ხანმეტი ლექციონარი
ხანმეტი ლექციონარი — ძველი ქართული ხელნაწერი. ლექციონარი არის იმ ოთხ წიგნს შორის, რომელიც სინის მთაზე ინახებოდა სანამ ევროპაში წაიღებდნენ. ის ბოლოს ავსტრიელი ენათმეცნიერის, ჰუგო შუხარდტის ხელში აღმოჩნდა, რომელიც მას 1897 წლის თებერვალში 420 გულდენად მიჰყიდა ვენელმა მახატვარმა.
ხანმეტი ლექციონარი | |
---|---|
შექმნის თარიღი | VII საუკუნე |
გამოკვლევა ჩაატარა | აკაკი შანიძე |
შემმოსველი | იოანე-ზოსიმე |
ფურცლების რაოდენობა | 27 |
იერუსალიმიდან სინის მთაზე წაღება
რედაქტირებაძველად საზღვარგარეთ, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის მოწინავე ქრისტიანულ ქვეყნებში, ქართველები მრავლად იყვნენ ეკლესია-მონასტრებში, სადაც გაჩაღებული იყო ფართო ლიტერატურულ-კულტურული მუშაობა: წიგნების თარგმნა, გადაწერა, შემკობა-შემოსვა და სხვა. აღმოსავლეთში ასეთ კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდა შავი, ანუ საკვირველი მთა (ანტიოქიის მახლობლად სირიაში) და იერუსალიმი. ამ უკანასკნელში, როგორც ვიცით, ჯერ კიდევ V საუკუნის პირველ ნახევარში ქართველთა მეფის ძემ პეტრე იბერმა დააარსა ქართველთა მონასტერი. აქვე ცნობილი იყო ხარიტონის ლავრა ანუ პალავრა (ძველი ლავრა) და საბაწმიდის ლავრა, სადაც სხვა ხალხთა წარმომადგენლებთან ერთად ქართველებიც დიდი კულტურულ საქმიანობას ეწეოდნენ. XI საუკუნეში იერუსალიმშივე გაშენდა ქართული მწერლობის ახალი კერა — ჯვრის მონასტერი.
ქართული კულტურის ამ საზღვარგარეთული ცენტრებიდან თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებით გამოირჩევა საბაწმიდის ლავრა, დაარსებული 483 წელს. აქ ქართველებს ფართო ლიტერატურული საქმიანობა ჰქონიათ გაშლილი, განსაკუთრებით VIII—X საუკუნეებში. აქ შეიქმნა ოთხთავის თარგმანის ის რედაქცია, რომელიც ცნობილია საბაწმიდურის სახელით. აქვე ინახებოდა ხანმეტი ლექციონარი და დანარჩენი წიგნები.
პალესტინის მონასტრები IX — X საუკუნეებში მეტისმეტად შეავიწროვეს და არაერთხელ ააოხრეს არაბებმა. სინის მთა კი, კარგი მოფარებული ადგილი ყოფილა. მეათე საუკუნის სამოციან წლებში ქართველი ბერები სხვა მონასტრებიდან აყრილან და სინის მთაზე გადასახლებულან. მათ იქ თან წაუღიათ და დაღუპვისაგან გადაურჩენიათ მრავალი ძველი ხელნაწერი: ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, წმინდანთა ცხოვრებანი, მრავალთავები, საგალობელთა კრებულები - ძველი ქართული სანოტო ნიშნებით და სხვანი. ამ წიგნებს შორის იყო ზემოთ ნახსენები ხანმეტი ლექციონარიც.
ლექციონარი ეწოდება კრებულს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან ამოკრებილი მთელი წლის საკითხავებისას, რომელებიც ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით იკითხებოდა.
წარმომავლობა, პალეოგრაფია და ენა
რედაქტირებახანმეტი ლექციონარი წარმოადგენს ლექციონარის ადრინდელ რედაქციას, რომელსაც სიმარტივე ახასიათებს. ხელნაწერი დაზიანებული სახითაა მოღწეული და გადამწერის ან გადაწერის დროისა და ადგილის შესახებ არავითარი ცნობა არ არის ცნობილი. აკადემიკოსი აკაკი შანიძე მას პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით VII საუკუნით ათარიღებს. მისივე დაკვირვებით, წიგნის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი ორი პირის მიერ არის გადაწერილი. სავარაუდებელია, რომ ხანმეტი ლექციონარი დაიწერა პალესტინის რომელიმე მონასტერში, სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ და დაიწერა უფრო ადრე, ვიდრე „საბაწმიდური“ რედაქცია შემუშავდებოდა. ამის თაობაზე აკაკი შანიძე ამბობს:
ჯერ კარგად არ ვიცით, როდიდან იწყება ის ორთოგრაფიული მიმართულება, რომელსაც, გიორგი მთაწმიდელის თქმით, საბაწმიდური ეწოდება, მაგრამ ცხადია, რომ ის ადრე უნდა დაწყებულიყო, VIII საუკუნის დასაწყისში მაინც, იმიტომ რომ საბაწმიდაში 864 წელს გადაწერილი მრავალ თავი სხვა ნორმებს გვიჩვენებს ენობრივად, ვიდრე ჩვენი ხანმეტი ძეგლი. ამ ნორმების მისაღებად უეჭველია კარგა ხნის მუშაობა უნდა ყოფილიყო ჩატარებული სალიტერატურო სკოლებში საბაწმიდის ლავრის მეთაურობით, ამ ორთოგრაფიული მიმდინარეობისათვის ცოცხალ ენას უნდა მიეცა მტკიცე დასაყრდენი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასაუბრო ენაში ხანმეტობა ამ რეფორმის დროს იმდენად გადავარდნილი უნდა ყოფილიყო, რომ გადასწორება და გადაკეთება ძველად ნაწერი საეკლესიო წიგნებისა მისაღები ყოფილიყო მასების თვალში. ჩვენი ძეგლი კი ისეთ დროსაა გადაწერილი, რომ ხანმეტობა მკვიდრი მოვლენაა სალიტერატურო ენაში.
ხანმეტ ლექციონარში გვხვდება რამდენიმე ჰაემეტი ფორმაც, ორიოდე შემთხვევაში კი პირის ნიშანი ზმნაში ხმოვნების წინ სულ დაკარგულია, მაგრამ მთლიანად ძეგლი კარგად იცავს ხანმეტობისდროინდელ ნორმას. იგი განსაკუთრებულ ადგილს იჭერს სხვა ხანმეტ ხელნაწერთა შორის იმით, რომ პალიმფსესტს არ წარმოადგენს და თითქმის უცვლელად ასახავს ხანმეტობის სურათს. მართალია, გვიანდელ პერიოდში ზმნებში ხმოვნების წინ ხანები ზოგან ამოუფხეკიათ, მაგრამ ხანმეტი ფორმები ხელუხლებლადაც ბევრია დარჩენილი, ხოლო სადაც ამოფხეკილია, იქ ხ-ს კვალი მაინც კარგად ჩანს.
შეკინძვა და გადაწერა
რედაქტირებაუფრო მეტი ზიანი ხელნაწერს მოცულობის მხრივ განუცდია. იგი ამჟამად შეიცავს სულ 27 ფურცელს. ძნელი სათქმელია, როგორი მოცულობის უნდა ყოფილიყო წიგნი თავდაპირველად, მაგრამ ის კი ჩანს, რომ შედარებით ახლო წარსულში ორჯერ დიდი ყოფილა. ჩამოჭრილი და მოხეული ფურცლების კვალი მას თავშიც ეტყობა და ბოლოშიც, შუა ნაწილის ფურცლები კი ყველა დაცულია, მხოლოდ დაზიანებული ნაშიები ჩამოუჭრიათ. ფურცლები პატარა ზომისაა, ნაწერია მსხვილი ასომთავრულით და თითო გვერდზე სულ 10–12 სტრიქონი ეტევა.
წიგნის შემმოსელის, ანუ შემკინძველისა და ყდაში ჩამსმელის ანდერძში ნათქვამია:
შეიმოსა წმიდა ესე წიგნი სინაწმიდას კელითა იოვანე ფრიად ცოდვილისაითა, ბრძანებითა და მოღუაწებითა მიქაელ პატიოსნისა მღდელისა კათამო ნელისაითა, დღეთა ოდენ უგუნურად და ბოროტად მოხუცე ბულებისა ჩუენისათა, სალოცველად ჩუენდა, დასაბამითგან წელთა ქართულად ხფპზ-სა და ქრონიკონი იყო ქართულად სგ... ქრისტე, შეიწყალე მიქაელ და იოვანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტეანენი. ლოცვა ყავთ ჩუენთს, წმიდანო ღმრთისანო, ლოცვა ყავთ!
მოცემული თარიღები უდრის 983 წელს. მაშასადამე, პალესტინიდან სინის მთაზე ატანილი ხანმეტი ლექციონარი, რომელიც იმ დროს უკვე დაზიანებული და ყდაშემოცვეთილი ყოფილა, მიქაელ კათამონელის ბრძანებით იოანე-ზოსიმეს 983 წელს ყდაში ჩაუსვია.
იოანე-ზოსიმეს ანდერძში წერია:[1]
ამის ჟამის წირვისა დედასა მრავალი განგება და ლოცვები და სიტყვები აკლდა თავითგან ვიდრე დასასრულამდე, ვითა მე ვიცოდე მოძღუართაგან და ჩემთა ჟამის წირვათა შინა ეწერა და ვერ დიად ჩემი გულისა იყო, ხოლო ვინ მაწერიებდა, მევედრებოდა ფრიად, რაითა რაი მაგას შინა სწერია, იგია ოდენ დამიწერეო, აწ იგიად ოდენ დამიჩხრეკია.
ამ წიგნის დედანი თავიდან ბოლოდე ნაკლული იყო და იმას არ უდგებოდა, რაც მე მასწავლებლები საგან მქონდა ნასწავლი ან ჩემი ჟამისწირვის წიგნებში ეწერა, ამიტომაც არ მომწონდაო, მაგრამ ვინც ამას მაწერინებდა, მეხვეწებოდა: რაც მაგაში სწერია, მარტო ის დამიწერეო. მეც მარტო ის დავწერე, რაც დედანში ეწერაო - ამბობდა იგი.
სამწუხაროდ, იოანე-ზოსიმე არ ახსენებს იმ კაცის სახელს, ვინც მას ასეთი დავალება მისცა. ადვილი შესაძლებელია, ის იგივე მიქელ კათამობელი იყოს, რომელმაც იოანე ზოსიმეს ხანმეტი ლექციონარის ყდაში ჩასმა შეუკვეთა.
XVIII საუკუნეში, ერთხელ კიდევ საჭირო გახდა ამ წიგნის ხელახლა შეკინძვა და ყდის გამოცვლა. როდის დაზიანდა იგი და როდის დაკარგა ახალი ყდა, ან რა მოუვიდა მისგან ჩამოჭრილ-ჩამოხეულ ფურცლებს, არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ 1883 წლისათვის გადარჩენილი იყო წიგნის 29 ფურცელი, რომლებიც სინის მთაზე ნახა და აღწერა პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა.[2][3] მას აღწერისას შეცდომა მოუვიდა: ლექციონარი იოანეს სახარებად მიიჩნია და IX—X საუკუნეებით დაათარიღა.
შესწავლა და ასლების გამოცემა
რედაქტირებაXIX საუკუნის მიწურულში, 1896 წელს, სინის მთიდან მალულად გაიტანეს რამდენიმე ქართული ხელნაწერი, მათ შორის ხანმეტი ლექციონარი, რომელიც ბოლოს ავსტრიაში აღმოჩნდა.
ამ დროისათვის ლექციონარს კიდევ ორი ფურცელი დაჰკლებოდა: ერთი თავში და ერთი ბოლოში. როგორც ვთქვით, ქართული ხელნაწერები ავსტრიაში გრაცის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ქართველოლოგის, ჰუგო შუხარდტის ხელში მოხვდა. შუხარდტს დაუწყია მათი შესწავლა, ყურადღება მიუქცევია საინტერესო ენობრივი მოვლენებისთვის, მათ შორის, ლექციონარის ხანმეტი ფორმებისათვის, მაგრამ თავისი დაკვირვებანი მას დიდხანს მხოლოდ შენიშვნების სახით ჰქონია გაკეთებული და გამოკვლევის სახე არ მიუცია. თავისი შენიშვნები ქართულ ხელნაწერებზე შუხარდტმა 1927 წელს გამოუგზავნა აკაკი შანიძეს, რომელმაც იმავე წელს გამოაქვეყნა ეს ნაშრომი თბილისის უნივერსიტეტის მოამბის VIII ტომში. შუხარდტის ნაშრომი აკაკი შანიძეს ჯერ მიღებულიც არ ჰქონდა, როცა მოვიდა ცნობა ამ გამოჩენილი მეცნიერის გარდაცვალების შესახებ. მან თავისი ბიბლიოთეკა ანდერძით გრაცის უნივერსიტეტს დაუტოვა. ცხადია, ქართული ხელნაწერებიც გრაცის უნივერსიტეტში მოხვდა. აქ ეს ხელნაწერები აკაკი შანიძის თხოვნით, ნახა და აღწერა აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა, რომელიც სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ 1928 წელს. ჩუბინაშვილმა დაუკვეთა ხანმეტი ლექციონარის სურათები (ფოტოპირები) მთლიანად, დანარჩენი ხელნაწერებისა კი ნიმუშები. სურათები მალე მოვიდა ფოსტით და აკაკი შანიძე შეუდგა გრაცში დაცული ქართული ხელნაწერების უფრო გულდასმით შესწავლას. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის მოამბის IX ტომში დაიბეჭდა აკაკი შანიძის გამოკვლევა „ქართული ხელნაწერები გრაცში“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანმეტ ლექციონარს და მთლიანად გამოქვეყნდა მისი ტექსტიც. იქვე მეცნიერი იუწყებოდა, განზრახული გვაქვს ახლო მომავალში ეს ძეგლი ფოტოტპიურადაც გამოვცეთო, მაგრამ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ცოტა დაგვიანდა. ხანმეტი ლექციონარი ცალკე წიგნად გამოიცა 1944 წელს, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით დაარსდა „ძველი ქართული ენის ძეგლების“ სერია. ხანმეტი ლექციონარი იყო ამ სერიის პირველი წიგნი. ამ გამოცემაში ძეგლი ფოტოტიპიურადაც არის წარმოდგენილი: დაბეჭდილია ყველა გვერდის ფოტოსურათი დედნის ზომების დაცვით. ტექსტს ახლავს სიმფონია-ლექსიკონი, ანუ ისეთი ლექსიკონი, სადაც შეტანილია ყველა სიტყვის ყველა ფორმა, რაც კი ტექსტში გვხვდება. ასეთ სიმფონია-ლექსიკონს დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ენის სიტყვათა ფონდისა და გრამატიკული ფორმების შესწავლისათვის. ზემოხსენებული სიმფონია-ლექსიკონი პირველი იყო ქართულ ენაზე და საფუძვლად დაედო შემდგომ მუშაობას ამ მიმართულებით. შემდგომში გამოჩნდა ის ორი დაკარგული ფურცელიც, რომლებიც ხანმეტი ლექციონარისათვის თავსა და ბოლოში მოუცილებიათ სინის მთიდან წამოღების შემდეგ. პირველი ფურცელი, რომელიც ამჟამად სხვა ქართული ხელნაწერის ორ ფურცელთან ერთად არის აკინძული, შეუძენია პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკას.[4] ამ ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა 1933 წელს.[5] იმ დროს ხანმეტი ლექციონარის ფურცელი იქ ჯერ კიდევ არ ყოფილა. როდის და ვისგან შეიძინეს იგი, ზუსტად ცნობილი არაა. მის შესახებ სპეციალური წერილი ეკუთვნის ბერნარ უტიეს[6]. რამდენიმე დაკარგული ფურცელი აღმოჩნდა ბირმინგემში მინგანას ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში, ალფონს მინგანას ისინი უყიდია 1924—1929 წლებში ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს. მინგანას კოლექციის ქართული ფურცლების ტექსტი გამოსცა ცნობილმა მკვლევარმა ჟერარ გარიტმა. ერთ-ერთ ფურცელზე მოთავსებულია წიგნის შემმოსელის იოანე-ზოსიმეს ანდერძი. მეორე ფურცელზე სინის მთის № 78 ხელნაწერის ანდერძია. იგი აღწერილი იყო ალექსანდრე ცაგარელის მიერ. ხელნაწერი შეიცავს ეფრემ ასურის სწავლათა თარგმანს, რომელიც გადაწერილია IX საუკუნეში გიორგი ტფილელის მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. შანიძე, ქართული ხელნაწერები გრაცში, ტუმ, IX, 1929.
- ა. შანიძე, ხანმეტი ლექციონარი. ძველი ქართული ენის ძეგლები, I, 1944.
- ბერნარ უტიე, ქართული ხანმეტი ლექციონარის ერთი ფურცელი პარიზში. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, #1, 1973.
- ჟერარ გარიტი, მინგანას კოლექციის ქართული ფურცლები. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, #3, 1973.
- ვ. იმნაიშვილი, ვინ ყიდდა ავსტრიაში ქართულ ხელნაწერებს. „ცისკარი“, #8, 1979.
- თბილისის უნივერსიტეტის მოამბე, 8 (1928), გვ. 366-368 (შეადარე ახალი აღთქმის გამოცემა, ტფილისი, 1879. მისი ტექსტი იწყება მათე, 28, 7b)
- J. Molitor, Monumenta iberica antiquiora (CSCO, 166, Subsidia 10).
- Louven, 1956, (გვ. VIII, № IX-XIცნობა აკ. შანიძის გამოცემაზე. ქართული ტექსტი ლათინური თარგმანით-გვ. 13-39. ა. შანიძის ფოტოტიპიური გამოცემის შესახებ თავაზიანად მოწოდებული ცნობებისათვის მადლობას ვუხდით ბატ ს. მერსიეს).
- ხანმეტი ლექციონარი, ფოტოტიპური რეპროდუქცია, გამოსცა და სიმფონია დაურთო ა. შანიძემ, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1944, გვ. 07-026
- А. Цагарели, каталог грузинских рукописей Синайского монастыря,Правосдавный Паоестинский Сборник, ტ. IV, სანკტ-პეტერბურგი, 1888, ხელნაწერი 9, გვ.199-200.
- შარაძე,1980:236-296
- Pearson, 1954:43; Garitte, 1960:239-259
- Outtier, 1972:393-402
- А. Цагарели, каталог грузинских рукописей Синайского монастыря,Правосдавный Паоестинский Сборник, ტ. IV, სანკტ-პეტერბურგი, 1888, ხელნაწერი 9, გვ.199-200.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ხანმეტი ლექციონარი. digitallibrary.tsu.ge. shanidze_xanmeti.pdf
- ↑ tbilisis-universitetis-shromebi-tomi-340. digitallibrary.tsu.ge
- ↑ სასულიერო ხელნაწერები. geomanuscript.ge. მეოთხე აბზაცი - ლექციონარი
- ↑ ქართული ხანმეტი ლექციონარის ერთი ფურცელი პარიზში. kartvelologybooks.tsu.ge.
- ↑ ქართული ხელნაწერი უცხოეთის საცავებში (საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა). spekali.tsu.ge/index.php. ISSN 1987-8583
- ↑ ბერნარ უტიე. www.wikiwand.com. ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტები