დერგი, ხალამი, ქილათიხის დიდი ზომის ჭურჭელი. მოყვანილობით ემსგავსება ქვევრს, აქვს მრგვალი, ფართოდ გადაშლილი, ბრტყელზედაპირიანი, ქობიანი პირი; უპირატესად დაბალი ყელი; ზომიერად განიერი და ძირისაკენ შევიწროებული მუცელი და ბრტყელი ძირი. დერგი ძირითადად უყუროა (იშვიათად ყურიანი), შესაძლოა იყოს მოჭიქული ან მოუჭიქავი, წერნაქიანი ან უწერნაქო.

დერგი ნაცარგორიდან

დერგს იყენებდნენ უმთავრესად ყველისა და მწნილის ჩასადებად, აგრეთვე მარცვლეული კულტურებისა და ფქვილის შესანახად (პროდუქტების უკეთ შენახვის მიზნით გარკვეული ხნით მიწაში ფლავდნენ), ზოგან — კარაქის სადღვებლადაც. საქართველოში დერგი ენეოლითის ხანიდანაა ცნობილი. გვხვდება ბრინჯაოს ხანის სამარხებშიც (ხშირად ორნამენტით შემკული). ზოგან ჩვილი ბავშვების სამარხადაც იყენებდნენ (დერგსამარხი).

ლიტერატურა

რედაქტირება