შარლ IV ლოთარინგიელი

შარლ IV ლოთარინგიელი (ფრანგ. Charles IV de Lorraine; დ. 5 აპრილი, 1604 — გ. 18 სექტემბერი, 1675) — ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და კრისტინა დე სალმის ვაჟი. ლოთარინგიის ორგზის ჰერცოგი 1625-1634 და 1634-1675 წლებში. მისი მმართველობის ოთხთვიანი წყვეტა განაპირობა მისი ძმის ხანმოკლე მმართველობამ, რომელიც მან ფრანგების მხარდაჭერით მოიპოვა.

შარლ IV ლოთარინგიელი
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 დეკემბერი, 1625
მმართ. დასასრული: 19 იანვარი, 1634
წინამორბედი: ფრანსუა II
მემკვიდრე: ნიკოლა II
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1634
მმართ. დასასრული: 18 სექტემბერი, 1675
წინამორბედი: ნიკოლა II
მემკვიდრე: შარლ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აპრილი, 1604
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 18 სექტემბერი, 1675, (71 წლის)
გარდ. ადგილი: ალენბახი, კურპფალცი
მეუღლე: ნიკოლ ლოთარინგიელი
(ქ. 1621 - განქ. 1634)
ბეატრიქს დე კუზანსი
(ქ. 1637 - გარდ. 1663)
მარი ლუიზ დ'ასპრემონი
(ქ. 1665)
შვილები: სამი შვილი
მამა: ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: კრისტინა დე სალმი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შარლი დაიბადა 1604 წლის 5 აპრილს ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) უმცროსი ვაჟის, ვედემონის გრაფ ფრანსუასა და მისი ცოლის, კრისტინა დე სალმის პირველი შვილი. 1608 წელს ტახტზე ბიძამისი, ანრი II ავიდა. 1621 წელს შარლი დააქორწინეს ანრი II-ის უფროს ქალიშვილ ნიკოლ ლოთარინგიელზე, რის შემდეგაც იგი მისი მემკვიდრე გახდა. 1624 წელს, ანრის დაღუპვის შემდეგ ლოთარინგიის ჰერცოგინია ნიკოლი გახდა, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში შარლის მამამ, ფრანსუა II-მ ჩამოაგდო. როგორც აღმოჩნდა, ფრანსუას მმართველობა არ მოეწონა და 1625 წლის 1 დეკემბერს ტახტიდან გადადგა შარლ IV-ის სასარგებლოდ.

1632 წელს შარლმა თავისი ერთადერთი უმცროსი და, მარგარიტა ლოთარინგიელი დააქორწინა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უმცროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონზე. საქმე იმაში იყო, რომ გასტონი თავის ძმას, მეფე ლუი XIII-ს სრულიად აშკარად მტრობდა და მის წინააღმდეგ ხშირად აწყობდა შეთქმულებას. ამ ქორწინების შემდეგ გასტონს მთავარ მოკავშირედ შარლ IV მოევლინა, რამაც თავისდა უნებურად გამოიწვია ლოთარინგიის ოცდაათწლიანი ომის ქარ-ცეცხლში ჩათრევა. გასტონის ამბოხები ყოველთვის მარცხით სრულდებოდა და ძირითადად კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ იყო მიმართული.

 
შარლ IV და მისი პირველი ცოლი, ნიკოლ ლოთარინგიელი

ოცდაათწლიანი ომის პირობებში კარდინალი რიშელიეს ბრძანებით ფრანგების დიდი ლაშქარი შეიჭრა ლოთარინგიაში და 1634 წლის 19 იანვარს აიძულეს შარლი ტახტიდან გადამდგარიყო თავისი ძმის, ნიკოლა II-ის სასარგებლოდ. შარლმა მაშინვე ტახტის დაბრუნება მოისურვა, რის გამოც მან დახმარება ფრანგების უდიდეს მტრებს — ჰაბსბურგებს სთხოვა. საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ II-მ სიხარულით გაატანა შარლს თავისი ჯარი ლოთარინგიაში, სადაც მან ნოირდლინგენის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თავისი ძმა და 1634 წლის 1 აპრილს ლოთარინგიის ტახტიც დაიბრუნა. ამის შემდეგ, მთელი ოცდაათწლიანი ომის მანძილზე ლოთარინგია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

1651 წელს შარლს ირლანდიური დელეგაცია ეწვია, რომელმაც მას ინგლისის საპარლამენტო ჯარისაგან ირლანდიის დაცვა სთხოვა, სანაცვლოდ კი ირლანდიის მეფობა შესთავაზა. კრომველის ომების პირობებში, ისტორიკოსები ამას ირლანდიელთა ყველაზე სასოწარკვეთილ მოქმედებად თვლიან. თავად შარლი, მეტად დაინტერესებული იყო ირლანდიის ტახტის მოპოვებით. ამ მიზეზით, 1652 წელს შარლის მიერ გაგზავნილი უამრავი გემი ჩავიდა ინიშბოფინის კუნძულზე, რომელიც ირლანდიელთა უკანასკნელი სიმაგრე იყო. სამწუხაროდ ირლანდიელი ლორდების უმეტესობამ უარი თქვა ლოთარინგიელთა დახმარებაზე და შოტლანდიაში გაქცეულ მეფე ჩარლზ II-ს დაუჭირა მხარი. ამის გამო, ლოთარინგიელთა ჯარებმა მალევე დატოვეს ირლანდია.

1661 წელს, მეფე ლუი XIV-მ საბოლოოდ გაიყვანა ლოთარინგიიდან ფრანგული ჯარები, რითაც შარლმა მოახერხა ტახტის ბოლომდე დაბრუნება. 1670 წელს ლუი XIV-ის ფრანგულმა ჯარებმა ხელახლა მოახდინეს ლოთარინგიის ოკუპირება. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საფრანგეთ-ჰოლანდიის ომში შარლ IV უილიამ III ორანელსა და საღვთო რომის იმპერატორს მიემხრო, რომლებიც ფრანგების მთავარ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდნენ.

1675 წელს შარლმა დაამარცხა ფრანგების მეთაური ფრანსუა დე კრეკი. იგი ამავე წლის 18 სექტემბერს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ალენბახში, საღვთო რომის იმპერატორის ავსტრიულ არმიაში სამსახურისას.

მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოახერხეს მისმა ნათესავებმა ლოთარინგიის ფრანგებისაგან გამოხსნა.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება

შარლი პირველად, 1621 წლის 31 ივლისს დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ნიკოლ ლოთარინგიელზე, რომლის დამხობის შემდეგაც, 1625 წელს იგი გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი. მათი ხანმოკლე და უნაყოფო ქორწინება უიღბლოც აღმოჩნდა, რაც 1634 წლის იანვარში მათი განქორწინებით დაგვირგვინდა.

 
ბეატრიქს დე კუზანსი, შარლის მეორე ცოლი

1637 წლის 2 აპრილს შარლ IV მალულად დაქორწინდა თავის საყვარელ ბეატრიქს დე კუზანსზე, შანტეკრუას პრინცესაზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:

  1. ფრანსუა (1637-1638), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ანა (1639-1720), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ლილბონის პრინც ფრანსუა მარი ლოთარინგიელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. შარლ ანრი (1649-1723), ვედემონისა და კომერსის პრინცი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ანა ელიზაბეთ ლოთარინგიელი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;

შარლისა და ბეატრიქსის ქორწინება არ იყო დამტკიცებული, რომელსაც ისედაც არ მოსწონდა მისი ნიკოლთან განქორწინების ამბავი. რომის ჩარევითა და შარლის ეკლესიიდან განკვეთის მუქარით წყვილი 1642 წლის აპრილში გაიყარა, მაგრამ ისინი არ განქორწინებულან. მომდევნო 21 წელი ისინი კვლავ ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ და ხშირადაც ნახულობდნენ ერთმანეთს. 1663 წლის 20 მაისს ბეატრიქსი და შარლი ოფიციალურად დაქორწინდნენ, რასაც მათი საერთო შვილების ლეგიტიმაცია მოჰყვა. ქორწილიდან ორ კვირაში, 1663 წლის 5 ივნისს ბეატრიქსი გარდაიცვალა.

1665 წელს, 61 წლის შარლ IV მესამედ დაქორწინდა რეკემის გრაფის ასულ მარი ლუიზ დ'ასპრემონზე, რომელთანაც გაატარა უკანასკნელი წლები, თუმცა შვილები არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მარი ლუიზი დაქვრივების შემდეგ მეორედ 1679 წელს გათხოვდა, რა დროსაც შეეძინა ორი ქალიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Michael O Siochru, God's Executioner: Oliver Cromwell and the Conquest of Ireland, Faber & Faber Ltd, London, 2008
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Charles IV. or III. (Duke of Lorraine)" . Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press. p. 934.
  • O Siochru, Micheal God's Executioner, p. 162