მერაბ კოსტავას ქუჩა

მერაბ კოსტავას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე). შოთა რუსთაველის მოედნიდან გმირთა მოედნამდე. კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გამოყოფამდე (2006) გრძელდებოდა გიორგი სააკაძის მოედნამდე.

მერაბ კოსტავას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ოლღას ქუჩა, ვლადიმერ ლენინის ქუჩა, ლენინის პროსპექტი

შუა საუკუნეებში აქ გადიოდა „დიღმის გზა“. XVIII საუკუნის ბოლოს ცნობილი გახდა როგორც „რუსეთისკენ მიმავალი გზა“. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. XIX საუკუნის 60-იან წლებში მონაკვეთს ყოფდა ფოსტის მოედანი (მდებარეობდა ახლანდელი ვანო სარაჯიშვილისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების შესაყარზე) წყნეთის (ახლანდელი პეტრე მელიქიშვილის) ქუჩამდე ოლღას (ოლღა თედორეს ასული, დაბ. ცეცილია ბადენელი (დ. 1839 – გ. 1891)) (მიხეილ რომანოვის მეუღლე) სახელი დაერქვა (დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე). 1890-იან წლებში ქუჩის ბოლოში იდგა ღამის გასათევი სახლი და მსროლელთა ბატალიონის ყაზარმები. შემდგომ ქუჩა გაიზარდა ჯვრის დაღმართამდე.

1921 წლის 21 სექტემბერს ვლადიმერ ლენინის სახელი ეწოდა (თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი მთელ მსოფლიოში, რომლის ქუჩასაც ვ. ლენინის სახელი დაერქვა). ამავე დღეს ქუჩის დასაწყისში გაიხსნა ვლადიმერ ლენინის სკულპტურული მონუმენტი (მოქანდაკე ვ. სერგეევი). მერაბ კოსტავას ქუჩა თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლენინის პროსპექტი. 1930-იან წლებში ქუჩა მთავრდებოდა ყოფილი აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკასთან, საიდანაც იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. 1932 წელს ლენინის ქუჩის გაგრძელებაზე, მდინარე ვერეზე ქვის ახალი ხიდი აიგო და ქუჩა გასწორდა, ამაღლდა. 1950-60-იან წლებში დამთავრდა ქუჩის გაფართოება გმირთა მოედნიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე. 1989 წელს ქუჩას მერაბ კოსტავას სახელი ეწოდა.

მერაბ კოსტავას ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი მძლავრი სატრანსპორტო მაგისტრალია. ქუჩის დასაწყისში, მარცხენა მხარეს, მაღალი საყრდენი კედლის ფონზე არის მეტროს სადგური „შოთა რუსთაველის მოედანი“. XX საუკუნის 80-იან წლებში მარცხენა მხარეს მდებარე XIX–XX საუკუნეების საცხოვრებელ სახლებში გამოათავისუფლეს პირველი სართულები და მოაწყვეს გადახურული გალერეა-პასაჟი, რომელშიც შეიტანეს ტროტუარი, რის შედეგადაც გაგანიერდა საკმაოდ ვიწრო სატრანსპორტო გზა. ქუჩაზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალი შენობა: ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“, ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი (ვერის ბაღი), კინოთეატრი „ამირანი“, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის, იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის, კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტები. ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის სახლები N13, 27, 35, 38, 41, 43 აყვანილია აღრიცხვაზე როგორც არქიტექტურული ძეგლები. დგას სკულპტურული კომპოზიცია „მუზა“ (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. არქიტექტორი ივანე ჩხენკელი), „სწრაფვა“ (მოქანდაკე გ. თვრინელი), ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი. არქიტექტორები: ა. გურული, მიხეილ ყრუაშვილი), მერაბ კოსტავას ბიუსტი (მოქანდაკე კ. არუნაშვილი. არქიტექტორი მ. იორდანიშვილი). 2007 წელს ქუჩის დასაწყისში გაშენდა ყვავილნარი, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. აქვს 1 შესახვევი, სადაც განთავსებულია შპს „თბილისის წყალი“ და სააქციო საზოგადოება „ლაგუნა ვერე“.

სამგორის რაიონი

რედაქტირება

მერაბ კოსტავას ქუჩა — ქუჩა თბილისში სამგორის რაიონში (ორხევის დასახლება). დასაწყისი კახეთის გზატკეცილიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება