ჯეიმზ კუკი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმს კუკი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 23 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ჯეიმზ კუკი (დ. 27 ოქტომბერი, 1728 — გ. 14 თებერვალი, 1779) — ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.

ჯეიმზ კუკი

ჯეიმზ კუკი, სერ ნათანაელ დენს-ჰოლანდის პორტრეტი (1775), ეროვნული საზღვაო მუზეუმი, გრინვიჩი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1728
მარტონი, იორკშირი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი 1779 (50 წლის ასაკში) კელაკაკუას ყურე, ჰავაი
ეროვნება ბრიტანელი
განათლება პოსტგეიტის სკოლა, დიდი აიტონი
საქმიანობა მკვლევარი, ნავიგატორი, კარტოგრაფი
წოდება კაპიტანი (სამეფო ფლოტი)
მეუღლე(ები) ელიზაბეტ ბეტსი
შვილ(ებ)ი 6
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჯეიმზ კუკის მიერ 1775 წელს შედგენილი ნიუფაუნდლენდის საზღვაო რუკა

ინგლისელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი 1728 წელს სოფელ მარტონში (იორკშირის საგრაფო) ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი დაქირავებული მუშა იყო, რომელიც მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა. პატარა ჯეიმზს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულება. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მუშაობდა. პარალელურად ჯეიმზი სკოლაშიც დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. 17 წლის ასაკში კი ის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში თევზის გამყიდველის შეგირდად მოეწყო. სწორედ აქ დაინახა მან პირველად ზღვა.

ჯეიმზი ზღვით მოიხიბლა. საზღვაო მოგზაურობაში წასვლის სურვილი მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად კუკი ყველაფერზე იყო მზად. თავდაპირველად ის ნახშირის გადამზიდავ გემზე იუნგად მოეწყო. აქ მან კაპიტნის თანაშემწეს წოდებას მიაღწია. თავისუფალ დროს კუკი თვითგანათლებასა და საზღვაო საქმის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. 1755 წელს მან დიდი ბრიტანეთის სამხედრო უწყებასთან კონტრაქტი გააფორმა და მატროსის რანგში დაიწყო სამსახური. ორი წლის შემდეგ ჯეიმზ კუკი სამხედრო გემის შტურმანი გახდა. კუკის აღმასვლა ამით არ დასრულებულა. მან ოცნება აისრულა და კაპიტნის წოდება მიიღო. ის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიციის მეთაურად დაინიშნა. 1762-1767 წლებში მან კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპიროები, წმინდა ლავრენტისა და ჰონდურასის ყურეები გამოიკვლია. ექსპედიციიდან დაბრუნებულ კუკს 1768 წელს ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.

იდუმალი მისიები

რედაქტირება
 
ჯეიმზ კუკის სტატუა, გრინვიჩში, ლონდონი

მრავალრიცხოვანი დამსახურებების გამო ბრიტანეთის ადმირალიტეტმა კუკი იდუმალი სამხრეთის მიწის საძიებელ ექსპედიციაში ჩართო. თითქმის საუკუნით ადრე მეცნიერ-გეოგრაფმა აბრაჰამ ორტელიმ რუკაზე მონიშნა აღნიშნული მიწა და მას „ტერა აუსტრალის ინკოგნიტა“ უწოდა. ორტელის მოსაზრებით, ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სწორედ ამ მიმართულებით გაემართა კუკი, რომელმაც ექსპედიციის ერთ-ერთი გემი „ინდევერი“ ჩაიბარა. თავდაპირველად მოგზაურები კუნძულ ტაიტის ეწვივნენ. ის უკვე ცნობილი იყო მსოფლიოსათვის. მეცნიერები კუნძულზე ვენერის ორბიტის გამოსათვლელად ჩავიდნენ, რაც მზესა და დედამიწას შორის მანძილის დასადგენად სჭირდებოდათ. ტაიტიზე კუკმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენა სწრაფად გამოძებნა. მან ერთ-ერთი ადგილობრივი ქურუმი, სახელად ტუპია, თარჯიმნადაც კი აიყვანა.

ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა, ხოლო „ინდევერი“ წყნარი ოკეანის სამხრეთისაკენ დაიძრა. 1769 წლის 8 ოქტომბერს მიწა გამოჩნდა. ეს აბელ ტასმანის მიერ აღმოჩენილი ახალი ზელანდია იყო. სანაპიროს შესწავლას კუკმა 3 თვე მოანდომა. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია ორი დიდი კუნძულისაგან შედგებოდა, მათ შორის კი ვიწრო სრუტე მდებარეობდა. ამ სრუტის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ, მოგვიანებით მას კუკის სახელი ეწოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, მაორები, უცხოელებს მტრულად შეხვდნენ. თუმცა ინგლისელები ამისათვის მზად იყვნენ. რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ექსპედიციის წევრთაგან არავინ დაღუპულა.

1770 წლის 29 აპრილს „ინდევერი“ ულამაზეს უბეში გაჩერდა. გემზე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ბოტანიკოსი ჯოზეფ ბენქსი იმყოფებოდა. ის იმდენად მოიხიბლა სანაპიროს ფლორით, რომ კუკს უბისათვის უკვე შერქმეული სახელის შეცვლა მოითხოვა. ამ უბეს ბოტანი-ბეი, ანუ ბოტანიკური ჰქვია. უბეში „ინდევერი“ 8 დღე იდგა. ამ ხნის განმავლობაში ბენქსმა უამრავი ახალი მცენარის აღწერა შეადგინა და აბორიგენების წეს-ჩვეულებებიც შეისწავლა. ისინი არც პოლინეზიელებს ჰგავდნენ და არც ზანგებს. მაორების მსგავსად, სტუმრების გამოჩენა არც ავსტრალიელ აბორიგენებს გახარებიათ. მაგრამ თოფის რამდენიმე გასროლამ ისინი მალევე დააწყნარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ ექსპედიციას არ წაუყვანია. ბენქსის გარდა “ინდევერზე” შვედი ნატურალისტები სოლანდერი და სპერინგი, ორი გეოგრაფი და მათი თანაშემწეები – სულ 11 ადამიანი. თავად კუკიც ბრწყინვალე კარტოგრაფი და ასტრონომი იყო.

ბოტანი-ბეიდან ჩრდილოეთ კუკმა კიდევ ერთი უბე აღმოაჩინა. ეს იყო იდეალური ადგილი ნავსადგურის გასაშენებლად. კუკმა მას პორტ ჯექსონი უწოდა. თავის ჩანაწერებში კუკმა პორტ ჯექსონი და მის უპირატესობანიც მოიხსენია. ბრიტანეთის მთავრობამ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და წლების შემდეგ ამ ადგილას დაარსდა პირველი ავსტრალიური ქალაქი სიდნეი. ექსპედიცია ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს შესწავლას შეუდგა. კუკმა პირადად შეადგინა სანაპიროს რუკა, რომელზეც თანდათანობით გამოჩნდა ახალი ყურეები, სრუტეები და კონცხები. დიდი ბარიერული რიფი ექსპედიციამ დიდი სიფრთხილით გადალახა და იმ დროს, როდესაც თავი სამშვიდობოს ეგონა, კატასტროფა განიცადა – „ინდევერი“ რიფს შეეჯახა. გემის შეკეთებას 7 კვირა დასჭირდა. 1770 წლის 22 აგვისტოს კუკმა მის მიერ აღმოჩენილ მიწას ახალი სამხრეთ უელსი უწოდა და მეფის გეორგ III-ის სახელით დიდი ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა.

საერთო ჯამში კუკმა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს 4000-კილომეტრიანი ზოლი და დიდი ბარიერული რიფის 2300 კილომეტრი აღწერა. აღსანიშნავია, რომ კუკმა ახალ სამხრეთ უელსში მტკნარი წყალი ვერ იპოვა – მან მხოლოდ სანაპიროს ვიწრო ზოლი გამოიკვლია. ამიტომ კუკმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ ავსტრალია საცხოვრებლად უვარგისი იყო. თუმცა, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამოცდილი მეზღვაური შეცდა. 1771 წლის 13 ივლისს „ინდევერი“ სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისისკენ მიმავალი გზა სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. მეზღვაურებს ტროპიკული ციებ-ცხელება დაერია. 18 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ რომ არა კუკის გამჭრიახობა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.

მეორე ავადმყოფობას, რომელიც მეზღვაურთა ხშირი სტუმარი იყო, სურავანდი ერქვა. შორეული საზღვაო ექსპედიციების დროს მეზღვაურთა ერთადერთი საკვები დამარილებული ღორის ხორცი, ორცხობილა და მოხარშული ბარდა იყო. მაცივარი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ საჭმელი მალე ფუჭდებოდა, არც სასმელი წყალი ვარგოდა დასალევად. ასეთი „მენიუს“ პირობებში მეზღვაურები სურავანდით ავადდებოდნენ. ჯეიმზ კუკი საკმაოდ გამოცდილი იყო, ამიტომ მან ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს გაითვალისწინა. პლიმუტიდან გასვლის წინ კუკმა მჟავე კომბოსტო და ხახვი მოიმარაგა. ხორცსა და ხილს კი ის კუნძულების მოსახლეობისაგან ყიდულობდა. ასეთი წინდახედულობის წყალობით „ინდევერის“ ეკიპაჟის არცერთი წევრი სურავანდით არ დაავადებულა.

წარუმატებელი ცდა

რედაქტირება
 
კუკი ესწრება ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას ტაიტზე, 1773 წელი

ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჯეიმზ კუკი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. ექსპედიციის შედეგები სამეცნიერო წრეებში ფართოდ განიხილებოდა. თუმცა თავად მეზღვაური უკმაყოფილო იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი სამხრეთ უელსი არ იყო მდიდარი სამხრეთის მატერიკი. კუკმა ადმირალიტეტი მეორე ექსპედიციის აუცილებლობაში დაარწმუნა. ის ამტკიცებდა, რომ იდუმალი მიწა კიდევ უფრო სამხრეთით უნდა მოეძებნათ.

კუკის ავტორიტეტმა თავისი გაიტანა. 1772 წელს ორმა ხომალდმა „რეზოლუშენმა“ და „ადვენჩერმა“ ინგლისის ნაპირები დატოვა და სამხრეთისკენ გაემართა. ამჯერად ექსპედიცია წარუმატებლად დასრულდა. 1773 წლის17 იანვარს კუკმა სამხრეთ პოლარული წრეც გადალახა, მაგრამ მიწა არსად ჩანდა. ჰაერის ტემპერატურა კი სულ უფრო ეცემოდა, თუმცა კუკს ეს სულაც არ ადარდებდა. შესაძლებელი იყო, რომ მას ანტარქტიდის სანაპირო აღმოეჩინა, მაგრამ ყინულის ლოდებმა გემებს წინსვლის საშუალება არ მისცეს. გულგატეხილი კუკი უკან დაბრუნდა. მან ახალი კალედონია, ნორფოლკი და კიდევ რამდენიმე კუნძული აღმოაჩინა, მაგრამ მისთვის ეს ნუგეშად არ გამოდგებოდა. სამწლიანი ხეტიალის შემდეგ კუკი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა.

აღსასრული

რედაქტირება
 
კაპიტან ჯეიმზ კუკის დაღუპვა (ცოფანი), იოგან ცოფანის დაუმთავრებელი ნამუშევარი, დაახლოებით 1795.[1]

ჯეიმზ კუკის მესამე და უკანასკნელი ექსპედიცია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო-დასავლეთის შემაერთებელი გზის მოძებნას ისახავდა მიზნად. კუკი ამჯერადაც ორი გემით გაემგზავრა. „რეზოლუშენს“ მხარი „დისკავერიმ“ დაუმშვენა. ექსპედიციამ აღმოაჩინა პრინც უილიამის, კუკის, ბრისტოლისა და ნორტონის ყურეები, წმინდა ილიას მთები, ნახევარკუნძულები კენაი, ალასკა და სიუარდი, ალასკისა და ალეუტის ქედები. კუკი ბერინგის სრუტის გავლით ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში გავიდა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა, რადგანაც მას კვლავ ყინულმა შეუშალა ხელი.

გამოზამთრებისა და სურსათის მარაგის შევსების მიზნით ექსპედიციამ ჰავაის კუნძულებს მიაშურა. კუნძულ კეალკეკუას მოსახლეობა ინგლისელებს თბილად შეხვდა. „რეზოლუშენისა“ და „დისკავერის“ ტრიუმები ბოლომდე აივსო საჭმელ-სასმელით. დატვირთული გემები სამშობლოსაკენ დაიძრნენ. მოულოდნელად საშინელი შტორმი დაიწყო. კუკმა კეალკეკუაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

1778 ევროპელთაგან პირველმა აღმოაჩინა მაუი (ჰავაის არქიპელაგი).

ამჯერად გემების გამოჩენა არავის გახარებია. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეზღვაურებით უკმაყოფილო იყო – ინგლისელებმა ძალიან ბევრი პროდუქტი წაიღეს. კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა. გამოირკვა, რომ ერთ-ერთი გემიდან ნავები გაქრა. კუკის აზრით, ამის გაკეთება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო, ამიტომ მან მათი დასჯა გადაწყვიტა. თუმცა კუკი მათ მიმართ ყოველთვის თბილად იყო განწყობილი. 1779 წლის 14 თებერვალს კაპიტანი რამდენიმე მეზღვაურთან ერთად ნაპირზე ჩავიდა, რათა კუნძულელთა ბელადთან კალანიოპუსთან მოლაპარაკებები გაემართა, ნავების დაბრუნება და დამნაშავეთა დასჯა მოეთხოვა. გემზე დარჩენილი მეზღვაურები ამაოდ ელოდნენ კუკის დაბრუნებას – შერიგების ნაცვლად ინგლისელებსა და კუნძულელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რომელსაც შეეწირა კიდეც ჯეიმზ კუკის სიცოცხლე.

მეორე დღეს ინგლისელებმა კაპიტნის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს. კუნძულელებმა მათ კუკის ნარჩენები გადასცეს – მხოლოდ მაშინ გაიგეს მეზღვაურებმა, რომ კეალკეკუა კანიბალებით იყო დასახლებული. დიდი ინგლისელი მეზღვაურის ნარჩენები საზღაო წესის მიხედვით ოკეანის ფსკერზე ჩაუშვეს.

ჯეიმზ კუკს ცოლი და 6 შვილი ჰყავდა (ყველა მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). ჯეიმზ კუკის აღმოჩენები მომავალმა თაობამ ღირსეულად დააფასა. მის სახელს ატარებს 20-ზე მეტი გეოგრაფიული ობიექტი, მათ შორის 3 ყურე, კუნძულთა 2 ჯგუფი და 2 სრუტე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. The Death of Captain James... (BHC0424) – National Maritime Museum. საზღვაოსნო ეროვნული მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 21 November 2010.