ჩანბაიშანი, კორეულად ჩანპექსანი (ჩინ.: 長白山地; კორ. 장백산맥) — ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც ქმნის საზღვარს ჩინეთსა (ლიაონინისა და გირინის პროვინციები) და ჩრდილოეთ კორეას შორის. შედის მანჯურია-კორეის მთების შემადგენლობაში. სიმაღლე 1000-2000 მ.[1] მაქსიმალური სიმაღლეა 2744 მ (ვულკანი პექტუსანი). პექტუსანის კალდერაში, ზღვის დონიდან 2189,1 მ სიმაღლეზე მდებარეობს ტიანჩის ტბა. ქედი ღრმად არის დანაწევრებული იალუძიანგის, მანძიანის, ტუმინძიანისა და მათი შენაკადების ხეობებით. უმთავრესად აგებულია გრანიტებითა და მეტამორფული ქანებით. უკანასკნელ გეოლოგიურ დროში ქედის აღმოსავლეთი მონაკვეთი იყო ვულკანური აქტივობის მნიშვნელოვანი კერა ჩვეულებრივ, ნასხლეტების ხაზის გასწვრივ. ადგილი ჰქონდა ლავის ფართო ამოფრქვევებს, რის გამოც წარმოიქმნა მრავალი ჩამქრალი ვულკანური კონუსი და კრატერული ტბა. ქედისთვის ნიშანდობლივია უსწორმასწორო რელიეფი, მდინარეთა ხეობებით ღრმად დანაწევრებული მთები. ქედის კალთებიდან ჩამოედინებიან მდინარეები: სუნგარი, ტუმინძიანი და იალუძიანი.[2] მდინარეებს ახასიათებთ სწრაფი დინება, ციცაბო კალთები და ხშირი ჭორომები. ჩანბაიშანი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის (მანჯურია) ყველაზე ნოტიო ადგილია; დამახასიათებელია ხანგრძლივი და ცივი ზამთარი. ზამთარში ნალექების რაოდენობა მცირეა, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომაზე მათი რაოდენობა მატულობს. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 1400 მმ-ს.[3] გაბატონებულია წიწვოვანი ტყეები, გვხვდება ქონდარა ფიჭვის რაყები. 2000 მ-ზე ზემოთ გაბატონებულია ტუნდრა, 1700-2000 მ ფარგლებში უპირატესად მთის არყი და ლარიქსი ხარობს. ამ ზონის ქვემოთ და 1100 მ-მდე გვხვდება ნაძვი, სოჭი და მანჯურული ფიჭვი. 600-იდან 1100 მ-მდე გაბატონებულია შერეული ტყე, რომელსაც ქმნის Tilia amurensis, მანჯურული ფიჭვი, ნეკერჩხალი და თელა. უფრო ქვემოთ გვხვდება ზომიერი სარტყლის ტყე, სადაც ჭარბობს ვერხვი და არყი. ჩანბაიშანი წარმოადგენს ნურხაცის წინაპრის — ბუკური იონგშონისა და საიმპერატორო ოჯახის — აისინ გიოროს მითურ დაბადების ადგილს. სახელწოდება ჩინურად ითარგმნება როგორც „მარად თეთრი მთები“, ხოლო კორეულად „თეთრთავსახურიანი მთები“.[4]

ჩანბაიშანი
კოორდინატები: 41°00′ ჩ. გ. 128°05′ ა. გ. / 41.000° ჩ. გ. 128.083° ა. გ. / 41.000; 128.083
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
უმაღლესი წერტილი პექტუსანი
სიმაღლე 2744 
ჩანბაიშანი — ჩრდილოეთი კორეა
ჩანბაიშანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჩანბაიშანი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  2. Changbai Mountains - Scenic Wonderland
  3. Changbai Mountains mixed forests. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-08. ციტირების თარიღი: 2010-03-08.
  4. Crossley, Pamela Kyle (February 2000). A Translucent Mirror: History and Identity in Qing Imperial Ideology. University of California Press. p. 202.