ვერის ბაღი
ვერის ბაღი — დასასვენებელი ბაღი თბილისში, ვერის უბანში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მდებარეობს მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე.
ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანისა და სხვათა საფლავები.
საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წელს დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ ა. მაჭავარიანის პროექტით. ვერის ბაღი გაიხსნა 1934 წლის 18 ივლისს.[1]
ბაღის შესასვლელი და ცენტრალური მოედანი ფრანგული სტილის ლანდშაფტური არქიტექტურით დაიკვალა, ხოლო პარტერული თარგები სეზონური ყვავილებით და ტანმაღალი ბუჩქებით მოირთო. 1961–1972 წლებში ეს ადგილები ქართული ჩუქურთმის ორნამენტების შესაბამისად (შ. ისაკაძე) ყვავილებით ირთვებოდა. ამ ადმინისტრაციული რაიონების (ყოფ. ორჯონიკიძე – კალინინი) ქუჩა-მოედნების გამწვანებას უზრუნველყოფდა იქვე ფერდობებზე გაშენებული კვალსათბურები და ტერასული სასათბურე მეურნეობა (ა. ფხაკაძე). 1940 წლამდე კიროვის ბაღი და შემოგარენის საერთო ტერიტორია 5,3 ჰა იყო. მტკვრის სანაპირო ზოლსა და ფერდობებზე დაწყებულმა ბინათმშენებლობამ (1936–1939) ბაღის საერთო ფართობი 2,8 ჰა-მდე შეკვეცა, ხოლო ხე-ბუჩქების ასორტიმენტი 78 სახეობამდე შეამცირა. 1950–1970 წლებში სასპორტო ბაზების რაოდენობამ კიროვის ბაღში მაქსიმუმს მიაღწია. ალპინისტების კლუბს დაემატა კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ტანვარჯიშის დარბაზები. 1973 წელს სანერგე ადგილზე ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური) აშენდა.
1989 წელს აიღეს კიროვის ძეგლი (დაიდგა 1936). ბაღმა დაიბრუნა ვერის ბაღის სახელწოდება, მისი ქართული ორნამენტული ყვავილნარის პარტერი ფილარმონიის საჰაერო-კონდიციონერის აუზმა დაიკავა და ბაღის გამწვანების ფართობი 1,2 ჰა გახდა.
ბაღში 62 სახეობის ხე-ბუჩქის ასორტიმენტი ხარობს: წიწვოვანთა 10 სახეობა (მჩხვლეტავი ნაძვი, ჰიმალაის კედარი, ცეფალოტაქსუსი, ელდარის ფიჭვი და სხვ.), ფოთლოვანთა 52 სახეობა (კავკასიური ცაცხვი, აღმოსავლური და დასავლური ჭადარი, იაპონური სოფორა, ნეკერჩხალი, წაბლფოთოლა მუხა და სხვ.), ბუჩქები (აბელია, ოლეანდრი, ბზა, ვარდი, გრაკლა, პირაკანტა, ღვია, ტუია, დიდგულა, უთხოვარი).
ვერის ბაღში დგას ექვთიმე თაყაიშვილის ქანდაკება (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორი მ. ყრუაშვილი, 1993), მერაბ კოსტავას ბიუსტი (მოქანდაკე ვ. არუნაშვილი, არქიტ. შ. იორდანიშვილი, 1999). აქ დაკრძალილი არიან ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985. — გვ. 38-39.
- ისაკაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 247.