ხუთ საათზე მეტი დრო დაჰყვეს და მთლიანად ამოწურეს სკაფანდრების ერთჯერადი რესურსი, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ ცდა და დაბრუნებულიყვნენ ორბიტალურ სადგურში.

ცდა გაგრძელდა 28 ივლისს. ამ დროს კოსმონავტმა აღმოაჩინა, რომ ჩართვა არასწორი იყო, საკმარისი იყო ელექტროკვება გადართულიყო 27 ვოლტზე, რომ ყველაფერი საშტატო რეჟიმში ჩადგა - კოსმოსური რეფლექტორი 100%-ით გაიშალა და მიიღო საპროექტო ფორმა. გამოცდების სრული ციკლით ჩატარების შემდეგ დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპის სამზადისი. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის ჩამოცილება ორბიტალურ სადგურ “მირ”-იდან.

ობიექტის გამოცდის სამეცნიერო-ტექნიკური მნიშვნელობა

რედაქტირება
 
პროგრამის მეორე ეტაპი: სამზადისი პქკო-ს გადასაყვანად დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის გამოცდამ დაადასტურა:

  • ღია კოსმოსურ სივრცეში დიდი გასაშლელი,, ზუსტი და მაღალი სიხისტის რეფლექტორების შექმნის შესაძლებლობა კონსტრუქციის დაკეცილი მდგომარეობიდან ფუნქციონალურ მდგომარეობამდე ფორმის ტრანსფორმაციის გზით.
  • კონსტრუქციის ფუნქციონალური ფორმის მიღება რეფლექტორის გაშლის პროცესების მართვით და სრული კონტროლით მისი გაშლის ნებისმიერ სტადიაზე.
  • ფიქსაცია კონსტრუქციის საპროექტო ფორმისა და მისი სტაბილური შენარჩუნება.
  • რეფლექტორის კონსტრუქციის მიღწეული მაღალი სიხისტე და საკუთარი რხევების მაღალი სიხშირე.
  • ამრეკლი ეკრანის მაღალი ხარისხის დაჭიმულობით პარაბოლოიდური ზედაპირის მიღწევა.
  • რეფლექტორის ტრანსფორმაციით ფორმათწარმოქმნის ანომალიური პროცესების სრული გამორიცხვის შესაძლებლობა.
 
ორბიტალური სადგურიდან დაშორებული რეფლექტორი.

ამდენად, რეფლექტორის დაკეცილ მდგომარეობაში ღია კოსმოსურ სივრცეში გატანა, მისი წარმატებული გაშლა და გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების დადგენა, რომლებმაც ყველა ეტაპზე სრულად დააკმაყოფილა ცდას მოთხოვნები, მსოფლიო კოსმონავტიკაში გახდა ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი, დიდი ზომის ზუსტი, ხისტი და მსუბუქი კოსმოსური რეფლექტორის შექმნისა და პრაქტიკული რეალიზაციის მხრივ.

აღნიშნული ტიპის რეფლექტორებით შესაძლებელია მსუბუქი, ზუსტი და ხისტი ანტენების და მზის ენერგიის კონცენტრატორების დამზადება ზომით 5-დან 30-მეტრამდე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოსმოსურ ტექნიკაში.

დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენების გამოყენებით ხდება ბალისტიკური რაკეტების სტარტის აღმოჩენა, წყალქვეშა ნავების გადაადგილების განსაზღვრა, თვალთვალი და კონტროლი სამხედრო ტექნიკის დისლოკაციისა და გადაადგილებისა, სატელეკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა, მობილური კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა, დედამიწის, კლიმატის, ფაუნისა და ფლორის, ჰიდრორესურსების, წიაღისწულის შესწავლა და სხვა დარგების მომსახურება, რადიო და სატელევიზიო გადაცემების უზრუნველყოფა და მრავალი სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტა.

ობიექტის მნიშვნელობა

რედაქტირება
 
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, 23 ივლისის „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“ დაფუძნების შესახებ.

საქართველოსათვის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანას, მის გამოცდას და შემდეგ თანამგზავრულ ორბიტაზე გადაყვანას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი აღინიშნება “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის, ორბიტაზე გატანას და მის წარმატებულ გამოცდას, როგორც ისტორიულ მოვლენას საქართველოსათვის, მიეძღვნა საფოსტო მარკების გამოცემა.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდისათვის და აღნიშნული მოვლენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისათვის, 1999 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებულია და, ასევე, მადლობა გამოეცხადათ საქართველოს და საზღვარგარეთის 79 მოქალაქეს.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის კოსმოსში გატანა და წარმატებული გამოცდა აღიარებულია ლიტერატურაში, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი მსოფლიო კოსმონავტიკაში, ხოლო მისი განხორციელების თარიღი შეტანილია კოსმონავტიკის ღირსშესანიშნავ ქრონიკათა ჩამონათვალში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. სამეცნიერო რეფერირებული ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“, # 7/9, 2009 წ. გვერდები 13-18. ISSN 0130-7061. თბილისი;
  • The First Georgian Space Object (The Official Notes and Main Items) Tbilisi, 2009. Paig 87. The Institute of Constructions, Special Systems and Engineering Support of The Ceorgian Technical University;
  • Новое предприятие по разработке больших антенн для К.А. Журнал «Новости Космонавтики» № 2 (229) 2002 г. Статья М. Побединской. Стр. 67.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 17 წლისთავი შესრულდა. ghn.ge (23 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2018.
  2. 2.0 2.1 კოსმოსური ექსპერიმენტები საქართველოში. sputnik-georgia.com (13 აპრილი, 2016). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2018.
  3. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  4. მეძმარიაშვილი ელგუჯა. „ბიბლიოვიკი“. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.