ჭილაძეები ― ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ჭილაძეები იყვნენ ქობულიძეების (ქვაბულიძეების) შთამომავლები და ქობულისძეთა დაკნინების შემდეგ, დაახლოებით XIII სუაკუნიდან დაეპატრონენ ქობულისძეთა საერისთავოს ცენტრალურ ნაწილს.. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე და მოიცავდა შემდეგდროინდელ საჯავახოს, სამტრედიას, აბაშას, ორპირს და აღწევდა ბანძამდე. ჭილაძეთა სათავადოს ცენტრი იყო სოფელი საჭილაო. ჭილაძეების საგვარეულო ეკლესია იყო ტყვირის ეკლესია.

1568 წელს იმერეთის მეფე გიორგი II-მ დაამარცხა მის წინააღმდეგ აჯანყებული ლევან I დადიანი და მისი ვასალი ვარაზ ჭილაძე. მალევე, 1570-იანი წლების დასაწყისში გიორგი II-მ მასზე თავდასხმის ბრალდებით მოაკვლევინა ჯავახ II ჭილაძე და ჭილაძეთა სათავადოს თავად დაესაკუთრა. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს ჭილაძის სათავადო და შუაზე გაიყვეს. რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე ნაწილი დაიკავა გურიელმა, მარჯვენა ნაპირზე მდებარე კი დადიანმა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული (XVI საუკუნის 70-იანი წლები) საჯავახოს გურიელისეულ ნაწილს შემორჩა ძველი სახელი საჯავახო, ხოლო დადიანისეული კი საჭილაოდ იწოდა. ამ პერიოდიდანვე დადიანები და ჭილაძეები ფლობდნენ მხოლოდ საჭილაოს, ხოლო საჯავახოს მფლობელობაზე დავა უკვე იმერეთის მეფესა და გურიელს შორის მიმდინარეობდა. XVII საუკუნეში ჭილაძეების გვარი კვლავ წარჩინებულად ითვლებოდა და ენათესავებოდა დადიანებს. დროთა განმავლობაში საჭილაოს სახელი მხოლოდ ერთ სოფელს შემორჩა.

გვარის წარმოადგენლები

რედაქტირება

ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან შემდეგი ჭილაძეები

  • ქველი ჭილაძე, მოლარეთუხუცესი, მისი ძმები კახაბერი და ჩუბინი. ისინი არიან ტყვირის ეკლესიის მაშენებლები
  • ჯავახ ჭილაძე, ცხოვრობდა XVI საუკუნეში, იხსენიება ბიჭვინთის მონასტრის სიგელში, მან შესწირა სოფელი ქორეისუბანი ბიჭვინთის მონასტერს
  • შედან ჭილაძე ჯავახ ჭილაძესთან ერთად ნახსენებია გამოჩინებულის ეკლესიის ხატის წარწერაში
  • პაპუნა ჭილაძე და მისი მეუღლე თამარ გურიელი (ასული ვახტანგ I გურიელისა) არიან ტყვირის ეკლესიის დასავლეთ ეგვტერის მაშენებლები
  • ნესტან–დარეჯან ჭილაძე, იყო გიორგი ლიპარტიანის და ლევან II დადიანის ასული, ის სამეგრელოში მრავალ ეკლესიაშია გამოსახული
  • იერემია ჭილაძე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი, ცხოვრობდა XVII საუკუნის II ნახევარში, ნახსენებია „შაჰნავაზიანში“, მისი აშენებულია ტყვირის ეკლესიის ჩრდილოეთ ეგვტერი და იქვეა დაკრძალული
  • აბრაამ ჭილაძე, სეფიეთის ეკლესიის მომხატავი
  • პეტრე ჭილაძე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი, ნახსენებია 1680-1710 წლების სიგელში
  • ანა ჭილაძე, მეუღლე ვახუშტი ჩიჯავაძისა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 216-223 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  • თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 2-19.