ბეატრიქს დე კუზანსი
ბეატრიქს დე კუზანსი (ფრანგ. Béatrix de Cusance; დ. 27 დეკემბერი, 1614 — გ. 5 ივნისი, 1663) — ფრანგი არისტოკრატი და ბელვუარის ბარონესა. ლოთარინგიის ჰერცოგინია 1661-1663 წლებში როგორც შარლ IV-ის მეორე ცოლი.
ბეატრიქს დე კუზანსი | |
---|---|
ლოთარინგიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1661 |
მმართ. დასასრული: | 1663 |
წინამორბედი: | კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ელეანორა მარია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 დეკემბერი, 1614 |
დაბ. ადგილი: | ბელვუარი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 5 ივნისი, 1663, (48 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბეზანსონი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
1. ლეოპოლდ ევგენი, შანტეკრუას მთავარი 2. შარლ IV, ლოთარინგიის ჰერცოგი |
შვილები: | ოთხი შვილი |
მამა: | კლოდ ფრანსუა დე კუზანსი |
დედა: | ერნესტინა ვან ვიტემი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბეატრიქსი დაიბადა 1614 წლის 17 დეკემბერს ბელვუარში, საფრანგეთში. იგი იყო ბელვუარისა და სენ-ჟულიენის ბარონ კლოდ ფრანსუა დე კუზანსისა და მისი ჰოლანდიელი ცოლის, ერნესტინა ვან ვიტემის ქალიშვილი. მისმა მშობლებმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც კლოდ ფრანსუა ესპანურ ნიდერლანდებში სამხედროდ მსახურობდა, შემდეგ კი სიყვარულით იქორწინეს. თავად დედამისი იყო ვალჰანის გრაფინია და სებურგის ვიკონტესა.
მან ღრმა ბავშვობა ბეზანსონში, საფრანგეთში გაატარა, თუმცა საბოლოოდ აღიზარდა ბრიუსელში, ესპანური ნიდერლანდების რეგენტ ისაბელ კლარა ეუხენიას სამეფო კარზე, რომელიც იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ასული და ფილიპე III-ის და. მას შემდეგ, რაც 1635 წელს მამამისიცა და მისი ძმაც ბრძოლაში მოკლეს, ბეატრიქსი გახდა ბელვუარისა და სენ-ჟულიენის ბარონესა.
უკვე 1634 წლიდან ბეატრიქსი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ IV-ის საყვარელი. მათ ერთმანეთი ესპანურ ნიდერლანდებში გაიცნეს, სადაც შარლი ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰაბსბურგებს ჯარს სთხოვდა. ვინაიდან შარლი ამ დროს ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, მათ ურთიერთობას დიდი სკანდალი მოჰყვა, რის გამოც დედამისმა ბეატრიქსი სასწრაფოდ მიათხოვა შანტეკრუას მთავარ ლეოპოლდ ევგენ დე გრანევილს. მათი ქორწინება 1635 წელს შედგა და დიდ ხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ამ პერიოდში მან თავისი პირველი ქალიშვილი გააჩინა. 1637 წლის 9 აპრილს ბეატრიქსი დაქვრივდა, რასაც მოჰყვა შარლ IV-სთან რომანის განახლება. ამ ამბიდან ცხრა თვეში მან შარლს ვაჟი გაუჩინა, სახელად ჟოზეფი, რომელიც 1638 წლის თებერვალში დაიღუპა.
ამ დროისათვის შარლი თავის ცოლთან, ნიკოლ ლოთარინგიელთან უკვე განქორწინებული იყო, რის გამოც ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, კათოლიკური ეკლესია ყველანაირად ცდილობდა შარლის ნიკოლთან შერიგებასა და ბეატრიქსთან ჩამოცილებას. 1639 წელს მან ჰერცოგს მეორე შვილი გაუჩინა. ამის შემდეგ, ეკლესიის დიდი ზეწოლის გამო წყვილი დროებით დაშორდა. 1642 წელს ისინი შერიგდნენ, ხოლო 1645 წელს შარლმა პაპს ბეატრიქსზე ქორწინების უფლება სთხოვა.
ქორწინების უფლების მიღებამდე ბეატრიქსი ბრიუსელში გადასახლდა, სადაც იგი უმაღლეს წრეში ტრიალებდა და ესწრებოდა ყველა ღონისძიებას. 1652 წლიდან იგი თანამშრომლობდა ნიდერლანდელ მხატვარ კონსტანტინ ჰიუგენთან, რომელმაც მისი პორტრეტიც შექმნა. 1652-1660 წლებში, მან ესპანურ ნიდერლანდებში უამრავი საცხოვრებელი გამოიცვალა. პაპმა ალექსანდრე VII-მ მას „საუკუნის ყველაზე მშვენიერი ქალი“ უწოდა.
1654 წელს შარლ IV ესპანელებს ჩაუვარდათ ტყვედ და უკან მხოლოდ 1659 წელს დაბრუნდა. ამის შემდეგ, ბეატრიქსმა დატოვა ნიდერლანდები და თავის საყვარელს შეუერთდა ლოთარინგიაში. თითქმის ოცწლიანი განშორების შემდეგ, მათი ურთიერთობა კვლავ განახლდა, რაც 1661 წელს საბოლოოდ დაგვირგვინდა ქორწინებით. ამის შემდეგ მათი საერთო შვილები კანონიერად სცნეს, ხოლო ბეატრიქსი ლოთარინგიის ჰერცოგინია გახდა.
საუბედუროდ, მათი ცოლ-ქმრული ცხოვრება დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1663 წლის 5 ივნისს ბეატრიქსი გარდაიცვალა, 48 წლის ასაკში. ამის შემდეგ შარლმა მესამედ იქორწინა მემკვიდრის გასაჩენად, მაგრამ უშედეგოდ. 1675 წელს, შარლ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ძმისწულმა, შარლ V-მ დაიკავა.
შვილები
რედაქტირებაბეატრიქსს პირველი ქმრისგან მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა:
- ბეატრიქს დე გრანევილი (1636-?)
მას თავის მეორე ქმართან ჰყავდა სამი შვილი:
- ჟოზეფი (1637-1638), ლოთარინგიის კრონ-პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანა (1639-1720), ცოლად გაჰყვა ლიზლებონის მთავარ ფრანსუა მარი დე ლორენ-ელბეფს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- შარლ ანრი (1649-1723), ვედემონისა და კომერსის მთავარი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Bronvermelding: Ineke Huysman, Cusance, Béatrix-Marie-Françoise de, in: Digitaal Vrouwenlexicon van Nederland.