ნოდარ ანდღულაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ანდღულაძე, ნოდარ)

ნოდარ დავითის ძე ანდღულაძე (დ. 13 დეკემბერი, 1927, თბილისი — გ. 30 იანვარი, 2013) — ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1963 წელს — თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარალელურად (1953-1959) — თსუ კავკასიური ენების კათედრის პედაგოგია. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს (ა. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). 1961-1962 წლებში სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ (პედაგოგი ჯ. ბარა).

ანდღულაძეს აქვს ძალზე ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა. მისი შესრულებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი მუსიკალური ფრაზირება, არტისტიზმი, სცენური ოსტატობა. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ტარიელი (მ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), მინდია, არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „მთვარის მოტაცება“), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), რადამესი, მანრიკო, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), ედგარი (გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამეურმური"), კანიო (რ. ლეონკავალოს „კამბაზები“), ტურიდუ (პ. მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის „ლოენგრინი“), ჰეროდე (რ. შტრაუსის „სალომე“) და სხვა.

ანდღულაძე კამერული მომღერალიცაა, დიდი ოსტატობით ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ (რუსეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, იუგოსლავია და სხვა). 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა „ლუჩია და ლამერმური“.

ანდღულაძე 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1981 წლიდან - პროფესორი, 1974 წლიდან — სოლო სიმღერის კათედრის გამგე. მისი მოწაფეები არიან: ნ. გამგებელი, თ. გუგუშვილი, გ. კარიაული, გ. ლომთაძე, მ. ნამორაძე, ნ. ნაჭყეპია, თ. ჩაჩავა, ა. ჭურღულია და სხვა.

ანდღულაძე ავტორია მევნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1958). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია (1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გარდაიცვალა 2013 წლის 30 იანვარს, 85 წლის ასაკში.[1]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ახმეტელი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 453.
  • აფაქიძე ი., ნოდარ ანდღულაძე, თბ., 1987;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება