პეტრე ამირანაშვილი
პეტრე ვარლამის ძე ამირანაშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1907, სოფელი ნიგოეთი, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი — გ. 26 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1943), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სომხეთის სახალხო არტისტი (1974), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). იმავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ამირანაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებაში. მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიების სანიმუშო მთლიანობა. ამირანაშვილმა ხელი შეუწყო ქართველ კომპოზიტორების ახალი ოპერების წარმატებას. აღსანიშნავია მისი კაკო (ანდრიაშვილის „კაკო ყაცაღი“), ავთანდილი (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“, სახელმწიფო პრემია, 1947), გოჩა (აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“) და განსაკუთრებით ჩალხია (თაქთაქიშვილის „მინდია“). ამირანაშვილის არტისტიზმი სრული ძალით გამოვლინდა არაქართულ ოპერებშიც, ევგენი ონეგინის (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), გრიაზნოის (რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), ამონასროს, რიგოლეტოს, დი-ლუნას, იაგოს (ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „ოტელო“), ესკამილიოს (ბიზეს „კარმენი“), ფიგაროს (როსინის „სევილიელი დალაქი“), ტონიოს (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპიას (პუჩინის „ტოსკა“) და სხვა პარტიებში.
იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე სახალხო დემოკრატიული ქვეყნების საოპერო სცენებზე. 1962-1976 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. აქვე არსებობს ამირანაშვილის სახელობის სტიპენდია. გადაღებულია კინოფილმში "ქეთო და კოტე" (თავადი ფანტიაშვილი, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი, 1948). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 4 სხვა ორდენითა და მედლით.
დასაფლავებულია თბილისის დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ქეთევან ნიკიფორეს ასული (დ. 30 ივნისი, 1915, სოხუმი — გ. 17 მარტი, 1991, თბილისი).
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ვ., მესხი ნ., პეტრე ამირანაშვილი, თბ., 1962;
- წულუკიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 396.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 40, თბ., 1994