ანრი II ლოთარინგიელი

ანრი II ლოთარინგიელი (ფრანგ. Henri II de Lorraine; დ. 8 ნოემბერი 1563 - გ. 31 ივლისი 1624), მეტსახელად კარგი — ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას უფროსი ვაჟი. ლოთარინგიის ჰერცოგი 1608-24 წლებში. საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის სიძე პირველი ქორწინებით.

ანრი II
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 14 მაისი 1608
მმართ. დასასრული: 31 ივლისი 1624
წინამორბედი: შარლ III ლოთარინგიელი
მემკვიდრე: ნიკოლ ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 ნოემბერი 1563
გარდ. თარიღი: 31 ივლისი 1624 (60 წლის)
მეუღლე: კატრინ დე ბურბონი
მარგერიტა გონძაგა
შვილები: ნიკოლი, ლოთარინგიის ჰერცოგინია
კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია
მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია და ოჯახი

რედაქტირება

ანრის მამა იყო ლოთარინგის ჰერცოგი შარლ III, ხოლო დედა საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა. დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ანრი II (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ხოლო მამის მხრიდან მისი ბებია-პაპა იყვნენ ლოთარინგიის ჰერცოგი ფრანსუა I და მისი ცოლი, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის პრინცესა კრისტინა დანიელი. 1575 წელს დედამისი, პრინცესა კლაუდია მშობიარობას გადაჰყვა.

1599 წლის 31 იანვარს პარიზში, შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში ანრი დაქორწინდა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უფროს დაზე, პრინცესა კატრინ დე ბურბონზე. გარდა ამისა კატრინი ანრის დეიდის, დედოფალ მარგარიტა ვალუას მულიც იყო. ამ დროს პატარძალი უკვე 39 წლის იყო. ვინაიდან კატრინი ჰუგენოტი იყო, ანრი კი კათოლიკე, პაპმა უარი თქვა მათ დაქორწინებაზე, ამიტომ მათ ჯვარი კატრინის ნახევარ-ძმამ, რუანის არქიეპისკოპოს შარლმა დასწერათ.

1604 წელს, 45 წლის ასაკში კატრინი უშვილოდ გარდაიცვალა. 1606 წლის 24 აპრილს ანრიმ ცოლად შეირთო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას შუათანა ასული მარგერიტა გონძაგა. მარგერიტას დედა იყო ელეონორა მედიჩი, რომელიც იყო ღვიძლი და საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ახალი ცოლის, დედოფალ მარია მედიჩისა. თავად მარგერიტას და კი, ელეონორა გონძაგა, იყო საღვთო რომის იმპერატრიცა.

ანრის მარგერიტასთან მხოლოდ ქალიშვილები შეეძინა, რის გამოც იგი სიკვდილის შემდეგ შეცვალა მისმა უმცროსმა ძმამ ფრანსუა II ლოთარინგიელმა.

  1. მკვდარშობილი ქალიშვილი (თებერვალი 1607);
  2. ნიკოლი (დ. 3 ოქტომბერი 1608 - გ. 23 თებერვალი 1657), დაქროწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ IV-ზე რომელთანაც შვილები არ შეეძინა და 1635 წელს გასცილდა, რის შემდგომაც შარლმა კიდევ ორი ცოლი შეირთო;
  3. გოგონა (დ. 10 თებერვალი 1611 - გ. 11 თებერვალი 1611);
  4. კლაუდია (დ. 6 ოქტომბერი 1612 - გ. 2 აგვისტო 1648), დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, ლოთარინგიის ჰერცოგ ნიკოლას II-ზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი ჰერცოგი შარლ V.

წინაპრები

რედაქტირება

ტიტულები

რედაქტირება
  • ლოთარინგიის ჰერცოგი (1608-1624)
  • ბარის ჰერცოგი (1608-1624)
  • პონტ-ა-მუსონის მარკიზი (1608-1624)
  • ნომენის მარკიზი (1610-1624)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Henry Bogdan: La Lorraine de ducs, sept siècles d’histoire. Perrin, Paris 2005.
  • Georges Poull: La maison ducale de Lorraine devenue la maison impériale et royale d'Autriche de Hongrie et de Bohême. UP, Nancy 1991.
  • Detlev Schwennicke (Hrsg.): Europäische Stammtafeln/N.F., Bd. 2. Klostermann, Frankfurt/M. 1984, Tafel 206.