ავსტრია-ოსმალეთის ომები
ავსტრია-ოსმალეთის ომები | |||
---|---|---|---|
ოსმალების ომები ევროპაში ნაწილი | |||
საათის ისრის მიმართულებით: ავსტრიის გერბი, ოსმალო მამლუქი, იმპერიის ჯარი ომის დროს, ოსმალეთის დროშა. | |||
თარიღი | 1526 (მოჰაჩის ბრძოლა (1526)) – 1791 (სისტოვის ხელშეკრულება). | ||
მდებარეობა | ბალკანეთის ნახევარკუნძული, ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთი აფრიკა, მალტა, უნგრეთი. | ||
შედეგი | ჰაბსბურგების და ოსმალეთის იმპერიების დასუსტება. | ||
მხარეები | |||
|
ავსტრია-ოსმალეთის ომები XVI-XVIII საუკუნეებში — ბრძოლა ოსმალეთსა და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის უნგრეთის, ტრანსილვანიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქვეყნის მიწა-წყლის ხელში ჩასაგდებად. ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალებმა უკვე XIV-XV საუკუნეებში დაიპყრეს. XVI საუკუნის 20-იან წლებში კი დაიწყო მათი დაპყრობითი ომების ახალი ეტაპი. 1521 წელს სუთანმა სულეიმანმა აიღო უნგრეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი ბელგრადი, ხოლო 1526 წლის 29 აგვისტოს მოჰაჩის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა უნგრეთ-ჩეხიის ლაშქარი და ბუდა დაიკავა. 1529 წელს სულეიმანის ლაშქარმა ალყა შემოარტყა ვენას, მაგრამ ქალაქის აღება ვერ შეძლო. 1532-1533 წლებში კვლავ დალაშქრა ავსტრია. ხანგრძლივი გარემოცვისა და სისხლმრღვრელი ბრძოლების შემდეგ ოსმალებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს, მაგრამ ზამთრის მოახლოების გამო უკან დაიხიეს. 1533 წლის 23 ივლისს საზავო ხელშეკრულებით ავსტრიამ მიიღო უნგრეთის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, მაგრამ ამის სანაცვლოდ სულთნისათვის ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა.
1540-1547 წლების ომის დროს ოსმალეთმა რამდენიმეჯერ დალაშქრა უნგრეთი და ავსტრია. 1547 წლის ზავით ავსტრიამ შეინარჩუნა უნგრეთის დასავლეთი ნაწილი, მისი ცენტრალური ნაწილი კი მოექცა 1541 წელს შექმნილ ბუდის საბეგკარბეგოში. აღმოსავლეთი უნგრეთი სულთნის ყმადნაფიც ადგილობრივ ფეოდალებს ებოძათ. 1551-1562 წლებსა და 1566-1568 წლების ომებში ძირითადად ტრანსილვანიისათვის წარმოებდა. ოსმალებმა დაიპყრეს ტემეშვარი (ტიმიშოარა, 1552), ეგერი (1553) და სიგეტვარი (1566). 1592-1606 წლების ომი დაიწყო ოსმალეთმა, რომელმაც 1596 წლის ოქტომბერს დაამარცხა ავსტრია-უნგრეთის ჯარი, მაგრამ წარმატება ვეღარ განავითარა. 1606 წელს ჟიტვატოროკის ზავით ავსტრიამ თავი გაითავისუფლა ხარკისაგან. ამიერიდან ავსტრია-ოსმალეთის ომებში დაიწყო გარდატეხა. შეჩერდა ოსმალეთის წინსვლა ცენტრალური ევროპისაკენ.
ავსტრია-ოსმალეთის 1660-1664 წლების ომში ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო ახალი მიწების შემატება. 1683-1699 წლების ომი ოსმალეთმა გააჩაღა. მისმა მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა ვენას (1683 წლის 14 ივლისი - 12 სექტემბერი), მაგრამ ქალაქი ისხნა პოლონეთის მეფე იან III სობესკიმ. 1684 წელს პაპის ინიციატივით შეიქმნა ანტიოსმალური „საღვთო ლიგა“ (ავსტრია, ვენეცია, პოლონეთი), რომელსაც 1686 წლიდან რუსეთიც შეუერთდა. ლიგის წევრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. 1699 წელს კარლოვიცის ზავით, ოსმალეთმა პირველად დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები ბალკანეთში, დათმო ტრანსილვანია და მდინარეების დუნაის, დრავასა და სავას შორის მდებარე სლავებით დასახლებული მიწები. დაიწყო ევროპიდან თურქების განდევნის ხანგრძლივი პროცესი. ავსტრიისა და მისი მოკავშირე ვენეციის გამარჯვებით დამთავრდა აგრეთვე 1716-1718 წლების ომი, რომლის შედეგადაც ოსმალეთმა დაკარგა ჩრდილოეთი სერბია ბელგრადითურთ და ვლახეთის, ხორვატიისა და ბოსნიის ნაწილი.
1737-1739 წლების ომი ოსმალეთმა დროებით დაიბრუნა ეს ქვეყნები. 1788-1790 წლების ომი ავსტრიამ დაიწყო (რუსეთ-ავსტრიის 1781 წლის ხელშეკრულება შესაბამისად). თავდაპირველად ომი ავსტრიისათვის არახელსაყრელად მიმდინარეობდა, მაგრამ, რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომში რუსეთის არმიის გამარჯვებამ ავსტრიის ჯარებს მისცა ბუქარესტის, ბელგრადის, კრაიოვოს დაკავების შესაძლებლობა. ინგლისისა და პრუსიის გავლენით, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ რუსეთის დასუსტებით და ავსტრიის ჩაბმით ანტიფრანგულ კოალიციაში, ავსტრიამ ომი შეწყვიტა. სისტოვის (ახლანდელი სვიშტოვი) სეპარატული ხელშეკრულებით (1791 წლის 4 აგვისტო) ავსტრიამ ოსმალეთს დაუბრუნა ამ ომის დროს დაკავებული ყველა ტერიტორია, გარდა ხოტინის ციხისა და ოლქისა (რაც ოსმალეთს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის ომის დამთავრების შემდეგ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 151-152.