ყელსახვევიანი წინტალა

(გადამისამართდა გვერდიდან Charadrius hiaticula)

ყელსახვევიანი წინტალა,[1] საყელოიანი წინტალა[2] (ლათ. Charadrius hiaticula) — ფრინველი წინტალების ქვერიგის მეჭვავიის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 18–20 სმ, მასა 55–73 გრამი. ტანი ჰორიზონტალურადაა დაყენებული, ფრთები გრძელი და მახვილია. ზურგი შეფერილია მორუხო-მურად; კეფასა და თავის გვერდებზე გასდევს გარდიგარდმო შავი ზოლები, კისერზე შავი რგოლი აქვს, რომელიც მკერდზე ფართოვდება და წარმოქმნის „ყელსახვევს“ (აქედან სახელწოდება); შუბლი, ყელი, კისერი და სხეულის ქვედა მხარე თეთრია. ნისკარტის წვერი შავი, მისი ფუძე და ფეხები ნარინჯისფერი. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს. უმთავრესად გავრცელებულია არქტიკისა და სუბარქტიკის ზღვის სანაპიროებსა და შიდა წყალსატევებზე; დასავლეთ ევროპაში გვხვდება ზომიერ განედებშიც. იზამთრებს ხმელთაშუა და წითელი ზღვების, სპარსეთის ყურის სანაპიროებზე და აფრიკაში.[3] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.[1] იკვებება მრავალნაირი უხერხემლოებით, რომლებსაც მიწის ზედაპირზე აგროვებს, ხშირად — ტალახში მიქცევის დროს. ცალკეულ წყვილებად ბუდობენ ქვიშიან, კენჭიან და ნიჟარებიან ცელებზე, სანაპიროს დიუნების ძირში, იშვიათად ღორღიან ტუნდრაში. საბუდარი ორმო ჩვეულებრივ საფენის გარეშეა. დედალი დებს 4 კვერცხს, ორივე მშობელი კრუხობს 24 დღის განმავლობაში, 21–23 დღე კი ბარტყებს უვლიან.[3]

ყელსახვევიანი წინტალა

ზრდასრული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Charadrius hiaticula (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693759
გავრცელება

  გამრავლება
  მიგრაციის მარშრუტები
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება
  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 18, 174, 203.
  3. 3.0 3.1 Лоскот В. М. ГАЛСТУЧНИК // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 335–336.