შხარის მყინვარი
შხარის მყინვარი — სამხრეთული ექსპოზიციის ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. შხარის მყინვარის სათავეში სამი ყინულვარდნილია. საზრდოობს მწვერვალ შხარის სამხრეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებითა და თოვლის ზვავებით. შხარის მყინვარი შედგება სამი ნაკადისაგან, რომლებიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე ერთდება. აქედან კი მყინვარის ენას სამხრეთ-დასავლეთური მიმართულება აქვს.
შხარის მყინვარი | |
კოორდინატები: 42°58′57″ ჩ. გ. 43°06′20″ ა. გ. / 42.98250° ჩ. გ. 43.1055611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 3,55 კმ² |
სიგრძე | 5,19 კმ |
ტიპი | ხეობური |
მყინვარის ენა საკმაოდ დანაპრალებულია, განსაკუთრებით მისი მარჯვენა მონაკვეთი. შუა ნაწილიდან მყინვარის ზედაპირი იფარება ფხვიერი მასალით. მისი ზედაპირი მდიდარია აბლაციური ფორმებით (მაგიდები, ჭიანჭველას გროვები და სხვა). მყინვარის სიგრძე (ცენტრალური ნაკადიდან) 5,19 კმ, ხოლო ფართობი 3,55 კმ²-ია. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2540 მეტრზე მთავრდება. რადგან მყინვარის ზედაპირი დაფარულია საკმაოდ სქელი ნაშალი მასალით, ამიტომ ყინულის დნობა ძალზე სუსტია. მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟიბიანიდან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 65.