Electric Light Orchestra (შემოკლებით ELO; იკითხება: [i’lektrik lait 'o:kistrə]) — ბირმინგემული წარმოშობის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელმაც 1971-1986 წლებში გამოსცა 12 სტუდიური ალბომი, აქედან უკანასკნელი, Alone in the Universe - 2015 წელს. ჯგუფი ჩამოყალიბდა როი ვუდისა და ჯეფ ლინის თაოსნობით, როდესაც მათ ისურვეს როკ და პოპ-სიმღერების კლასიკური ელემენტების თანხლებით შესრულება. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ ვუდი ჯგუფიდან წავიდა და ლინი იქცა ყველა მომავალი ალბომის ორიგინალური კომპოზიციის არანჟირების ავტორად.

Electric Light Orchestra

Electric Light Orchestra-ს გამოსვლა 1981 წელს, ტურნე Time Tour
ბიოგრაფია
წარმოშობა ბირმინგემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1970–1986, 2000–2001, 2012–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Harvest, Warner Bros., United Artists, Jet, Columbia, Epic, Legacy, Sony BMG
წევრები
ყოფილი წევრები იხილეთ პერსონალი
საიტი jefflynneselo.com
Electric Light Orchestra ვიკისაწყობში

მიუხედავად ბრიტანეთში ჯგუფის ადრეული სინგლების წარმატებისა, კოლექტივი უფრო პოპულარული იყო აშშ-ში, სადაც მას უწოდებდნენ „ინგლისელი ბიჭები დიდი ვიოლინოებით“.[5] მათ საკულტო სტატუსი შეიძინეს, მიუხედავად ბრიტანეთში მათ მიმართ უმნიშვნელო ინტერესისა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ELO იქცა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კოლექტივად. 1972-1986 წლებში მათი 27 სინგლი მოხვდა ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების საუკეთესო 40-ეულებში, აქედან 20 - ბრიტანეთის საუკეთესო ოცეულებში, ხოლო 15 - აშშ-ის 15 საუკეთესო ჰიტ-სინგლში. ჯგუფი აგრეთვე რეკორდსმენია ბილბორდის 40-უელში ჰიტების რაოდენობით, პირველ პოზიციაზე მოხვედრილი სინგლების გარეშე.[6][7]

ELO-ს კანადაში მიღებული აქვს 19, აშშ-ში - 21, ხოლო ბრიტანეთში 38 ჯილდო, ჩანაწერების გაყიდული რაოდენობის მიხედვით.[8][9] მსოფლიო მასტაბით, ჯგუფის აქტიურ პერიოდში, გაიყიდა 50-ზე მილიონი ჩანაწერი.[10]

1970–1973: ადრეული პერიოდი და პირველი ალბომები

რედაქტირება

1960-იანების ბოლოს როი ვუდი (გიტარისტი, ვოკალისტი, ჯგუფი The Move) აპირებდა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც გამოიყენებდა ვიოლინოებს, ჩელოებს, კონტრაბასებს, საყვირებს და სხვა ინსტრუმენტებს, იმისათვის, რომ ჰქონოდა ევროპული კლასიკური მუსიკის ჟღერადობა. ამით როკ-მუსიკა გააგრძელებდა განვითარებას იქიდან, „სადაც The Beatles-მა შეწყვიტა“.[11] ჯეფ ლინი, ბირმინგემული ჯგუფ The Idle Race-ის წევრი, აგრეთვე დაინტერესდა ამ კონცეფციით. 1970 წლის იანვარში, როდესაც კარლ უეინმა The Move დატოვა, ვუდმა ლინს მეორედ შესთავაზა ახალი ჯგუფის შექმნის იდეა და ლინი დათანხმდა. 1970 წლის 12 ივლისს ვუდმა იმუშავა ლინის ავტორობით შექმნილ სიმღერაზე, რომელიც The Move-ის სინგლის b-მხარე უნდა ყოფილიყო. ახალი იდეა ჩაიწერა, როგორც "10538 Overture", Electric Light Orchestra-ს პირველი კომპოზიცია. დამწყები ჯგუფის ფინანსურად მხარდასაჭერად ELO-სთვის აგრეთვე ჩაიწერა The Move-ის ალბომი Message from the Country. ახალი კოლექტივის პირველი ალბომი The Electric Light Orchestra 1971 წელს გამოვიდა. აშშ-ში იგი 1972 წელს, სათაურით No Answer გამოიცა. სახელწოდების წარმოშობა მომდინარეობს ხმისჩამწერი კომპანიის მდივნის ზარიდან - როდესაც მან სცადა ბრიტანულ ლეიბლში დარეკვა და სახელწოდების დადგენა. საბოლოოდ, ამერიკული ლეიბლი ვერ დაუკავშირდა ბრიტანულს, რამაც "No Answer" შთააგონა ქართ. არავინ პასუხობს).[12] "10538 Overture" ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ლინი, ვუდი და ბევ ბივენი ჯგუფის დამაარსებლები იყვნენ, მაგრამ მათ შეუერთდნენ ბილ ჰანტი (კლავიშებიანები, საყვირი) და სტივ ვულემი (ვიოლინო), რომლებიც სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ.

ELO-ს სადებიუტო კონცერტი გაიმართა 1972 წლის 16 აპრილს, ბარში The Greyhound (კროიდონი, სურეი[13]) ვუდის, ლინის, ბივენის, ჰანტის, ენდი კრეიგის (ჩელო) და რიჩარდ ტენდის (ბასი) მონაწილეობით. თუმცა, ეს შემადგენლობა ხანგრძლივი არ ყოფილა. თავდაპირველად წავიდა კრეიგი, შემდეგ კი ვუდსა და ლინს შორის კამათი წარმოიშვა მენეჯმენტის საკითხების, ისევე, როგორც იტალიაში წარუმატებელი ტურნეს გამო, რომლის ფარგლებში ჩელოები და ვიოლინოები სცენაზე არ ისმოდა. [14] მეორე ალბომის ჩაწერის პერიოდში ვუდმა ჯგუფი დატოვა და თან ჰანტი და მაკ-დაუელი გაიყოლა, შემდგომში კი ჯგუფი Wizzard ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ პრესა თვლიდა, თითქოს ჯგუფი ვუდის გარეშე არსებობას დაასრულებდა (იგი ELO-ს წამყვანი შემოქმედი იყო), ლინი მას ჩაენაცვლა, ბივენის, ედვარდსის, გიბსონისა და ტენდის მონაწილეობით (რომელიც ბასიდან კლავიშებიანებზე გადაერთო, ჰანტის ჩანასაცვლებლად). ახალი წევრები იყვნენ მაიკ დე ალბუკერკი (ბასი) და კოლინ უოკერი (ჩელო).

ახალი შემადგენლობა 1972 წელს რედინგის ფესტივალის ფარგლებში გამოვიდა. ბარკუს ბერის ადაპტერებით, რომლებსაც იყენებდა სიმებიანი ტრიო, სცენაზე საჭირო ჟღერადობის მიღების საშუალებას იძლეოდა (რომელსაც მანამდე ელექტრონული ინსტრუმენტები ახშობდნენ). მეორე ალბომი ELO 2 1973 წელს გამოვიდა. იგი ჯგუფისთვის ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში რიგით მეორე იყო და პირველი წარმატებული აშშ სინგლიც მოუტანა - ჩაკ ბერის "Roll Over Beethoven"-ის ქავერ ვერსია.[15] EL0 აგრეთვე გადაცემაში American Bandstand პირველად გამოვიდა. შემდეგი ალბომის ჩაწერისას ფინანსური დავის გამო გიბსონმა კოლექტივი დატოვა, ჯგუფს მიკ კამინსკი (ვიოლინო) შეუერთდა, ხოლო უოკერი ELO-დან წავიდა, ვინაიდან ტურნეს გამო ოჯახს დროს ვერ უთმობდა. ედვარდსმა დაასრულა ჩელოს პარტიების ჩაწერა. On the Third Day გამოვიდა 1973 წლის ბოლოს. მის ამერიკულ გამოცემაში მოხვდა "Showdown", რომელმაც ამ ქვეყანაში დიდი წარმატება იქონია. ჰიუ მაკდაუელი, რომელიც მანამდე ჯგუფიდან წავიდა, ამერიკული ტურნეს დროს ELO-ს შეუერთდა.

1974–1982: მსოფლიო წარმატება და კონცეპტუალური ალბომები

რედაქტირება

ჯგუფის მეოთხე ალბომი Eldorado, A Symphony კონცეპტუალურია - იგი აღწერს მეოცნებეს ამბავს. ლინმა ამ ჩანაწერის შექმნისას შეწყვიტა სინთეზატორების არანჟირებისთვის გამოყენება და მიიწვია ნამდვილი გუნდი და ორკესტრი, რომლის არანჟირებაზე ლუის კლარკი მუშაობდა.[16] ალბომის პირველი სინგლი "Can't Get It Out of My Head" მოხვდა აშშ-ის საუკეთესო ათეულში და Eldorado, A Symphony ELO-სთვის ოქროს სტატუსით სერტიფიცირებული პირველი ალბომი გახდა. დე ალბუკერკი ჯგუფიდან მისი ჩაწერისას წავიდა (ოჯახური მდგომარეობის გამო), ამიტომ ბას-პარტიები ძირითადად ლინმა შეასრულა. Eldorado-ს გამოცემის შემდეგ ბასისტის სახით ELO-ს კელი გრაუკეტი შეუერთდა, ხოლო 1975 წლის დასაწყისში მელვინ გეილი ჩელოზე ედვარდსს ჩაენაცვლა. შემადგენლობა შედარებით სტაბილური გახდა, როდესაც ჯგუფმა გადაწყვიტა უფრო ხელმისაწვდომი ჟღერადობის შეძენა. ELO აშშ-ში ამ დროისთვის პოპულარული იყო. აღსანიშნავია მათი მასშტაბური საკონცერტო გამოსვლები The Midnight Special-ში, რომლებიც 1973, 1975, 1976 და 1977 წელს გაიმართა - გადაცემის ისტორიაში შემსრულებლის ასეთი რაოდენობით გამოსვლას მანამდე ადგილი არ ჰქონია. Face the Music, შემდეგი ალბომი, 1975 წელს გამოვიდა. ამ ალბომიდან ჰიტებად იქცა "Evil Woman" (მესამე ბრიტანული სინგლი საუკეთესო ათეულში) და "Strange Magic".[15] ალბომის შესავალი, ინსტრუმენტული "Fire on High" წარმოადგენს სიმებიანების და აკუსტიკური გიტარების სინთეზს. იგი გამოიყენებოდა CBS Sports Spectacular-ის მონტაჟების თანმხლებ თემად. ჯგუფმა 1976 წლის 3 თებერვლიდან 13 აპრილამდე აქტიური ტურნე გამართა - აშშ-ში 68 კონცერტით (76 დღის განმავლობაში). ამ ტურნეს ფარგლებში მათ პირველად გამოიყენეს ფერადი ლაზერული ეფექტები.

პლატინის სტატუსის მქონე A New World Record ჯგუფისთვის პირველი ბრიტანული ალბომი იყო, რომელიც ადგილობრივ ათეულში მოხვდა.[15] მასში შეტანილია ჰიტებად ქცეული "Livin' Thing", "Telephone Line", "Rockaria!" და "Do Ya", The Move-ის სიმღერის ვერსია. 1976 წლის ოქტომბრიდან 1977 წლის აპრილამდე, მხოლოდ დეკემბერში შესვენებით, ჯგუფმა საკონცერტო ტურნე გამართა. 1977 წლის 31 იანვარს იგი გამოჩნდა ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე[17], ხოლო 1977 წლის აგვისტოში სან-დიეგოში გამოვიდა დიდი კონცერტით. კეისი კესემის თქმით, Electric Light Orchestra იყო „მსოფლიო პირველი მოგზაური კამერული ორკესტრი“.[18] A New World Record-ს მოჰყვა მულტიპლატინური ორმაგი Out of the Blue (1977). მასში მოხვდა შემდგომში წარმატებული "Turn to Stone", "Sweet Talkin' Woman", "Mr. Blue Sky" და "Wild West Hero" - ყოველი მათგანი ბრიტანეთში ჰიტად იქცა. შემდეგ ჯგუფმა გამართა ცხრათვიანი, 92 კონცერტისგან შემდგარი მსოფლიო ტურნე, რომელიც გამოირჩეოდა გიგანტური სცენით და მეტად ძვირი კოსმოსური ხომალდით, რასაც ემატებოდა ნისლის გენერატორები და ლაზერები. აშშ-ში კონცერტებს უთითებდნენ, როგორც „დიდებულ საღამოებს“. იმ დროისთვის ეს იყო ELO-ს ყველაზე მასშტაბური გამოსვლები. მაგალითად, კლივლენდის სტადიონზე გამართულ შოუს დაესწრო 80000 მაყურებელი. The Big Night იქცა 1978 წლისთვის მუსიკაში ყველაზე შემოსავლიან საკონცერტო ტურნედ.[19] უემბლიზე ELO-მ ზედიზედ რვა კონცერტი გამართა, რაც იმ დროისთვის მსოფლიო რეკორდიც იყო. პირველი კონცერტი აგრეთვე ჩაიწერა და ტელეეთერში გადაიცა, მოგვიანებით კი გამოვიდა CD და ვიდეო ფორმატებში.

1979 წელს გამოვიდა კიდევ ერთი წარმატებული ალბომი Discovery, რომელიც ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე მოხვდა.[15] მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაზე დიდი ჰიტი იყო "Don't Bring Me Down", ალბომი გამოირჩეოდა დისკოს ჟღერადობით. მასში აგრეთვე შეტანილია ჰიტები "Shine a Little Love", "Last Train to London", "Confusion" და "The Diary of Horace Wimp". კიდევ ერთი სიმღერა, "Midnight Blue" სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სინგლზე გამოვიდა და ფილიპინებში გამორჩეული წარმატება იქონია. ალბომის ყველა სიმღერისთვის პრომო ფილმები გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მათში ჯგუფის ყველა წევრი ჩნდებოდა, ამ დროისთვის ELO კვარტეტი იყო, ლინის, ბივენის, ტენდის და გროუკეტის სახით, ხოლო კამინსკი, მაკდაუელი და გეილი ჯგუფიდან თავად ლინმა გაუშვა.

 
ELO-ს გამოსვლა, ოსლო, ნორვეგია, 1979.

1979 წლის მიწურულს Electric Light Orchestra იყო ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი კოლექტივი. გაყიდული იყო მათი ალბომების და სინგლების მილიონობით ასლი. ELO იმდენად პოპულარული იყო, რომ მათი შთაგონებით რენდი ნიუმენის მიერ ალბომისთვის Born Again ჩაიწერა პაროდია "The Story of a Rock and Roll Band". 1979 წელს ELO-ს შესთავაზეს ნებუორთის ფესტივალის წამყვანი შემსრულებლის სახით გამოსვლა, რაზეც ლინმა უარი განაცხადა (ფესტივალის ჰედლაინერად ლედ ზეპელინი იქცა). 1980 წელს ჯეფმა იმუშავა მუსიკალური ფილმის ქსანადუ საუნდტრეკზე (მუსიკის ნაწილის ავტორი იყო ჯონ ფარერი, ხოლო სიმღერებს ასრულებდა ოლივია ნიუტონ-ჯონი). კინოთეატრებში ეს ფილმი წარუმატებელი იყო, განსხვავებით საუნდტრეკისგან, რომელიც ორმაგი პლატინის სტატუსით აღინიშნა. წარმატებული იყო ალბომის სინგლებიც - ნიუტონ-ჯონის "Magic" (აშშ-ში #1) და "Suddenly" (დუეტი კლიფ რიჩარდთან), ისევე, როგორც ELO-ს "I'm Alive" (ოქროს სტატუსი), "All Over the World" და "Don't Walk Away"). სასათაურო სიმღერა, რომელსაც ნიუტონ-ჯონი და ELO ასრულებენ, უკანასკნელის ერთადერთი სინგლია, რომელიც ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოხვედრილა.[20] მეოთხედზე მეტი საუკუნის თავზე, 2007 წლის 10 ივლისს ბროდვეიზე გამოვიდა მიუზიკლი „ქსანადუ“, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო და შემქმნელებს მოუტანა ტონის ჯილდოს 4 ნომინაცია. 2015 წლის ოქტომბერში მიუზიკლი ლონდონში იქნა წარდგენილი.[21]

The Electric Light Orchestra Story, ბივენის მოგონებები The Move-თან და ELO-სთან გატარებულ ადრეულ წლებზე, გამოვიდა 1980 წელს. 1981 წელს ELO-ს ჟღერადობა შეიცვალა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის თემის კონცეპტუალური ალბომით Time, რომელიც უფრო მეტად ადრეული, პროგრესული როკის ელემენტების მატარებელი იყო (Eldorado-ს მსგავსად). ალბომზე დომინირებადი იყო სინთეზატორები, თუმცა რამდენიმე სიმღერა აღსანიშნავია რაინერ პიეჩის მიერ დამატებული სიმებიანებით. საერთო ჯამში, ჟღერადობა უფრო მეტად ელექტრონულია, ალბომის ფუტურისტული ხასიათის ხაზგასასმელად. Time ბრიტანეთის ჩარტებში ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა და ამ ქვეყანაში ELO-სთვის უკანასკნელი პლატინური ალბომი იყო. ალბომიდან გამოიცა სინგლები "Hold On Tight", "Twilight", "The Way Life's Meant to Be", "Here Is the News" და "Ticket to the Moon" - ყოველი მათგანი წარმატებული იყო. საკონცერტო ტურნე, რომელიც ELO-მ ალბომის გამოსვლის შემდეგ გამართა, მისთვის უკანასკნელი იყო. კამინსკი ამ კონცერტებში კვლავ მონაწილეობდა, დაბრუნებულ ლუის კლარკთან და დეივ მორგანთან ერთად. შოუების დროს სიმღერებში "Prologue" და "Epilogue" ტექსტს კითხულობდა რობოტი ფრედი.

1983–1986: Secret Messages და დაშლა

რედაქტირება

ლინს სურდა Time-ის შემდეგ ორმაგი ალბომის გამოცემა, მაგრამ CBS-მა ამაზე უარი განუცხადა, ვინაიდან ორმაგი ალბომის გამოცემა ნავთობის კრიზისის პერიოდში ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ. ამიტომ, ახალი ალბომი შემოკლდა ერთ დისკამდე და გამოიცა, როგორც Secret Messages 1983 წელს (სხვა სიმღერები საბოლოოდ შეიტანეს Afterglow-ში ან სინგლების b-მხარეებზე). ალბომი ბრიტანეთში წარმატებული აღმოჩნდა, ჩარტის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრით, თუმცა, მეორე მხრივ, მის წარმატებას თან ახლა ამბავი იმის შესახებ, რომ ჯგუფი არ გამართავდა მხარდამჭერ ტურნეს - დრამერი ბივენი Black Sabbath-თან უკრავდა, ხოლო ბასისტი გრაუკეტი ჯგუფიდან ალბომის დასრულებამდე წავიდა (ლინმა კვლავ თავად ჩაწერა ბასის ყველა პარტია). ჯგუფის დაშლის შესახებ ჭორები ბივენმა უარყო. მიუხედავად იმისა, რომ Secret Messages გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჩარტის #4 პოზიციაზე აღმოჩნდა, იგი ჩარტებიდან ამოვარდა. ამასთან, სინგლებს მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონია (გარდა "Rock 'n' Roll Is King"-ის, რომელიც ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში აიტაცეს) და ალბომმაც გულგრილი შეფასებები მიიღო. 1983 წლისთვის ბივენს ძალიან სურდა Black Sabbath-ის მუდმივი წევრობა, ამიტომ შემდეგ ალბომზე (რომელიც ფილმის ელექტრონული სიზმრები საუნდტრეკი იყო) მხოლოდ ლინი და ტენდი მუშაობდნენ. ჩანაწერი ლინის სახელით გამოიცა, თუმცა მას კონტრაქტის მიხედვით უნდა ჩაეწერა ELO-ს კიდევ ერთი ალბომი. სტუდიაში ლინი და ტენდი ბივენთან ერთად დაბრუნდნენ, 1985 წელს (რამდენიმე სიმღერაში საქსოფონზე კრისტიან შნაიდერი უკრავდა, ხოლო ლინი ოფიციალური ბას-გიტირისტის არარსებობის გამო კვლავ ბასზე უკრავდა). მათ მიერ ჩაიწერა Balance of Power, რომელიც 1986 წლის დასაწყისში გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ სინგლი "Calling America" ბრიტანეთში 28-ე პოზიციაზე მოხვდა და აშშ-ში საუკეთესო ოცეულშიც შეაღწია, შემდგომ სინგლებს ჩარტში წარმატება არ ჰქონდათ. ალბომში ნამდვილი კლასიკური სიმებიანებიც არ იყო - ისინი კვლავ სინთეზატორებმა ჩაანაცვლეს, რომლებზეც ტენდი უკრავდა. ალბომი აგრეთვე აღინიშნა 1976 წლიდან პოპულარული ELO-ს საკუთარი ლოგოს გამოყენებისგან თავის არიდებით.

ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ კამინსკი, კლარკი და მორგანი. 1986 წელს მათ ერთად რამდენიმე კონცერტი გამართეს, ინგლისსა და გერმანიაში, ხოლო აშშ-ში გამოჩნდნენ American Bandstand-ის ეთერში[22], Solid Gold და დისნეილენდში გამოვიდნენ.[23] ბირმინგემში 1986 წელს გამართული საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი იყო ბივენი.[24] ლინის მომავალზე ერთგვარი მინიშნება წარმოიშვა, როდესაც ამ კონცერტზე ჯორჯ ჰარისონი გამოვიდა და ყველასთან ერთად შეასრულა "Johnny B. Goode". ELO-ს დაშლამდე უკანასკნელი გამოსვლა გაიმართა 1986 წლის 13 ივლისს, შტუტგარტში, როდ სტიუარტის კონცერტის წინ. ამას მოჰყვა დაშლა, თუმცა შემდეგი ორი წლის განმავლობაში ოფიციალური განცხადება არ გაჟღერებულა. ამ პერიოდში გამოვიდა ლინის პროდიუსერობით ჩაწერილი ჰარისონის Cloud Nine. აგრეთვე გამოიცა როი ორბისონის, ბობ დილანის, ტომ პეტის, ჯორჯ ჰარისონის და ჯეფ ლინის სუპერჯგუფ Traveling Wilburys-ის სადებიუტო Traveling Wilburys Vol. 1. 1988 წელს ბივენმა ლინს ELO-ს კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა შესთავაზა, რაზეც ლინმა უარი უთხრა და გამოაცხადა, რომ ELO აღარ არსებობდა.

 
ELO Part II, კონცერტი

ბივენმა (ლინთან შეთანხმების თანახმად) 1989 წელს ELO Part II ჩამოაყალიბა (მასში იმ დროისთვის ELO-ს სხვა ყოფილი წევრები არ შედიოდნენ). ამ შემადგენლობა 1990 წელს გამოუშვა Electric Light Orchestra Part Two. 1991 წელს ჯგუფს შეუერთდნენ მიკ კამინსკი, კელი გრაუკეტი და ჰიუ მაკდაუელი. უკანასკნელმა შემადგენლობა ტურნეს შემდეგ დატოვა. კლარკის მონაწილეობით დარჩენილმა წევრებმა ჩაწერეს მეორე ალბომი Moment of Truth (1994) და 1999 წლამდე კონცერტებით გამოდიოდნენ. 1999 წელს ბივენმა შემადგენლობა დატოვა და ჯგუფში თავისი წვლილი ლინს 2000 წელს მიჰყიდა. სხვა მუსიკოსები ტურნეებს კვლავ მართავდნენ და ჩანაწერებსაც ამზადებდნენ, ახალი სახელწოდებით The Orchestra.

2000–01: რეფორმირება

რედაქტირება

ლინი 2000 წელს ELO-ს სახელით დაბრუნდა, მიმოხილვის Flashback გამოცემით, რომელშიც შეიტანა სამი დისკი რემასტირებული სიმღერებით, დუბლებით და დაუსრულებელი ჩანაწერებით (მათ შორის აღსანიშნავია "Xanadu"-ს ახალი ვერსია). 2001 წელს გამოვიდა 1986 წლის შემდეგ ლინის ლიდერობით ჩაწერილი ELO-ს პირველი ალბომი, Zoom.[25] მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოდგენილი იყო ELO-ს სახელით, ლინის გარდა ერთადერთი ძველი წევრი იყო ტენდი (რომელიც მხოლოდ ერთ სიმღერაში უკრავს). მიწვეულ მუსიკოსებს შორის იყვნენ რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი. ალბომის დასრულებს შემდეგ ლინმა ჯგუფი სრულად აღადგინა ახალი წევრებით, რომელთა შორის იყო მისი ახალი შეყვარებული როუზი ველა (1986 წელს მან საკუთარი ალბომი Zazu გამოსცა). ცნობილი გახდა ELO-ს მომავალი ტურნეს შესახებ. ტენდი ჯგუფს დროებით შეუერთდა. ELO გამოვიდა კონცერტებით VH1 Storytellers-ისთვის და PBS-ისთვის (უკანასკნელი გამოიცა Zoom Tour Live-ის სახელწოდებით), მაგრამ ტურნე აღარ გამართულა [26]

შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში Harvest-მა და Epic/Legacy-მა ხელმეორედ გამოსცეს ELO-ს სტუდიური კატალოგი. მასში, გარდა ნაცნობი მასალისა, მოხვდა გამოუცემელი სიმღერები და დუბლები, ისევე, როგორც ორი ახალი სინგლი. პირველი იყო "Surrender" (იგი 1976 წელს დაწერეს), რომელიც ბრიტანეთში 81-ე პოზიციაზე მოხვდა. მეორე იყო "Latitude 88 North", Out of the Blue-ს 2007 წლის დამატებებიდან. იგი 1977 წელს ჩაიწერა, თუმცა მხოლოდ მისამღერის დემოს სახით არსებობდა. ლინმა იგი სპეციალურად 2007 წლის გამოცემის აღსანიშნავად დაასრულა.

2010–13: სხვა შემოქმედება და მცირე გაერთიანებები

რედაქტირება

2010 წლის 9 აგვისტოს Eagle Rock Entertainment-მა ბრიტანეთში DVD-ზე გამოსცა Live – The Early Years, რომელშიც მოხვდა Fusion – Live in London (1976) და სხვა საკონცერტო გამოსვლები, მაგალითად, Brunel University (1973) და გერმანული Rockpalast-ის შოუ (1974).[27] 2010 წლის 24 აგვისტოს აშშ-ში ვიდეოს ოდნავ შემოკლებული ვერსია გამოვიდა.[28] გამოიცა The Essential Electric Light Orchestra-ც - ჯგუფის სიმღერების კომპილაცია. იგი ორი სხვადასხვა გარეკანით გამოვიდა. აშშ-სა და ავსტრალიაში ერთიანი დიზაინი გამოიყენეს, ხოლო სხვა ქვეყნებში - განსხვავებული, რომელიც მოხვდა 2011 წლის ორმაგ გამოცემაზე.[29] ეს იყო ELO-ს მესამე კომპილაცია, რომელზეც ჯგუფის სიმღერები ქრონოლოგიურად იყო წარმოდგენილი (მსგავსი პრინციპი დაცული იყო Olé ELO-ზე და Strange Magic: The Best of Electric Light Orchestra-ზე). Mr. Blue Sky: The Very Best of Electric Light Orchestra, კიდევ ერთი კომპილაცია, გამოვიდა 2012 წლის 8 ოქტომბერს. ეს არის ლინის მიერ ახლებურად ჩაწერილი ჰიტების ვერსიები. კომპილაციაში აგრეთვე შეიტანეს ახალი სიმღერა "Point of No Return" - ლინის მეორე სოლო ალბომის Long Wave გამოცემის აღსანიშნავად.[30] ამ 2012 წლის კომპილაციებს ახლდა სარეკლამო ბარათები, რომლებზეც ნახსენები იყო Zoom-ის ახალი და ვრცელი გამოცემა. 2013 წლის აპრილში Zoom და Armchair Theatre, ლინის პირველი სოლო ალბომი (1990) გამოვიდა განახლებული სახით და დამატებითი სიმღერებით. აგრეთვე გამოვიდა ტურნეს Zoom tour დოკუმენტი, საკონცერტო ალბომი Electric Light Orchestra Live.[31]

2012 წელს ლინი და ტენდი ერთმანეთს შეხვდნენ და ჯეფის სტუდიაში Bungalow Palace დაიწყეს ახალი სიმღერების მომზადება. რეპორტაჟი ამ მოვლენის შესახებ შეტანილია დოკუმენტურ ფილმში Mr. Blue Sky. 2013 წლის 12 ნოემბერს, სახელწოდებით Jeff Lynne and Friends, კოლექტივი გამოვიდა ლონდონის Hammersmith Eventim Apollo-ში, სადაც Children in Need Rocks-ისთვის შესრულდა "Livin' Thing" და "Mr Blue Sky". მათთან ერთად უკრავდა BBC-ის საკონცერტო ორკესტრი, წამყვან ვიოლინოზე ჩერინ ალენის მონაწილეობით.[32]

2014–დღემდე: მეორე გაერთიანება

რედაქტირება

Children in Need-ის გამოსვლას მოჰყვა BBC Radio 2-ის წამყვან კრის ევანზთან ინტერვიუ, სადაც უკანასკნელმა მსმენელებს ჰკითხა, სურდათ თუ არა ELO-ს კვლავ გამოსვლა. 2014 წლის 14 სექტემბერს ჰაიდ პარკში დაგეგმილი კონცერტის 50.000 ბილეთი 15 წუთში გაიყიდა. "Jeff Lynne's ELO"-ს სახელით გამოსულ ლინს და ტენდის ეხმარებოდა Take That-ის/გერი ბარლოუს ბენდი Children In Need-იდან, მაიკ სტივენსის ხელმძღვანელობით,[33] ისევე, როგორც BBC-ის საკონცერტო ორკესტრი. ELO-სთან კვლავ გამოვიდა ჩერილ ალენი[32]. ლინი დაინტერესებული იყო სტუდიური მუშაობის განახლებით და 2015 წელს ბრიტანეთში შესაძლო ტურნეზე ისაუბრა.[34]

2015 წლის 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ELO ახალ ალბომს გამოსცემდა, "Jeff Lynne's ELO"-ს სახელით, ლეიბლზე Columbia Records.[35] Alone in the Universe გამოვიდა 13 ნოემბერს. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი ახალი მასალით, თითქმის 15 წლიანი შესვენების შემდეგ.[36] ალბომის პირველი სიმღერა და სინგლი "When I Was a Boy" იმავე დღეს ინტერნეტში გამოქვეყნდა.[36]

ჯგუფის სახელწოდება და ლოგო

რედაქტირება
 
1976 წლის ლოგო
 
ადრეული ლოგო

ჯგუფის სახელწოდება არის არა მხოლოდ ელექტრონათურის სახელწოდებით თამაში (ნათურა გამოტანილი იყო ადრეული ალბომების გარეკანებზე), არამედ ელექტრონული როკ-ინსტრუმენტებიც - ფერად ორკესტრთან სინტეზი (1960-იან წლებში ბრიტანეთში პოპულარული იყო ორკესტრები სულ რამდენიმე ჩელოთი და ვიოლინოთი).

ჯგუფის ოფიციალური ლოგო, რომელიც 1976 წელს მხატვარ ჯონ კოშის მიერ შეიქმნა, პირველად მოხვდა ალბომის A New World Record გარეკანზე. იგი ეფუძნება 1946 წელს Wurlitzer-ის მიერ გამოშვებულ პატეფონ-ავტომატის მოდელ 4008-ს. 4008-ის რეპროდუქტორი თავად ეფუძნება Wurlitzer-ის პატეფონ-ავტომატის მოდელ 1015-ის ზედა კორპუსს.[37] ჯგუფის წინა ლოგო, რომელიც ჯონ კიმ (United Artists Records) შეიმუშავა, General Electric-ის ლოგოს ეფუძნება. ახალი ლოგო გამოყენებულია ჯგუფის მიერ 1976 წლიდან გამოცემულ თითქმის ყველა ალბომზე, სხვადასხვა ფორმით. მაგალით, 1977 წლის Out of the Blue-ზე ლოგო ნაჩვენებია, როგორც გიგანტური მფრინავი თეფშის მსგავსი კოსმოსური სადგური. Discovery-ზე იგი არის მომცრო მანათობელი არტეფაქტი, რომელიც განძიან სკივრშია მოთავსებული. ბევ ბივენი ამ ლოგოს იყენებდა თავის დასარტყმელი საკრავებზე, კერძოდ - დიდ დოლზე.

გარდაცვლილი წევრები

რედაქტირება

სტივ ვულემი, ჯგუფის პირველი მევიოლინე, გარდაიცვალა 1971 წელს, პირველი ალბომის დასრულების შემდეგ. კელი გრაუკეტი გარდაიცვალა 2009 წელს, გულის შეტევით[38]. მაიკ ედვარდსი ავტოავარიაში დაიღუპა, როდესაც მის ფურგონს 2010 წელს შეეჯახა თივის დიდი ზვინი[39], ხოლო უილფ გიბსონი 2014 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა[40].

პერსონალი

რედაქტირება
ამჟამინდელი წევრები
  • ჯეფ ლინი – წამყვანი ვოკალები, გიტარები, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, დასარტყმელი საკრავები, ჩელო, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი (1970–1983, 1985–1986, 2000–2001, 2012)
  • რიჩარდ ტენდი – კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, ბას-გიტარა, გიტარა, ბეკ-ვოკალი, არანჟირების ავტორი (1972–1983, 1985–1986, 2000–2001, 2012)
2014 წელს ჰაიდ-პარკში გამართული კონცერტის პერსონალი (გარდა ლინის და ტენდის)
  • ჩერინ ალენი - ვიოლინო
  • მარკუს ბირნი - კლავიშებიანები
  • დონავან ჰეპბერნი - დასარტყმელი საკრავები
  • იენ ჰორნელი - ბეკ-ვოკალები, გიტარა
  • მელანი ლუის-დონალდი - ბეკ-ვოკალი
  • დენი მერსდენი - საყვირი
  • მილტონ მაკდონალდი - გიტარა, ვოკალი
  • ლი პომროი - ბასი
  • ბერნი სმითი - კლავიშებიანები
  • მაიკ სტივენსი - გიტარა, ვოკალი
  • მაიკ მილსონი - პერკუსია, ვოკალი
ყოფილი წევრები

ქრონოლოგია

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hardy, Phil (1995). The Da Capo Companion to 20th-century Popular Music. Da Capo Press, გვ. 287. ISBN 978-0-306-80640-7. 
  2. Ankeny, Jason. Electric Light Orchestra. AllMusic.
  3. Breithaupt, Don; Breithaupt, Jeff (2000), Night Moves: Pop Music in the Late '70s, St. Martin's Press, ISBN 978-0-312-19821-3, http://books.google.com/books?id=mw1jAwAAQBAJ
  4. (2012) „Classical Influences: Art Rock and Progressive Rock“, რედ. Ray, Michael: Disco, Punk, New Wave, Heavy Metal, and More: Music in the 1970s and 1980s. Britannica Educational Publishing, გვ. 105. ISBN 978-1-61530-912-2. 
  5. Rob Michel. Electric Light Orchestra: Eldorado. Dutch Progressive Rock Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 27 July 2007.
  6. Casey Kasem's American Top 40 from March 15th, 1986
  7. Robert Porter. Electric Light Orchestra – The USA Singles. Jeff Lynne Song Database. ციტირების თარიღი: 27 July 2007.
  8. RIAA. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 2 October 2011.
  9. Home. Bpi.co.uk. ციტირების თარიღი: 2013-02-02.
  10. Electric Light Orchestra - Band History. Elo.biz. ციტირების თარიღი: 2 October 2011.
  11. Picking up where the Beatles left off ... Jeff Lynne and ELO. Photograph: Andre Csillag/Rex Alan McGee (16 October 2008). „ELO: The band the Beatles could have been“. The Guardian. ციტირების თარიღი: 9 December 2014.
  12. Electric Light Orchestra's No Answer. snopes.com. Retrieved 31 January 2011.
  13. Bevan, Bev (1980). The Elo Story. Mushroom Publishing, გვ. 174. ISBN 0907394000. 
  14. როი ვუდის ინტერვიუ Mojo-სთან
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 "ELO: UK Chart History". Official Charts Company. Retrieved 9 February 2015
  16. Eaton Music – Louis Clark. Web.archive.org (5 June 2008). Retrieved 31 January 2011.
  17. ELO Livin Thing American Music Awards 31 Jan 1977 Full. YouTube (25 February 2011)
  18. Casey Kasem's American Top 40 from 29 January 1977
  19. Robert Porter. Electric Light Orchestra – Out Of The Blue Tour: An in-depth look at the 1978 tour. Jeff Lynne Song Database. ციტირების თარიღი: 27 July 2007.
  20. Guinness World Records: "British Hit Singles 14th Edition", page 195. 0-85112-156-X
  21. Sara Benn. Xanadu gets UK premiere. Theatre news. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 August 2015.
  22. ELO - Calling América AB 5 Jul 1986. YouTube (31 May 2011).
  23. ELO - Disney's Summer Vacation Party (TV Show - 1986). YouTube (17 October 2012).
  24. Electric Light Orchestra (ELO) Concert at Birmingham NEC 1986 - Heartbeat 86. YouTube (28 May 2013).
  25. AllMusic
  26. „ELO a no-go“. The Philadelphia Inquirer. 18 August 2001. pp. E8. "The off-switch has been flipped on the Electric Light Orchestra. Or at least its tour, which was wired to illuminate the First Union Center on 15 Sept."
  27. Electric Light Orchestra "Live – The Early Years" for the first time on DVD | Altsounds.com News დაარქივებული 2010-05-22 საიტზე Wayback Machine. . Hangout.altsounds.com. Retrieved 31 January 2011.
  28. Live – The Early Years – Product Details დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine. . Eagle Rock. Retrieved 31 January 2011.
  29. Face The Music - HERE IS THE NEWS. ftmusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
  30. Releases : elo. Elo.biz (5 October 2012). ციტირების თარიღი: 2 February 2013.
  31. "Do Ya" Want More Reissues From Electric Light Orchestra and Jeff Lynne? « The Second Disc. Theseconddisc.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 2 February 2013.
  32. 32.0 32.1 Chereene Allen. twitter.com.
  33. Caroline Sullivan. Jeff Lynne’s ELO review – school-disco joy for 1970s maximalism. the Guardian.
  34. Review and setlist: Jeff Lynne’s ELO, Hyde Park, London. birminghammail (15 September 2014).
  35. Jeff Lynne's ELO signs with Columbia
  36. 36.0 36.1 http://www.npr.org/sections/allsongs/2015/09/24/442856182/electric-light-orchestra-returns-in-fine-form
  37. Ex-Voto Films. KOSH – Electric Light Orchestra on Vimeo. Vimeo.com. ციტირების თარიღი: 2 October 2011.
  38. Birminghammail.co.uk
  39. Daily Mail
  40. Cherryblossomclinic