მანჯურია-კორეის მთები
მანჯურია-კორეის მთები — მთის სისტემა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი, სიგანე 500 კმ-მდე. გადაჭიმულია უსურის ხეობიდან ლიაოდუნის ნახევარკუნძულამდე. სიმაღლეები 1-2 ათას მეტრამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2744 მ (ვულკანი პექტუსანი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, მეტამორფული ფიქლებითა და კირქვებით. ჩრდილო-აღმოსავლეთით განვითარებულია პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურები, სამხრეთ-დასავლეთით — კამბრიულისწინა სტრუქტურები. კაინოზოურში ადგილი ჰქონდა რღვევებსა და ბაზალტური ლავის ამონთხევას, რის შედეგადაც წარმოიშვა პლატოები და ზეგნები. აღმოჩენილია ქვანახშირის, რკინის მადნის, ფერადი ლითონების საბადოები. ჰავა ზომიერი, მუსონურია. ზაფხული თბილი იცის, ზამთარი — ცივი. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი ზაფხულშია. მანჯურია-კორეის მთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში გავრცელებულია წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები; კალთების ქვედა ნაწილში — ბუჩქოვანი მცენარეულობა.
მანჯურია-კორეის მთები | |
---|---|
პექტუსანი და ტიანჩის ტბა | |
კოორდინატები: 41°59′00″ ჩ. გ. 128°04′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 128.06667° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი კსდრ რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | პექტუსანი |
სიმაღლე | 2744 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
სიგანე | 500 კმ |