ნიკოლა ფრანსუა ლოთარინგიელი
ნიკოლა ფრანსუა ლოთარინგიელი (ფრანგ. Nicolas François de Lorraine; დ. 6 დეკემბერი, 1609 — გ. 25 იანვარი, 1670) — ლოთარინგიის ჰერცოგი 1634 წლის იანვრიდან აპრილამდე ნიკოლა II-ის სახელით. ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და კრისტინა დე სალმის უმცროსი ვაჟი. ოცდაათწლიანი ომის დროს, ფრანგებმა მოახდინეს ლოთარინგიის ოკუპაცია და მისი უფროსი ძმის, შარლ IV-ის დამხობა, მის ნაცვლად კი ნიკოლას ტახტზე დასმა, თუმცა მალევე ავსტრიელების დახმარებით შარლმა იგი ჩამოაგდო.
ნიკოლა ფრანსუა ლოთარინგიელი | |
---|---|
ლოთარინგიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 იანვარი, 1634 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1634 |
წინამორბედი: | შარლ IV |
მემკვიდრე: | შარლ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 დეკემბერი, 1609 |
გარდ. თარიღი: | 25 იანვარი, 1670, (60 წლის) |
მეუღლე: | კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი |
შვილები: | შარლ V, ლოთარინგიის ჰერცოგი |
მამა: | ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | კრისტინა დე სალმი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მისი შვილთაშვილი ფრანც I შტეფანი გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ამასთან ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის დამაარსებელი, რომელიც 1918 წლამდე მართავდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიას.
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლა ფრანსუა დაიბადა 1609 წლის 6 დეკემბერს ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ის ძმის, ვემონტის გრაფ ფრანსუასა და მისი მეუღლის, კრისტინა დე სალმის უმცროსი ვაჟი. მას სახელი წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლა ნიკოლოზის ფრანგული ეკვივალენტია) პატივსაცემად დაარქვეს, რომლის ხსენების დღეც იყო მისი დაბადების დღეს. მას ერთი უფროსი ძმა, შარლი და ერთი უმცროსი და, მარგარიტა ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ შემდგომში მარგარიტა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს.
ვინაიდან მონარქიული კანონების მიხედვით მას ტახტი არასოდეს ერგებოდა, მშობლები მას სასულიერო ცხოვრებისთვის ამზადებდნენ და იგი ტულის ეპისკოპოსადაც მოიაზრებოდა. ამრიგად, მან მთელი თავისი ახალგაზრდობა რელიგიურ წიაღში გაატარა, 1619 წლიდან კი ბერად აღკვეცაზე ფიქრობდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1624 წელს ბიძამისი, ჰერცოგი ანრი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი ანრის ქალიშვილმა და ნიკოლას რძალმა, ნიკოლ ლოთარინგიელმა დაიკავა, რომელიც 1625 წლის ნოემბერში ჩამოაგდო ნიკოლას მამამ, ჰერცოგმა ფრანსუა II-მ, რომელიც ერთ კვირაში, 1625 წლის 1 დეკემბერს გადადგა ტახტიდან თავისი უფროსი ვაჟის, შარლ IV-ის სასარგებლოდ. ვინაიდან შარლს მემკვიდრის პრობლემა ჰქონდა, შარლი მოსწყვიტეს რელიგიურ წიაღს და საერო ცხოვრებაში ჩართეს, როგორც ძმის მემკვიდრე. 1622-1629 წლებში, პონ-ა-მუზონის უნივერსიტეტში იგი რელიგიურ ფილოსოფიას სწავლობდა და ნანსში მხოლოდ 1629 წლის ივნისში დაბრუნდა. როგორც ცნობილია, 1625 წელს პაპი ურბან VIII მის ჰოლანდიაში გაგზავნას აპირებდა, სადაც მას კარდინალის ხარსხში აიყვანდა და იქ იეზუიტურ მონასტრებს ჩააბარებდა, თუმცა ასე არ მომხდარა.
1626 წლის 19 იანვარს ნიკოლა საიდუმლოდ ეკურთხა კარდინალად. ეს ამბავი საჯაროდ ცნობილი მხოლოდ 1627 წლის 30 აგვისტოს გახდა. ამის გამო, მას არასოდეს უტარებია კარდინალის წითელი ქუდი და მანტია.
1632 წლიდან მისი ძმა, შარლ IV აქტიურად ეხმარებოდა თავის სიძეს, გასტონ დე ბურბონს მეფე ლუი XIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც, განრისხებული ლუი XIII-ის ჯარები 1633 წლის ბოლოს შეიჭრენ ლოთარინგიაში და მოახდინეს მისი ოკუპირება. ფრანგების ზეგავლენით, 1634 წლის 19 იანვარს შარლი ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც ჰერცოგად ნიკოლა დასვეს. 1634 წლის მარტში მან პაპ ურბან VIII-ისგან კარდინალობის ჩამორთმევა მოითხოვა, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქორწინა თავის ბიძაშვილ კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელზე, რათა მემკვიდრე გაეჩინა. მათი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, რადგანაც 1634 წლის 1 აპრილს შარლ IV-მ ავსტრიელების დახმარებით დაამარცხა ნიკოლა და დაიბრუნა ტახტი.
დამხობიდან მალევე ნიკოლამ თავი საფრანგეთს შეაფარა, სადაც იგი მისი ძმის, შარლის ინტრიგების წყალობით დააპატიმრეს. მისი მეუღლე, კლოდ ფრანსუაზი მთელ ევროპაში დადიოდა დახმარების სათხოვნელად, რათა ქმარი გამოეხსნა, მაგრამ ამაოდ. კლოდ ფრანსუაზი 1648 წელს ავსტრიაში გარდაიცვალა. თავად ნიკოლას, ლოთარინგიაში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1661 წელს დართეს ახალი მეფის, ლუი XIV-ის გავლენით. ამის შემდეგ იგი ნანსში დასახლდა და უკანასკნელი წლები მშვიდად გაატარა. ნიკოლა ფრანსუა გარდაიცვალა 1670 წლის 25 იანვარს ნანსში, 60 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირება- ფერდინანდ ფილიპე (1636-1659), ლოთარინგიის კრონ-პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- შარლ ლეოპოლდი (1643-1690), ლოთარინგიის ჰერცოგი 1675-1690 წლებში. ცოლად შეირთო პოლონეთის მეფის ქვრივი და საღვთო რომის იმპერატორის ასული ელეანორა მარია ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ანა ელეონორა (1645-1646), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანა მარია ტერეზა (1648-1661), აღიკვეცა მონაზვნად, შემდეგ კი გახდა რემირემონტის აბატისა;
- მარია ანა (1648), გარდაიცვალა ჩვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Rainer Babel: Nikolaus Franz. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 19, Duncker & Humblot, Berlin 1999, ISBN 3-428-00200-8, S. 267 f. (Digitalisat).
- Henry Bogdan: La Lorraine de ducs. Sept siècles d'histoire. Perrin, Paris 2005, ISBN 2-262-02113-9.
- Georges Poull: La maison ducale de Lorraine devenue la Maison impériale et royale d'Autriche, de Hongrie et de Bohême. Presses Universitaires de Nancy, Nancy 1991, ISBN 2-86480-517-0.