რომანოზ ფანცხავა

(გადამისამართდა გვერდიდან ხომლელი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფანცხავა.

რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავა (დ. 14 ოქტომბერი, 1861, სოფ. ხომული, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი — გ. 2 მაისი, 1928, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. ლიტერატურული ფსევდონიმი — ხომლელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1883 გარიცხეს ე. წ. „მგლის ბილეთით“. 1885 შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა) ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. რევოლუციურ წრეებში მაშაობისათვის 1887 მიუსაჯეს 15 წელი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. 1889 დაბრუნდა სამშობლოში ჩაება საზოგადოებრივ-ჟურნალისტურ საქმიანობაში. ფანცხავას პირველი წერილი 1882 დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ „შრომაში“. 1888 შემოდგომიდან მუშაობდა ყოველკვირეულ გაზეთ „თეატრში“, 1893–1898 იყო გაზეთ „კვალის“ კრიტიკის განყოფილების გამგე და აქვეყნებდა კრიტიკულ-პუბლიცისტურ ნაწერებს. შემდეგ თანამშრომლობდა აკაკი წერეთლის „კრებულში“. 1890 იყო ქართული წიგნების მბეჭდავი ამხანაგობის დაარსების ერთ-ერთი მეთავე. 1891 მუშაობა დაიწყო ე. წ. საფილოქსერო კომიტეტში, შემდეგ კი შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. ლიტერატურულ საქმიანობას 1909 დაუბრუნდა, თანამშრომლობდა ქუთაისის პრესაში („შინაური საქმეების“, „განთიადის“, „ცხოვრების“, "თავისუფლების" რედაქციები). 1922-იდან თანამშრომლობდა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში. პუბლიცისტურ წერილებსა და კრიტიკულ მიმოხილვებში ფანცხავა საზოგადოებრივი-ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებს განიხილავდა დემოკრატიული-პროგრესული თვალთახედვით. მნიშვნელოვანია მისი კრიტიკული მიმოხილვანი იოსებ დავითაშვილის, მელანიას (ნიკოლოზ ნათიძის), ნიკოლოზ ბარათაშვილის, ავქსენტი ცაგარელის, დუტუ მეგრელის და სხვების შესახებ. აღსანიშნავია ფანცხავას წვლილი რუსთველოგიური კვლევის ისტორიაში. მას ეკუთვნის წერილები კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მოღვაწეობაზე, აგრეთვე ბესარიონ ბელინსკისადა გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის კრიტიკული აზროვნების მიმოხილვანი. აღსანიშნავია ფანცხავას წერილების სერია, რომელშიც იგი ახასიათებს თავისი დროის ქართველ მწერლებს ( ე. გაბაშვილს, ნიკო ლომოურს, ვაჟა-ფშაველას, ია ეკალაძეს, მ. ყიფიანს, სტ. ჭრელაშვილს, გ. წერეთელს და სხვ.), აგრეთვე მემუარული ჩანაწერები - "ცხოვრების მოედანი" (ჟურნალებში "რევოლუციის მატიანე", "ქართული მწერლობა", გაზეთი "ლომისი").

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 219.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 418, თბ., 1994