ჰუგო შუხარდტი
ჰუგო ერნსტ მარიო შუხარდტი (გერმ. Hugo Ernst Mario Schuchardt; დ. გოთა, გერმანია, 4 თებერვალი, 1842 — გ. გრაცი, 21 აპრილი, 1927) — გერმანელ-ავსტრიელი ენათმეცნიერი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერებისა და რომანული ფილოლოგიის პრობლემებზე, იკვლევდა ბასკურ, კავკასიურ, სემიტურ-ქამიტურ და სხვა ენებს.
ჰუგო შუხარდტი | |
---|---|
გერმ. Hugo Ernst Mario Schuchardt | |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1842[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | გოთა[6] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი, 1927[1] [2] [3] [4] [5] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | გრაცი[6] |
მოქალაქეობა | Duchy of Saxe-Coburg and Gotha |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[6] , უნივერსიტეტის პროფესორი, creolist, რომანისტი[7] და ქართველოლოგი |
მუშაობის ადგილი | გრაცის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ვოლნეის პრემია და ვოლნეის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაჰუგო შუხარდტი დაიბადა გერმანიის ქალაქ გოთაში. იზრდებოდა არისტოკრატიულ ოჯახში. მამა, ერნს იულიუს შუხარდტი, იყო ჰერცოგის ნოტარიუსი და იუსტიციის მრჩეველი. დედა – მალვინა ფონ ბრიდელ-ბრიდერი – შვეიცარიელი ფრანგი, რომლის მშობლებიც სასახლესთან დაახლოებულ წრეს ეკუთვნოდნენ.
ჰუგო შუხარდტი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უცხო ენების ადვილად ათვისების უნარით. სამი წლისამ დაიწყო ფრანგულის სწავლა, ამავდროულად იწაფებოდა გერმანულის კითხვაში. შვიდი წლის ასაკიდან კერძო მასწავლებელთან სწავლობდა ლათინურსა და ბერძნულს, დაინტერესებული იყო ებრაული და არაბული ენების შესწავლით.
მამამისის ზეგავლენით, 1859 წელს სამართლის სწავლა დაიწყო იენაში, თუმცა მომდევნო წელსვე გადავიდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1861 წელს სწავლა გააგრძელა ბონის უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის განხრით. 1864 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ვულგარული (ხალხური) ლათინურის ვოკალიზმი“.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაჰუგო შუხარდტი 1870 წლიდან კითხულობდა ლექციებს ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1873 წელს გახდა რომანული ფილოლოგიის პროფესორი ჰალეს უნივერსიტეტებში. 1876 წელს მიიწვიეს ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში, სადაც 1900 წლამდე ეკავა რომანული ფილოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა. მას შემოთავაზებები ჰქონდა ბუდაპეშტისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან, თუმცა გრაცში დარჩენა ამჯობინა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ავსტრიაში.
რომანული ენების გარდა იგი იკვლევდა კელტურ, ბასკურ, კრეოლურ და სხვა ენებს. ლინგვისატური მასალების შესაგროვებლად მოგზაურობდა უელსში (1875), ესპანეთსა (1879) და იტალიაში. 80-იანი წლების ბოლოდან იწყებს ბასკური ენის აქტიურ კვლევას. 1887 წლიდან აქვეყნებს პუბლიკაციებს ბასკური ენის, რომანულ-ბასკური ენობრივი კავშირების შესახებ. ბასკურ ენაში ცოდნის გასაღრმავებლად 1887 წელს ოთხი თვით იმოგზაურა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ესპანეთის საზღვართან მდებარე ატლანტიკური პირენეის სოფელ სარაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე იკვლევდა ბასკურ ენას, ბასკურის შესახებ მას 100-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.
ქართველოლოგია
რედაქტირებაბასკური ენის კვლევამ, პროფესორი შუახარდტი იბერიულ-კავკასიურ ენებანდე მიიყვანა. საფუძვლიანად შეისწავლა ძველი და ახალი ქართული. მან პირველმა მიუთითა ზოგ ისეთ ენობრივ მოვლენაზე, რომელიც იმ დროის ქართველი სპეციალისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მაგალითად: აბრუპტივების თავისებურება ქართულში, მახვილის ბრუნება, მოქმედებითი ბრუნვის -ივ ნიშნიანი ვარიანტი, მოთხრობითი ბრუნვისა და გარდამავალი ზმნის რაობა, დიალექტებში -ყე ნაწილაკის გამოყენება ირიბი ობიექტის მრავლობითობის აღსანიშავად და სხვ. შუახარდტი ხაზგასმით მიუთითებდა ქართულის, როგორც მთავარი ენის, შესწავლის მნიშვნელობას, ერთი მხრივ, ქართველურ ენათა კვლევის, მეორე მხრივ, ჩრდილოკავკასიურ ენებსა და ბასკურთან ნათესაობის დადგენის თვალსაზრისით. ბასკური და ქართული ზმნების ანალიზის საფუძველზე იგი არ გამორიცხავდა ამ ენათა მსგავსება-ნათესაობას.
ჰუგო შუახარდტი იყო პრაქტიკოსი მასწავლებელიც. მისი მოღვაწეობის პერიოდში გრაცის უნივერსიტეტში ფართოდ გაიშალა მრავალმხრივი ქართველოლოგიური საქმიანობა, ჩამოყალიბდა ქართული ენის შემსწავლელი სტუდენტების ჯგუფი, რომელსაც თვითონ ასწავლიდა. ქართული ენის შესახებ მისი გამოკვლევებიდან აღსანიშნავია 1895 წელს ვენაში გამოცემული ორი ნაშრომი: „ქართული ენის შესახებ“ (რომელიც მიუძღვნა პეტრე მელიქიშვილს) და „გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში“. ასევე, „ქართული ენათმეცნიერება“. I, II (1896), III (1897), „ცნობები ქართული ხელნაწერის შესახებ“ (1927) და სხვ. მსოფლიო ლინგვისტიკაში მანვე გაუკაფა გზა ტერმინს ”ქართველური ენები".
შუჰარდტს მუდმივი კონტატი ჰქონდა, საქართველოში და უცხოეთში მცოხოვრებ ქართველ მეცნიერებთან, სტუდენტებთან, ევროპელ ქართველოლოგებთან. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტრე მელიქიშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნოე ჟორდანიასთან ალექსანდრე ხახანაშვილთან, მოსე ჯანაშვილთან, ფილიპე გოგიჩაიშვილთან, აკაკი შანიძესთან, არტურ ლაისტთან და ა.შ. იგი ილია ჭავჭავაძეს ხშირად სთხოვდა მისთვის გაეგზავნა წიგნები, „ივერიის“ ნომრები, რომლებშიც მოთავსებული იყო წერილები ქართველი ხალხის ცხოვრების, ეთნოგრაფიისა და ქართული ენათმეცნიერების შესახებ.
1895 წლის 11 ივნისს ჰუგო შუხარდტი ილია ჭავჭავაძეს სწერდა:[8]
იქნებ სიკეთე მყოთ და მაცნობოთ, შესაძლოა თუ არა იშოვოთ ჩემთვის „ივერიის“ იმ ნომრისა (1884 – 1885... -ის ?), რომელშიც მოთავსებულია ბ. ჩუბინაშვილის წერილი: „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა.“
ამავე დროს ძალიან მსურს ვიცოდე, თუ არის ამ ჟურნალში სხვა წერილები, რომელნიც ქართულ ენათმეცნიერებას ეხებიან.
გთხოვთ მაპატიოთ შეწუხებისთვის. მე ძალიან დაინტერესებული ვარ ქართული ენით. „ეხლა დავიწყებ კითხვასა თქვენს წერილისა: „ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე“, მაგრამ ძალიან ძნელია ჩემთვის. თქვენი აღმატებულების პატივისმცემელი“ (ბრჭყალებში ჩასმული წინადადებები დედანში ქართულად არის დაწერილი).
მოსე ჯანაშვილის პირად აქრივში ინახება ჰუგო შუხარტის წერილები. ერთ-ერთ მადგანში ჰუგო იწერება:[9]
დიდ მადლობას მოგახსენებთ შოთა რუსთაველისა და ფარსადან გოგრიჯანიძის თარგმანების გამოგზავნისთვის. ამ თარგმანებს უდიდესი გულისყურით წავიკითხავ...
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით და ქართველი მეცნიერები წლების განმავლობაში სისტემატურად უგზავნიდნენ შუხარდტს საჭირო ლიტერატურას.
შუხარდტს დიდი წვლილი მიუძვის ძველი ქართული ხელნაწერების დაცვა-გადარჩენისა და შესწავლის საქმეში. მან ქართულ კულტურას შემოუნახა რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის VII საუკუნის „ხანმეტი ლექციონარი“.
XIX საუკუნის დასასრულს სირია-პალესტინიდან გაჰქონდათ უძველესი ხელნაწერები ევროპასა და ამერიკაში. სწორედ ამ გზით მოხვდა „ხანმეტი ლექციონარი“ ოთხ სხვა ქარულ ხელნაწერთან ერთად ავსტრიაში, რომელიც შუხარდტს შეუძენია XX საუკუნის მიწურულს ვინმე ავსტრიელი მხატვარისგან. როგორც ირკვევა, მხატვარს ხელთ ჩაუვარდა სინას მთის ხუთი ქართული ხელნაწერი, ისინი ვენაში ჩამოიტანა და შესაძენად შესთავაზა ვენის სასახლის ბიბლიოთეკის დირექტორ ფონ ცაისბერგს, მაგრამ მან, ხელნაწერთა საეჭვო წარმომავლობის გამო, უარი თქვა მათ შეძენაზე. ამის შემდეგ ისინი შუხარდტს შეუძენია.[10] მან ხანმეტი ტექსტის შესწავლა იმ დროს დაიწყო, როცა ქართველმა მეცნიერებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ ხანმეტობის შესახებ. შუხარდტმა დაწერა ნაშრომი „ცნობები ქართული ხელნაწერების შესახებ“, თუმცა მაშინვე არ გამოუქვეყნებია. მან ნაშრომი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა აკაკი შანიძეს, რომელმაც იგი გამოსცა 1928 წელს (ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. VIII, გვ. 347-376). აკაკი შანიძემ მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ნაშრომს და შუხარდტის სახელს დაუკავშირა ხანმეტი ძეგლების შესწავლის წამოწყება.
ცხოვრების ბოლო წლები
რედაქტირება1900 წელს შუხარდტმა დატოვა რომანული ენების კათედრის გამგის თანამდებობა. საცხოვრებლად დარჩა გრაცში, აიშენა ვილა და დედის საპატივსაცემოდ დაარქვა „მალვინას ვილა“. ცხოვრების ბოლო წლებში ჩამოშორდა რომანულ ფილოლოგიას, მეტწილად დაკავებული იყო ბასკური და ქართველური ენების კვლევით. დიდი სურვილის მიუხედავად, შუხარდტმა ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ოჯახი არ შეუქმნია. 1926 წლის სექტემბრიდან ლოგინად ჩავარდა. გარდაიცვალა 1927 წლის 21 აპრილს. ანდერძის თანახმად, მას კრემაცია გაუკეთეს და ფერფლი გრაცში საკუთარი ვილის კედელში ჩაატანეს. შუხარდტმა გრაცის უნივერსიტეტს უანდერძა პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 20 000 წიგნს ითვლის, ხოლო ვილა – მის სიცოხცლეშივე დაარსებულ „მალვინას ფონდს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოზალიშვილი შ., ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. – თბ., 1973. – გვ. 34-51.
- თოფურია გ., იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია. – თბ., 2014. – გვ. 622, 704.
- იმნაიშვილი ვ., არდავიწყება მოყვრისა... : (ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობიდან). – თბ., 2006. – გვ. 3-41.
- ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. – თბ., 2012. – გვ. 46-54.
- ფეიქრიშვილი ჟ., ქართველოლოგიის შესავალი. – თბ., 2015. – გვ. 204-206.
- ფუტკარაძე ქ., საზღვარგარეთის ქართველოლოგიური კერები და ემიგრანტი ქართველი მკვლევრები აკადემიური ცოდნის გაცვლის კონტექსტში // არხეიონი = Archeion / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო. N XVII. – თბ., 2018. – გვ. 3-17.
- ქართული ენა: ენციკლოპედია. – თბ. 2008. – გვ.549-550.
- ქართული ენის ისტორია / აკაკი წერეთლის სახ. უნ-ტი ; ტ. ფუტკარაძის საერთო რედ. – ქუთაისი , 2006. – გვ. 121-122.
- შანიძე ა., ქართული ხელნაწერები გრაცში // ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, IX. – ტფ., 1929. – გვ. 309-353.
- შანიძე ა., ჰუგო შუხარდტი : 1842 - 1927 // კომუნისტი. – თბ., 1927. – 8 მაისი, N102. – გვ.5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 KNAW Past Members
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118611046 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ გოზალიშვილი შ., ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. – თბ., 1973. – გვ. 35-36.
- ↑ ჰუგო შუხარდტის წერილები მოსე ჯანაშვილისადმი // საუნჯე : მსოფლიო ლიტერატურის ორთვიური ალმანახი. – თბ., 1975. N 5 – გვ. 206-209.
- ↑ შანიძე ა., ქართული ხელნაწერები გრაცში // ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, IX. – ტფ., 1929. – გვ. 310-311.