ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰანს კამსტრუფ ფოგტი (ნორვ. Hans Vogt, დ. 1 ივნისი, 1903 — გ. 25 სექტემბერი, 1986) — ნორვეგიელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ის ასევე მუშაობდა სალიშურ ენებზე და მანვე შექმნა უბიხური ენის ლექსიკონი.

ჰანს ფოგტი
ნორვ. Hans Vogt
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1903[1][2]
დაბ. ადგილი ფრედრიკსტადი, ნორვეგია
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1986 (83 წლის)[1]
გარდ. ადგილი ოსლო, ნორვეგია
მოქალაქეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
საქმიანობა ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემია,
ნორვეგიის ენებისა და ლიტერატურის აკადემია
მეუღლე Jo Vogt[3]
ჯილდოები წმინა ოლაფის ორდენი[4][5]
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება, კავკასიოლოგია, ქართველოლოგია

1964-დან 1969 წლამდე ჰანს ფოგტი იყო ოსლოს უნივერსიტეტის რექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

ცნობილი ნორვეგიელი ენათმეცნიერის ჰანს ფოგტის კავკასიური ენებით დაინტერესება 1920-იანი წლების ბოლოს ქართულით დაიწყო. 1932 წელს მან მოიპოვა ნორვეგიის მთავრობის სტიპენდია და საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ქართული და სვანურის შესწავლას შეუდგა. ძველ და ახალ ქართულს ჰანსს — აკაკი შანიძე, ხოლო სვანურ ენას — ვარლამ თოფურია ასწავლიდა.

კავკასიური ენებითა და კერძიდ ქართული ენით დაინტერესების შესახებ ჰანს ფოგტი ამბობდა: „ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისით, კავკასიური ენების ჯგუფი ძალიან მაინტერესებდა. ამიტომ მინდოდა შემესწავლა მინიმუმ ერთი კავკასიური ენა. ეს საზოგადო ენათმეცნიერების განყოფილებაში არის, მაგრამ ის ძალიან განსხვავდება ჩვენი ენებისაგან. დღესდღეობით არიან ადამიანები, რომლებიც ქართულად კარგად კითხულობენ მაგრამ ლაპარაკი, რა თქმა უნდა, უჭირთ. ლაპარაკის სწავლა შეუძლებელია თუ იმ ქვეყანაში არ ცხოვრობ, სადაც ამ ენაზე საუბრობენ, ეს ერთადერთი საშუალებაა ენის სასწავლად. ქართველ ავტორებს, ალბათ, თქვენ სკოლაში სწავლობთ, როგორებიცაა: ალექსანდრე ყაზბეგი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველა. მე პირველი ნორვეგიელი ვარ, რომელმაც ქართული ენა შეისწავლა და ჩემს დროს, მინდა გითხრათ რომ მეგონა პირველი უცხოელი ვიყავი ვინც ამას აკეთებდა, ქართულად ლაპარაკობდა. მე პიონერი ვიყავი“.[6]

1937 წლიდან ჰანს ფოგტი იყო ნორვეგიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი, 1957 წლიდან დანიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი და 1971 წლიდან ნორვეგიის ენებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი. ის იყო დამსახურებული წევრი ამერიკის ენათმეცნიერთა ასოციაციაში (ინგლ. Linguistic Society of America), ევროპის კავკასიოლოგთა ასოციაციაში (ლათ. Societas Caucasologica Europaea) და საქართველოს ენების აკადემიაში.

1946 წლიდან ის იყო რომანული ენების პროფესორი ოსლოს უნივერსიტეტში, 1963–1973 წლებში კი ზოგადი ენათმეცნიერების პროფესორი. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა ქართული ენისა და სომხური ენის გრამატიკის შესახებ. ის ასევე მუშაობდა ნორვეგიული, ოსური, ბასკური, ბურუშული და ვაშინგტონის შტატში მცხოვრები კალისპელელი ინდიელების ენების ფონეტიკაზე. ასევე უბიხურ ენაზე. მის კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ენობრივი ჩარევის პრობლემებს, განსაკუთრებით კავკასიური ენების ჭრილში. ის შემოქმედებაზე გავლენას ახდენს ფერდინანდ დე სოსიურის სტრუქტურალიზმი, ანტუან მეიეს ისტორიული შედარებითი მიდგომა, ლუი იელმსლევის გლოსემატიკა, პრაღის „ლინგვისტური წრე“ და ამერიკული სტრუქტურალიზმი. მის გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა: ნომინალური ჯგუფები ძველ სომხურ და ძველ ქართულ ენებში (ფრანგ. Les Groupes nominaux en arménien et en géorgien anciens, 1932) და ქართული ენის გრამატიკა (ფრანგ. Grammaire de la langue géorgienne, 1971).

 
მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის შენობა

ოსლოს ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო განყოფილებაში დაცულ ჰანს ფოგტის არქივში, სხვა მნიშვნელოვან მასალასთან ერთად, დაცულია მისი სამუშაო რვეულები თანამედროვე და ძველი ქართულისთვის. რვეულებში განხილულია ქართული ენის თავისებურებები და გაკეთებულია დამატებითი შენიშვნები. როგორც ცნობილია, ჰანს ფოგტის სადისერტაციო ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც 1936 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოიცა, აკაკი შანიძის 1930 წლის ქართული ენის გრამატიკას ეყრდნობა.

წერილები

რედაქტირება

გარდა ამისა, ნორვეგიის სახელმწიფო არქივში დაცულია ჰანს ფოგტის ანგარიშები, რომლებსაც თბილისიდან 1932- 1933 წლებში სისტემატურად გზავნიდა ოსლოს შედარებითი კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან ფრედრიკ სტანთან. წერილებში ჰანსი ხშირად იხსენიებს აკაკი შანიძეს, როგორც მის პედაგოგს. ჰანს ფოგტის წერილებიდან ჩანს, რომ აკაკი შანიძე ხელმძღვანელობდა ფოგტის მუშაობას საქართველოში ყოფნისას და მას მუდმივად რჩევებს აძლევდა.[7]

ჩვენამდე შემორჩენილია ჰანს ფოგტის წერილი სიმონ ჯანაშიას, რომლის ტექსტიც შემდეგნაირია:

 
„დიდად პატივცემულს

ბ. სიმონ ჯანაშიას,

საბჭოთა წარმომადგენლობის საშუალებით მე დღეს მივიღე თქვენი История Грузии Частъ I, 1946, რომლისთვისაც დიდ მადლობას გიძღვნით. როგორც ეს ინსტიტუტი, სადაც სეკრეტარად ვმუშაობ, ომამდე ღებულობდა ქართული მეცნიერული ინსტიტუტების უმთავრესს გამოცემებს, მე შემეძლო თქვენი სტატიების წაკითხვა და თქვენი საინტერესო დასკვნების გადამუშავება. ამ დღეებში ერთ ენათმეცნიერულ სტატიას ვამთავრებ, ძველი ქართული ენის ბრუნვებზე და შემთხვევა მქონდა თვენი მუშაობა Tubal-Tibareni ზე მომეხსენა.

მე იმედი მაქვს რომ წიგნების გადმო–გადაგზავნა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა უფრო ადვილი იქნება, ასე რომ ყოველთვის შემეძლება გამოვატანო ევროპელ ენათმეცნიერებისა და ისტორიკოსებისთვის ქართული მეცნიერული მუშაობა.

უკვე თოთხმეტი წელიწადია, რაც თბილისში ვსწავლობდი და იშვიათად მქონდა შემთხვევა ქართულ ენაზე ლაპარაკისა. ამიტომ ბოდიშს ვიხდი ჩემი ქართულისათვის, მაგრამ ჩემი გრძნობები საბჭოთა საქართველოსთვის, მისი ერისა და ენისათვის, იგივე დარჩა.

დიდი პატივისცემით,

ჰანს ფოქტი

1946 წ.[8]
 
წმინდა ოლაფის ორდენი

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

ჰანს ფოგტი იყო პოლიტიკური ორგანიზაციის, მუტ დაგის (ნორვ. Mot Dag, სიტყვა სიტყვით: დღევანდელი დღისკენ) წევრი 1926 წლიდან 1936 წლამდე.[4]

1932 წელს ჰანსმა გამოსცა წინგი Målstrid og klassekamp, სადაც სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა საამებისა და კვენების ნორვეგიზაციაში.[9]

ჯილდოები

რედაქტირება

ჰანს ფოგტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი 1967 წელს მიიღო და ამავე წელს მოიპოვა ნანსენის ჯილდო გამოჩენილი კვლევებისთვის. 1966 წელს ის გახდა წმინდა ოლაფის ორდენის მფლობელი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.[4][5]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ფოგტი, ჰანს 1932: Målstrid og klassekamp. Oslo: Fram forlag.
  • ფოგტი, ჰანს 1940: The kalispel language : an outline of the grammar with texts, translations, and dictionary. Det norske vitenskaps-akademi i Oslo.
  • ფოგტი, ჰანს 1945: Forelesninger i almen språkvitenskap : (det propedeutiske kursus Universitetet i Oslo: Lingvistisk institutt.
  • ბერგსლანდ, კნუტ; & ფოგტი, ჰანს. 1962: On the validity of glottochronology. Current Anthropology, 3, 115-153.
  • ფოგტი, ჰანს 1963: Dictionnaire de la langue oubykh : avec introduction phonologique, index français-oubykh, textes oubykhs . Instituttet for sammenlignende kulturforskning / Serie B Skrifter Bind nr:52
  • ფოგტი, ჰანს 1971: Grammaire de la langue géorgienne.
  • ფოგტი, ჰანს 1973: De kaukasiske språk og språkvitenskapen Instituttet for sammenlignende kulturforskning / Serie C, Bind nr: 5:3, Oslo : Universitetsforlaget

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ხორვატიული ენციკლოპედია, Hrvatska enciklopedija-ID 65186, ჰანს ფოგტი
  2. ჰანს კამსტრუფ ფოგტი, ინდოეთის მცოდნეობის პორტალი, ID 4639], 2017 წლის ოქტომბერი
  3. Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
  4. 4.0 4.1 4.2 „Hans Vogt“. Store norske leksikon (Norwegian). ციტირების თარიღი: 4 June 2012.
  5. 5.0 5.1 Thordarson, Fridrik. „Hans Vogt“. In Knut Helle (ed.). Norsk biografisk leksikon (Norwegian). Oslo: Kunnskapsforlaget. ციტირების თარიღი: 4 June 2012.
  6. ჰანს ფოგტი ქართული ენის შესახებ საქართველოს პირველი არხის რადიო
  7. აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია რუსუდან ზექალაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ. 12-13
  8. ჰანს ფოგტის წერილი სიმონ ჯანაშიას
  9. ჰანს ფოგტი, ნორვეგიული ენციკლოპედია
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰანს_ფოგტი“-დან