შალვა ცინცაძე

ქართველი ქიმიკოსი და აგროქიმიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ცინცაძე, შალვა)

შალვა რაჟდენის ძე ცინცაძე (დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1900, ლანჩხუთი — გ. 14 სექტემბერი, 1937) — ქართველი ქიმიკოსი და აგროქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი [ანალიზური ქიმია, 1929 (გერმანია), აგროქიმია, 1932 (საფრანგეთი), 1936 (სსრკ)], პროფესორი (1936).

შალვა ცინცაძე
დაბ. თარიღი 8 (21) ნოემბერი, 1900
დაბ. ადგილი ლანჩხუთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 სექტემბერი, 1937(1937-09-14) (36 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ოზურგეთის მაზრის შეძლებული გლეხის ოჯახში. მისი ძმა იყო ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე იოსებ ცინცაძე. 1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქვე დაიწყო მუშაობა პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით. შემდგომში პეტრე მელიქიშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით 1924-1927 წლებში მივლინებული იქნა მოსკოვის კლიმენტ ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგრონომიული ქიმიისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში აკადემიკოს დიმიტრი პრიანიშნიკოვთან. პარალელურად შალვა ცინცაძე მეცნიერულ კვლევას აწარმოებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური და ორგანული ქიმიის ლაბორატორიაში აკადემიკოს ნიკოლოზ ზელინსკის ხელმძღვანელობით. 1927-1930 წლებში გერმანიის (ბერლინისა და ბრესლაუს უნივერსიტეტები), 1930-1933 წლებში საფრანგეთის (პარიზის უნივერსიტეტი), 1933-1934 წლებში ინგლისის (ლონდონის უნივერსიტეტი), 1934-1935 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების (რატგერსის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი) სამეცნიერო დაწესებულებებში.

გერმანიაში ყოფნისას სწავლობდა ბერლინისა და ბრესლაუს უნივერსიტეტებში. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ანალიზურ ქიმიაში თემაზე: „ფოსფორისა და დარიშხანის მჟავების კოლორიმეტრიული განსაზღვრის მეთოდი“.

1935 წელს დაბრუნდა საქართველოში. იმავე წლიდან იყო თსუ-ის ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორი და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის განყოფილების გამგე. 1936 წლიდან თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი. 1936 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დააარსა აგროქიმიური კათედრა.

ცინცაძის შრომები ძირითადად ეხება ანალიზური ქიმიის და აგროქიმიის საკითხებს. ფართოდაა ცნობილი ცინცაძის ნაზავი, ცინცაძის რეაქტივი, მის მიერ შემუშავებულია კალიუმის განსაზღვრის კოლორიმეტრიული მეთოდი, ორიგინალური კონსტრუქციის ქიმიური აპარატურა და სხვ. პროფესორი შალვა ცინცაძე შეეწირა 1937 წლის რეპრესიებს. იგი დახვრიტეს 1937 წლის 14 სექტემბერს. 1957 წელს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე შალვა ცინცაძე რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მენაღარიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 222.
  • ავალიანი ა., შალვა ცინცაძე – მეცნიერი და მკვლევარი, თბ., 1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება