ხომულის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

ხომულის მღვიმე, დუქნისწყაროკარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულის მიდამოებში. მდებარეობს ხომულის მიდამოებში არსებული ტბის მახლობლად, ზღვის დონიდან 95 მ სიმაღლეზე.[1]

ხომულის მღვიმე
კოორდინატები: 42°18′53″ ჩ. გ. 42°38′07″ ა. გ. / 42.314806° ჩ. გ. 42.635278° ა. გ. / 42.314806; 42.635278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 95 მ
შეფარდებითი სიმაღლე 10 მ
სიგრძე 70 მ
მოცულობა 0,001 მლნ. მ³
ამგებელი ქანები კირქვა
ხომულის მღვიმე — საქართველო
ხომულის მღვიმე
ხომულის მღვიმე — იმერეთის მხარე
ხომულის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

ხომულის მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შესასვლელის სიგანეა 18 მ, სიმაღლე 6 მ, სიღრმეში სიმაღლე 1 მ. საერთო სიგრძეა 70 მ. ფართობი 1370 მ², მოცულობა 1000 მ³. მღვიმე მშრალია.[2]

გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე სხვადასხვა ზომის კარსტული ძაბრებია, მღვიმის ბოლო ვიწრო და დატოტვილია.[3][4]

მღვიმის ქვედა იარუსებში მიედინება მიწისქვეშა მდინარე, რომელიც 1 კმ-ის გავლის შემდეგ ფაცრისთავთან ზედაპირზე ამოედინება და წყალტუბოსწყლის სახელით გუბისწყლისკენ მიედინება. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის გურები; მექანიკურიდან ნგრევის ადგილობრივი მასალა, გუანოს ნარჩენები.[2]

2008 წლის ივლისის მონაცემებით ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში 13,5–14,0 °C-ს შეადგენს. ჰავა დინამიკურია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა. შესასვლელის წინ, ზედაპირზე არსებული ტბის სიღრმე 5 მ-ია, გარშემოწერილობა 30 მ. იგი მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება.[3]

ხომულის მღვიმე პირველად აღწერა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ 1959 წელს. 1974 წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, რომლის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე კალანდაძე. დადგინდა, რომ ხომულის მღვიმეს სხვადასხვა დროს იყენებდნენ საცხოვრებლად, სამალავად, თავშესაფრად. ნაპოვნია ენეოლითის, ბრინჯაოსა და შუა საუკუნეების დროის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ქვედა ფენაში გამოვლინდა გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები, რომელთა შორის მღვიმური დათვის მთლიანი ქალაც იყო. შესასვლელთან გათხრილ საცდელ შურფში გამოვლენილია მცირე რაოდენობით წითელი თიხის კერამიკის ნამსხვრევები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მრავალფეხიანები.[3]

ხომულის მღვიმე ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა 3 სთ. და 30 წთ; ქალაქი წყალტუბო — სოფელი ხომული — ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი 3,7 კმ, ხანგრძლივობა 15 წთ.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 133
  2. 2.0 2.1 ც. ვაშაკიძე. კ. კალანდაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 515.
  3. 3.0 3.1 3.2 ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ჯ. ჯიშკარიანი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009
  4. შ. ყიფიანი, ზ. ტინტილოზოვი. სათაფლია-წყალტუბოს მიდამოების კარსტული გამოქვაბულები, ტ. 1, 1963, გვ. 25–64
  5. დაცული ტერიტორიების სააგენტო | ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი