არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორია

პრეისტორია

რედაქტირება

”ჰომო საპიენსის” უძველეს სადგომად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სავარაუდოდ ითვლება ჯებელ ჰაია (en: Jebel Faya), რომელიც მდებარეობს შარჯადან ერთი საათის სავალ მანძილზე. ტიუბინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები პრიმიტიული ქვის იარაღებისა და ქვემო კიდურების ძვლების შესწავლის შედეგად მის ასაკად მიიჩნევენ 125-100 ათასი წელს. ვარაუდობენ, რომ ჰომო საპიენსის ამ წარმომადგენლებმა არაბეთის ნახევარკუნძულზე შეაღწია ბაბ-ელ-მანდების ყურის გავლით. თუმცა, მოგვიანებით, შესაძლოა, მოსახლეობა დაბრუნდა უკან აფრიკაში დაახ. 90 ათასი წლის წინ, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო. ქვის იარაღები ნაპოვნია 90-40 ათასი წლის წინანდელ ფენებში. უფრო დახვეწილი ინსტრუმენტები ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ლევანტსა და ზაგროსის მთიანეთში. აქვე აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ნეოლითის, ბრინჯაოს და რკინის ხანის იარაღები. ადამიანის ჩონჩხის ძვლები კი ჯებელ ჰაიაში ვერ იპოვეს.

უძველესი და შუა საუკუნეების ისტორია

რედაქტირება

VII საუკუნეში სპარსეთის ყურის სამხრეთ და ომანის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე მდებარე მცირე საშეიხო ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ისლამის გავრცელების გამო შევიდა არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში. ამ პერიოდში წარმოიშვა ქალაქები დუბაი, შარჯა, ელ-ფუჯეირი. სახალიფოს დასუსტების გამო, მოგვიანებით საშეიხოებმა მიიღეს დიდი ავტონომიები. X-XI საუკუნეებში არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი შევიდა კარმატების სახელმწიფოს შემადგენლობაში, ხოლო მისი განადგურების შემდეგ განიცადა ომანის ზეგავლენა.

XV საუკუნეში რეგიონმა განიცადა ევროპული ზეგავლენა. დასავლეთის სახელმწიფოთაგან პირველმა პორტუგალიამ შეძლო გამაგრებულიყო ნახევარკუნძულზე, დაამყარა რა კონტროლი ბაჰრეინზე, ჯულფარზე და ჰორმუზის სრუტეზე. XVIII საუკუნიდან, ძირითადად ვაჭრობით დაკავებული არაბთა საშეიხოების სანაპიროთა მოსახლეობა ერთვებიან დიდ ბრიტანეთთან ბრძოლაში. ბრძოლა გამოიწვია იმან, რომ დიდი ბრიტანეთის სატვირთო გემებმა ამ დროისათვის მოახდინეს სპარსეთის ყურის პორტების მონოპოლიზება და ადგილობრივ მოსახლეობას არსებობის მთავარი წყარო გადაუკეტეს. ამან გამოიწვია დაუსრულებელი კონფლიქტი ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიასა და ადგილობრივ არაბ მოსახლეობას შორის, რომელთაც ინგლისელები პირატებს (ყაჩაღი) უწოდებდნენ, ხოლო საშეიხოების სანაპიროს „პირატების (ყაჩაღების) ნაპირი“ უწოდეს.

ბრიტანეთის პროტექტორატი

რედაქტირება
 
არაბეთი 1914 წელს

ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია მუდმივად აგზავნიდა სპარსეთის ყურეში სამხედრო ექსპედიციებს და 1820 წლისათვის აიძულა შვიდი არაბული სათავადოს ემირი და შეიხი ხელი მოეწერათ „გენერალურ ხელშეკრულებაზე“, რომელმაც თავდაპირველად სათავე დაუდო ამ ტერიტორიებზე ინგლისელთა ბატონობას, საბოლოოდ კი ომანის დანაწევრებას სამ ნაწილად — ომანის იმამატი, მასკატის სასულთნო და „ყაჩაღთა ნაპირი“. 1853 წლიდან ეს სამთავროები ზოგადად მოიხსენებიან სახელწოდებით „სახელშეკრულებო ომანი“.

სამთავროების ტერიტორიებზე განთავსებული იქნა ინგლისის სამხედრო ბაზები. პოლიტიკურ ხელშეკრულებას ახორციელებდა ინგლისი პოლიტიკური აგენტი. ამასთანავე, ბრიტანეთის პროტექტორატს არ გაუნადგურებია რეგიონის ტრადიციული პატრიარქალური სისტემა. ადგილობრივი მოსახლეობა მიჰყვებოდა უძველეს ტრადიციებს. მათ არ შეეძლოთ კოლონიზატორებისათვის გაეწიათ სერიოზული წინააღმდეგობა ტომების მცირერიცხოვანების და ურთიერთშორის შუღლის გამო.

ამ ტერიტორიებზე გაბატონებულ ტომს წარმოადგენდა და წარმოადგენს ბანი-იაზის ტომი, რომელიც თავდაპირველად სახლობდა ლივისა და ალ-აივყს ნაყოფიერ ოაზისებში. 1833 წელს ბანი-იაზის ტომის ერთი განაყოფი — მაკტუმების შტო — ოაზისიდან გადასახლდა და დაფუძნდა დუბაიში და გამოაცხადა ქალაქის დამოუკიდებლობა. ასე დაარსდა მაკტუმის დინასტია, რომელიც მართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების დუბაის საამიროს დღემდე.

1920-ან წლებში „სახელშეკრულებო ომანში“ გაჩაღა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელმაც განსაკუთრებულ სიმწვავეს მიაღწია ქალაქებში შარჯა და რას ელ-ხაიმა. ამავე პერიოდში მოხდა ემირატებისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა — სპარსეთის ყურეში გაიხსნა ნავთობით უმდიდრესი საბადო.

1922 წელს ინგლისელებმა დაამყარეს კონტროლი შეიხთა უფლებაზე, მოეძებნათ და ეწარმოებინათ ნავთობი. თუმცა „სახელშეკრულებო ომანში“ ნავთობის მოპოვება არ განხორციელდა და ძირითადად შემოსავალი სამთავროებისათვის მოჰქონდა სავაჭრო მარგალიტს. 1950-ან წლებში ნავთობის მოპოვების დასაწყისში რეგიონში დაიწყო უცხოური ინვესტიციების დენა. მოსახლეობას ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საშუალება მისცა ნავთობის ვაჭრობით შემოსულმა შემოსავლებმა, მაგრამ სამთავროები კვლავაც რჩებოდნენ ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, რომლის წინააღმდეგ 1964 წელს გამოვიდა არაბული ქვეყნების ლიგა. ლიგამ ხმამაღლა განაცხადა სრულ დამოუკიდებლობაზე არაბი ხალხის უფლება. 1968 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 1971 წლის ბოლომდე გამოეყვანა თავისი ჯარები იმ რეგიონებიდან, რომლებიც განლაგებული იყო სუეცის არხის აღმოსავლეთით, მათ შორის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან. სამთავროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპარსეთის ყურის არაბული სამთავროების ფედერაციის შესახებ. ამ ფედერაციაში უნდა შესულყვნენ ბაჰრეინი და ყატარი, მაგრამ მოგვიანებით მათ შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

დამოუკიდებელი სახელმწიფო

რედაქტირება

1971 წლის 2 დეკემბერს სახელშეკრულებო ომანის ექვსმა ემირატმა განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების შექმნის შესახებ. მეშვიდე საემირო რას ელ-ხაიმა მათ შეუერთდა 1972 წელს.

დამოუკიდებლობის მიღება დაემთხვა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების მკვეთრ აწევას, რომელიც გამოიწვია საუდის არაბეთის მყარმა ენერგოპოლიტიკამ, რამაც შეამსუბუქა ახალ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ნაბიჯები ეკონომიკისა და საშიმაო პოლიტიკის სფეროში. ნავთობის შემოსავლების და მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მრავალრიცხოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარებისათვის გონივრულად გამოყენებული სახსრების წყალობით, ემირატებმა უმოკლეს დროში შეძლეს მიეღწიათ შედარებითი ეკონომიკური კეთილდღეობისათვის. მიღებული ფინანსებით მნიშვნელოვნად განავითარეს ტურიზმი.

1990—1991 წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს ქუვეითის გათავისუფლებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება