ქვემო ხანდაკის ყორღანული სამარხი
ქვემო ხანდაკის ყორღანული სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ოხერახევის მიდამოებში. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს და ელინისტური ხანით. ძეგლი 1974 წელს გათხარა კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ყორღანის დიამეტრი 35 მეტრია, სიმაღლე 2 მეტრი. სამარხი ორმო (3x3 მეტრი, სიღრმე მიწის ახლანდელი ზედაპირიდან — 2,7 მეტრი) ამოთხრილია უშუალოდ ქვაყრილის შუა ნაწილის ქვეშ. ორმოს დასავლეთ ნაწილში, თავით აღმოსავლეთისკენ დაკრძალული იყო ერთი ხელფეხმოხრილი მიცვალებული, რომელსაც თავთან ედგა წითლად გამომწვარი მაღალყელიანი სამყურა დერგი. სამარხი ორმო გადახურული ყოფილა ხის მჭიდროდ მიჯრილი ძელებით, რომელზეც რიყის ქვები ეყარა. ორმოს ფსკერიდან 0,8 მეტრზე ქვაყრილში აღმოჩნდა შავზედაპირიანი, გრავირებული ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი და რელიეფური სარტყლით შემკული, წითლად გამომწვარი ელინისტური ხანის ქვევრის ნამტვრევი, ხოლო უშუალოდ სამარხი ორმოს თავზე, მის ჩრდილო კედელთან — ბრინჯაოს ხანის ორი ყუნწიანი სატევარი (ერთ-ერთ სატევარს ყუნწის ზედა ნაწილში აქვს სასამანჭვლე ნახვრეტი), ელინისტური ხანის პროფილირებული შავპრიალა ჯამის ფრაგმენტები და სხვა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანისა და ელინისტური ხანის მასალის ერთ დონეზე არსებობა მოწმობს, რომ ყორღანი გაძარცვული უნდა იყოს. ყორღანის ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში, მიწის ახლანდელი ზედაპირიდან 0,4 მეტრ სიღრმეზე ესვენა გულხელდაკრეფილი გაშოტილი მიცვალებული (ელინისტური ხანისა), თავით აღმოსავლეთისკენ. მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა ბრინჯაოს ხუთი დუგმა. სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე ამავე ხანის წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ამ სამარხის დასავლეთით გამოვლინდა კიდევ ერთი უინვენტარო სამარხი. იგი ძლიერ დაზიანებულია და მისი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., შატბერაშვილი ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.