შუა ქედი
შუა ქედი, დასავლეთი ქედი (რუს. Срединный хребет) — ქედი რუსეთში, კამჩატკის მხარეში. კამჩატკის ნახევარკუნძულის მთავარი წყალგამყოფი ქედი. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 120 კმ. საშუალო სიმაღლეები 1200-1400 მ ფარგლებშია. უმაღლესი წერტილია ვულკანი იჩინსკაია-სოპკა (3621 მ). აგებულია კრისტალური ფიქლებით, პალეოზოური ასაკის გნაისებით, ქვიშაქვის ფიქალითა და მეზო-კაინოზოური ვულკანური ქანებით. ციცაბო და მოკლე აღმოსავლეთი მაკროკალთა დანაწევრებულია მდინარეთა კანიონისებური ხეობებით, დასავლეთი მაკროკალთა საკმაოდ დამრეცია. წარმოადგენს ღრმად დანაწევრებულ სისტემას რელიეფის ფორმების დიდი მრავალგვარობით, რომლებიც იცვლება ალპურიდან და საშუალომთიური ტიპიდან ლავურ პლატოებამდე.[1] დამახასიათებელია ძველმყინვარული რელიეფის ფორმები, მათ შორის ცირკები და ტროგები.[2]
შუა ქედი | |
---|---|
შუა ქედის კოსმოსური სურათი | |
კოორდინატები: 56° ჩ. გ. 158° ა. გ. / 56° ჩ. გ. 158° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
უმაღლესი წერტილი | იჩინსკაია-სოპკა |
სიმაღლე | 3621 მ |
სიგრძე | 1200 კმ |
სიგანე | 120 კმ |
შუა ქედზე წარმოდგენილია 28 უღელტეხილი და 11 მწვერვალი. უღელტეხილების დიდი ნაწილი განლაგებულია ქედის ჩრდილო ნაწილში. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. ძირითადად წარმოდგენილია ფარისებრი ვულკანები და სტრატოვულკანები. ვულკანების გარდა, გვხვდება ლავური პლატოები, ცალკეული მთათა მასივები და იზოლირებული მწვერვალები, რომლებიც მყინვარებითაა დაფარული. სულ დაახლოებით 240 მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 470,6 კმ². უდიდესია სლიუნინის მყინვარი, რომლის სიგრძეა 10,1 კმ, ხოლო ფართობი 35,6 კმ².[3] ქედის ცენტრალური ნაწილისათვის დამახასიათებელია მოზრდილ მწვერვალებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დაშორებები, ხოლო სამხრეთი ნაწილისთვის დანაწევრების მაღალი დონე ცალკეულ მასივებად, რომლებიც კალთების ასიმეტრიით გამოირჩევიან.
მრავალი ვულკანის სიმაღლე 2000 მ-ზე მეტია, მათ შორისაა: ხუვხოიტუნი (2618,9 მ), ალნეი (2581 მ), შიშელი (2531 მ), ოსტრაია (2539 მ). მდინარეები, რომლებიც მოედინებიან შუა ქედის კალთებიდან ზემოთებში მეტად ახლოს არიან ერთმანეთთან განლაგებული. კალთების ზედა და შუა ნაწილშია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე. უფრო მაღლაა ქონდარა ფიჭვი და მთის ტუნდრა. საფეხმავლო და სათხილამურ ტურიზმის პოპულარული ადგილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შუა ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бортин Н. Н. Разработка проекта СКИОВО, включая НДВ, бассейна реки Камчатка
- ↑ Географическая энциклопедия // Срединный хребет
- ↑ Камчатка (ледниковая система) ледники и снежники. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-26. ციტირების თარიღი: 2022-03-10.