ჰულის ტბის ბრძოლა (1157)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰულის ტბის ბრძოლა.
ჰულის ტბის ბრძოლა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი ივნისი, 1157
მდებარეობა ჰულის ხეობა, დღევანდელი ისრაელი
შედეგი ზენგიდების გამარჯვება
მხარეები
იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო ზენგიდები
მეთაურები
იერუსალიმის სამეფოს დროშა ბალდუინ III ნურ ალ-დინ ზანჯი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია, სავარაუდოდ ძლიერი უცნობია

ჰულის ტბის ბრძოლა — ბრძოლა იერუსალიმის სამეფოსა და ზენგიდების არმიებს შორის. გაიმართა 1157 წლის ივნისში. არმიებს მეთაურობდნენ იერუსალიმის მეფე ბალდუინ III და ალეპოსა და დამასკოს ამირა ნურ ალ-დინ ზანჯი. დამთავრდა მუსლიმთა გამარჯვბით. მიუხედავად იმისა, რომ მეფემ და ჯარის ნაწილმა შეძლო ახლომდებარე ციხესიმაგრისათვის თავის შეფარება, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დაიღუპა ბრძოლაში ან დაატყვევეს. იერუსალიმის სამეფოს უარეს ზიანს თავი იმიტომ დააღწია, რომ მათ მოწინააღმდეგე ავად გახდა და ვერ შეძლო ამ გამარჯვების გამოყენება. ბრძოლის ადგილი (ჰულის ხეობა, დღ. ისრაელი) იმ დროს იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

წინაპირობები

რედაქტირება

1154 წელს ნურ ალ-დინ ზანჯიმ დაიკავა დამასკო და იგი შეუერთა სირიაში შექმნილ საკუთარ ზენგიდების სახელმწიფოს. იმის ნაცვლად, რომ მუსლიმი საამიროები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, მათ შეძლეს გაერთიანება და ჯვაროსნული სახელმწიფოებიის (იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო) არსებობისათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ყოველწლიურად, დამასკოელები დიდი რაოდენობის საქონელს აძოვებდნენ ბანიასის მიმდებარედ, რისთვისაც ფრანგების ნებართვა სჭირდებოდათ, რადგან ეს ტერიტორიები ფრანგებს ეკუთვნოდათ. 1157 წლის თებერვალში, ბალდუინმა არაგონივრულად შეუტია მათ და წაართვა საქონელი, რათა გადაეხადა საკუთარი ქვეყნის ვალები. ამ აგრესიის აქტმა დაარღვია ზავი. გაბრაზებულმა ნურ ალ-დინმა დაუყოვნებლივ დაიწყო შეტევა მიმდებარე ტერიტორიებზე.[1]

ნურ ალ-დინმა ალყაში მოაქცია გამაგრებული ქალაქი ბანიასი, რომელიც ჰერმონის მთის კალთაზე მდებარეობდა. ივნისში მეფე ბალდუინი არმიით დაიძრა ბანიასისკენ, რათა დახმარებოდა ქალაქს და მის დამცველ ჰოსპიტალიერებს. ბალდუინი და მისი რაინდები დაბანაკდნენ ჰულის ტბასთან ახლოს, იორდანეს ხეობაში, ზედა წელზე. მოულოდნელად მათ ნურ ალ-დინი დაესხა თავს და დაამარცხა ისინი. ვილჰელმ ტვიროსელი აღნიშნავს: „ლათინებს არც ერთი გუშაგი არ ჰყავდათ დაყენებული.“[2] ისტორიკოსი რ. სმეილი წერს, რომ ჯვაროსანთა დამარცხება განაპირობა ბალდუინის „დაუდევრობამ და სიფრთხილის ნაკლებობამ, როდესაც მტერთან ახლოს იმყოფებოდა.“[3] მეფემ და გადარჩენილმა ჯარისკაცებმა თავი საფედის (ცფათის) ციხესიმაგრეს შეაფარეს.[4] ზარალი მნიშვნელოვანი იყო. იბნ ალ-კალანისის ცნობით, ბევრი ჯვაროსანი დაატყვევეს და შემდეგ მათ დამასკოში გამარჯვების დღესასწაულზე თავები მოკვეთეს.[5]

შედეგები

რედაქტირება

საბრძოლო მოქმედებებში მძიმე დანაკარგების გარდა ჯვაროსნებმა დამარცხებაც განიცადეს. ბანიასი 1164 წლამდე დარჩა ქრისტიანთა ხელში. მალევე ნურ ალ-დინი ავად გახდა, ამით ისარგებლა ბალდუინმა და ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო კამპანია მოაწყო. მათ ალყა შემოარტყეს შაიზარს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს, სამაგიეროდ ანტიოქიის სამთავროს დაუბრუნეს ჰარიმის ციხესიმაგრე 1157 წლის ზამთარში. 1163 წელს ჯვაროსნებმა ნურ ალ-დინი დაამარცხეს ალ-ბუქაიის ბრძოლაში, მაგრამ 1164 წელს დამარცხდნენ ჰარიმის ბრძოლაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
  1. Oldenbourg, p 349
  2. Smail, p 124
  3. Smail, p 133
  4. Robinson, 1856, p. 426
  5. Oldenbourg, p 350