ზაქარია ქურდიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ქურდიანი, ზაქარია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქურდიანი.

ზაქარია ქურდიანი (დ. 14 ივნისი, 1909, აშხაბადი — გ. 22 აპრილი, 1983, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1965).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზაქარია ქურდიანი დაიბადა 1909 წელს. იგი არის ქურდიანების საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელიც მომდინარეობს გიგო (გრიგოლ) ქურდიანიდან (1873-1957). გიგოსგან მემკვიდრეობა მისმა ვაჟმა არჩილ ქურდიანმა გადაიბარა, რომელიც საფეხბურთო სტადიონ დინამო არენას პროექტის ავტორია. ზაქარია მისი ბიძაშვილი იყო, ხოლო გიგოს, შესაბამისად – ძმიშვილი.

ზაქარია ქურდიანმა 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით. პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. იგი 1944-1953 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. შემდეგ, 1954-1970 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ქალაქმშენებლობის სამმართველოს. ზაქარია ქურდიანი 1965 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩა ამჟამად ატარებს მის სახელს.

ზაქარია ქურდიანი გარდაიცვალა 1983 წელს, 74 წლის ასაკში.

პიროვნება და მოღვაწეობა

რედაქტირება

მან მრავალი ნაგებობა დაუტოვა თბილისს. მისი პროექტით გაკეთდა მთაწმინდის პარკიც (1936-1938), გამწვანების გეგმა ეკუთვნოდა არქიტექტორ-დენდროლოგ ე. ციციშვილს. ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა დააპროექტა მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან (ქალიშვილობაში ხმელნიცკი) ერთად 1938 წელს, ხოლო რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი 1970-1972 წლებში ალ. ქურდიანთან ერთად.

ზაქარია-ნადეჟდა ქურდიანების ტანდემის პირმშოა ვერის (ყოფილი კიროვის) ბაღი. ზაქარია ქურდიანმა ორჯერ, 1934-36 და 1948-52 წლებში ავტორთა ჯგუფთან ერთად შექმნა თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა, მათთან ერთად – ქუთაისის განვითარების გეგმა და რუსთავის მარცხენა სანაპიროს გეგმა.

როგორც ზაქარიას შვილი ლამარა ქურდიანი იხსენებს: „როდესაც დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო, სარემონტო მშენებლობისას ლავრენტი ბერიას დაუნახავს, რაზეც საშინლად გამწყრალა ორსული ქალი, რომ ასეთ სამუშაოებს ასრულებდა. მაგრამ, როცა შეიტყო, რომ დედა თავად იყო რეკონსტრუქციის პროექტის არქიტექტორი მეუღლესთან ერთად, დამშვიდებულა და მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნანახი შედეგით კმაყოფილს და გახარებულს, მამასთვის თბილისში ნებისმიერი ბინის არჩევა შეუთავაზებია. მამას არჩევანი ყოფილ ვორონცოვის მოედანზე ე.წ. „მოდელების სახლზე“ შეუჩერებია, საიდანაც საკუთარ შემოქმედების მარგალიტს, ყოველ საღამოს, ანთებული ლამპიონებით გალამაზებულს და მორთულს, აივნიდან ტკბილად და სიამოვნებით აკვირდებოდა. ამასთანავე, მამა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფუნიკულიორის რეკონსტრუქციაში მისი მეუღლის წვლილი 99 % იყო და თავისი სულ რაღაც 1 %“.

მეტროპოლიტენის გაყვანა

რედაქტირება

​მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა თბილისში XX საუკუნის 30-იან წლებში, მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებისთანავე გაჩნდა. აღნიშნული მშენებლობის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო ზაქარია ქურდიანი, იმ პერიოდში – თბილისის მთავარი არქიტექტორი, რომელმაც საქალაქო საბჭოს ნებართვით პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1937-1940 წლებში წამოიწყო. ვიქტორ გოცირიძის მემუარებში ნახსენებია: „1940 წელს თბილისში, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), იქ, სადაც ახლა ცეკავშირის შენობაა, ვაგზლის მოედანზე – გასტრონომთან, 26 კომისრის რაიონში (ამჟამად ავლაბარი), კინოთეატრის პირდაპირ, გაჩნდა პირველი მწვანედ შეღებილი ღობეები, რომლის იქითაც მიწას ბურღავდნენ, აფეთქებდნენ, სხვა საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. აქ მეტროს მშენებლობა დაიწყებაო, რაღაც ჩურჩულით ამცნობდნენ ერთმანეთს თბილისელები. …თუმცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სამუშაოები არ შეწყვეტილა. არც ღობეები აუღიათ. ამიტომ, მეტროპოლიტენის ნაცვლად სწრაფი ტემპებით დაიწყო თავშესაფრების მშენებლობა. მაშინ ასეულობით ადამიანი სწორედ ამ თავშესაფარში ეძებდა ხსნას“.

სწორედ ზაქარია ქურდიანის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა ქალაქში მეტროს მშენებლობის გეგმის დამტკიცება. საქალაქო საბჭოსთვის ასეთი მასშტაბური გეგმის განხორციელების ნებართვა ადვილი საქმე არ იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება