ქაშვეთის ეკლესია

ეკლესია თბილისში
(გადამისამართდა გვერდიდან ქაშვეთი (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაშვეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე.

ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესია
ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი
ზვიად ავალიანის ფოტო

ქაშვეთის ეკლესია — თბილისი
ქაშვეთის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′52″ ჩ. გ. 44°47′57″ ა. გ. / 41.69778° ჩ. გ. 44.79917° ა. გ. / 41.69778; 44.79917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი http://www.kvashveti.ge
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლ-პ. ბილიფელდი, ე. ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1910

VI საუკუნის I ნახევარში, ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად ქართლში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა. ასურელ მამათა შორის ერთ-ერთმა, მამა დავითმა სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოდიოდა.

ქრისტიანობის მტრები — მაზდეანები ხედავდნენ, რომ მამა დავითი ხალხში დიდ სიყვარულს იხვეჭდა და ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობდნენ შეებღალათ მისი სახელი. მათ მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი.

თქმულება გადმოგვცემს, რომ მამა დავითმა აიღო თავისი კვერთხი, შეახო ორსულის მუცელს და ხმამაღლა იკითხა — თქვი, ვინ არის შენი მამა? ყველასთვის მოულოდნელად ქალის მუცლიდან მოისმა ხმა — მამა მჭედელიაო.

თქმულების ერთი ვერსიით, იქ მყოფმა ადამიანებმა ქვები აიღეს და დაიწყეს მოსყიდული ცოდვილი ქალის ჩაქოლვა. მამა დავითმა ვერ შეძლო ხალხის შეჩერება, ცილისმწამებელი ქალი ქვებით ჩაქოლეს და იქვე დატოვეს — ქვათა შუა. აქედან წარმოდგა სახელწოდება „ქვათაშუეთი“ ანუ „ქაშუეთი“.

მეორე ვერსიით — მძიმე ცოდვის გამო, ცილისმწამებელ დედაკაცს ღვთის რისხვამ უწია და ბავშვის ნაცვლად ქვა შვა — აქედან მიღებულა სახელი „ქვაშვეთი“. ამ ამბის შემდეგ, მამა დავითმა მალევე დატოვა თბილისი და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გაემართა გარეჯის მრავალმთის დაუსახლებელ, უდაბნო ადგილას, სადაც პოვა სამუდამო თავშესაფარი.

პირველი ეკლესია

რედაქტირება

თბილისის გარეთუბანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია, დღევანდელი ქაშვეთის ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობდა, რომლის მიმდებარედ დედათა სენაკები იყო განთავსებული. ეკლესია წარმოადგენდა ბაზილიკის ტიპის რიყის ქვით ნაგებ ოთხკუთხა შენობას, რომელსაც ორი შესასვლელი კარი ჰქონდა — სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის სატრაპეზო მთლიანი ქვის ყოფილა, იატაკიც ქვით ყოფილა დაფარული. ეკლესიის შენობაში ასიოდე მლოცველი ეტეოდა.

მეორე ეკლესია

რედაქტირება

XVIII საუკუნის შუა წლებში ეკლესია უკვე ვეღარ იტევდა მრევლს და მისი წინამძღვრის, დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ლოცვა-კურთხევით და მისი სულიერი შვილის, დიდი ქართველი თავადის გივი ამილახვარის მატერიალური ხელშეწყობით წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის გვერდით ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა. თბილელ მიტროპოლიტ ქრისტეფორე თუმანიშვილის 1753 წლის სიგელის მიხედვით “ამილახორმა გივმა თავის სადღეგრძელოთ და სასულიეროდ დიდის გულსმოდგინებითა და საფასეთა წარგებითა დაშვრა და შენი წმინდა ეკლესია საძირკვლით ახლად აღაშენა, გალავანი შემოავლო, განავრცელა და შეამკო”.

ეკლესია მთლიანად ქართული კვადრატული აგურით იყო ნაგები, კედლებში სიმაგრისთვის ჩადგმული იყო ოთხკუთხედად გათლილი მუხის მორები. იატაკი აგურის ჰქონდა, გადახურვა – კრამიტის. ტრაპეზი მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ხოლო კანკელი ხისგან იყო დამზადებული. ხატები — ტილოზე ზეთის საღებავებით დაწერილი. ტაძარში ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, ერთი - დასავლეთ ნახევარწრის შუაში და მეორე — იქ სადაც ეს წრე უერთდებოდა სამხრეთის ნახევარწრეს.

გივი ამილახვარმა ტაძარს ორი ზარი შესწირა ერთნაირი წარწერებით: „ქ. შემოგწირეთ ზარი ესე მთავარმოწამეს გიორგის ქაშოეთისასა ამირახორმან გივიმან, სულისა ჩუენისა სახსრათ. ქრისტეს აქეთ ჩღნგ (1753).“

ტაძრის დასავლეთის შვერილის კედლის თავზე დაშენებული იყო ოთხ ბოძზე დაყრდნობილი პატარა სამრეკლო.

ქაშვეთის ტაძრის ყელის ძირსა და სახურავს შორის განთავსებული იყო გვირაბ-გალერეა, რომელშიც სინათლე ტაძრის დიდი სარკმელების ზემოთ ოთხივე მხარეს გაჭრილი პატარა სარკმელებიდან შედიოდა. ეს გალერეა, რომელიც გარს უვლიდა გუმბათის ყელის ძირს, ომიანობის დროს თავშესაფრის როლს ასრულებდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, უბინაოდ დარჩენილ მომლოცველებს იფარებდა. გალერეა-გვირაბის ჭერი ისეთი იყო, რომ ადამიანს თავისუფლად გაევლო, ამის გამო, ტაძრის სახურავს თითქმის არ ჰქონდა დაქანება, რაც კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა მნახველზე.

გივი ამილახვარის მიერ ციხე-კოშკად აშენებულ ეკლესიას კედლებში დატანებული ჰქონდა სამალავი და სათოფურები. ასეთ ტაძრებს რაც შეიძლება მაღლა ვიწრო სარკმლებს უკეთებდნენ, რომ მტერი შიგნით ვერ შესულიყო.

გივი ამილახვარმა ქაშვეთის წმინდა გიორგის ახალ ტაძარს „გალავანი შემოავლო, განავრცელა“, გალავანში ჩადგა ოთხი კოშკი. ოტო სიმონსონის ჩანახატის მიხედვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკი, ორსართულიანი და რვაკუთხედი ფორმის ყოფილა, ხოლო დანარჩენი სამი — მრგვალი ფორმის. გივი ამილახვრის მიერ აშენებული ტაძარი თავის სამალავებით, სათოფურებით, ზღუდითა და ოთხი კოშკით მტერთა თავდასხმის დროს კარგად გამაგრებულ დასაყრდენს წარმოადგენდა.

გივი ამილახვარმა ტაძრის გალავანში „თავის სადგომად“ საკუთარი სახლიც ააშენა. ეს სახლი „მტკიცედ“ იყო დაკავშირებული გალავნის რვაკუთხედ კოშკთან და იმდენად დიდი და კეთილმოწყობილი იყო, რომ იმ დროისათვის ერთ-ერთ საუკეთესო სახლად მიიჩნეოდა, მასში ხშირად აბინავებდნენ თბილისში ჩამოსულ საპატიო სტუმრებს.

გივი ამილახვარმა ორი კოშკი ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ფილიპეს გადასცა. სხვადასხვა დროს კოშკებში სასულიერო და მაღალი წრის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მათ შორის საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ქალიშვილი, ბატონიშვილი სოფიო.

ქაშვეთის ეკლესიის კურთხევიდან ერთი წლის შემდეგ, 1754 წელს სამოცდაათ წელს გადაცილებული გივი ამილახვარი თბილისში, ტაძრის გალავანში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი საგვარეულო საძვალეში, სამთავისის საკათედრო ეკლესიაში დაკრძალეს.

ქაშვეთზე ზრუნვა მრევლთან და დეკანოზ ფილიპესან ერთად, გივის ძმისშვილმა დავით ამილახვარმა განაგრძო. 1755 წელს, მათ ტაძრის კედლები ნიკოლოზ აბხაზს მოახატვინეს.

ამავე პერიოდში წმინდა გიორგის ძველი ეკლესია განაგრძობდა თავის არსებობას ახლის გვერდით.

 

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი გუბერნიის ცენტრი გახდა. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იგი საეგზარქოსოს უფლებით რუსეთის ეკლესიის სინოდს დაუქვემდებარა. ამავე წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II იძულებით რუსეთში გადაასახლეს. ქაშვეთის ტაძარში აიკრძალა ქართული ღვთისმსახურება.

თბილისსა და ქართლ-კახეთის სამეფოს მთელ ტერიტორიაზე უპირველესი საეკლესიო იერარქის ფუნქცია რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრს, არქიეპისკოპოს ვარლამ ერისთავს დაეკისრა.

ვახუშტი ბატონიშვილის, 1735 წლის და 1800 წლის თბილისის გეგმების მიხედვით, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მჭიდრო დასახლება არსებობდა, თუმცა ეს ტერიტორია ამ პერიოდისათვის თბილისის საზღვრებში არ შედიოდა.

ახლად წარმოქმნილი გუბერნიის დედაქალაქის თბილისის ტერიტორია, XVII საუკუნეში აგებული ზღუდის გარეთ, გარეუთუბნის ტერიტორიისკენ იზარდება. თბილისის ამ ნაწილში აიგო რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენცია, ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობები და მდიდარი მოხელეების კერძო სახლები. აქვე იგება ქართველ თავადთა და ბატონიშვილთა საცხოვრებელი სახლებიც.

1810 წლიდან ქაშვეთის „პატრონობა“ კავკასიის მთავარსარდალმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა ითავა. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს წერდა - „რუსეთში არსებული დებულებით, იქ, სადაც ბინა აქვს ჯარის სარდალს ან გენერელ-გუბერნატორს, უეჭველად უნდა საკუთარი ეკლესიაც იყოს ღვთისმსახურების შესასრულებლად. ეს წესი მე აქაც შემოვიღე და ავირჩიე ქაშვეთის ეკლესია.“

კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარმმართებელს: „კვირა-უქმე დღეებში ღვთისმსახურება შეასრულოს რუსის მღვდელმა, სადაგ დღეებში კი ქართველებმა, დიდმარხვაში ერთ კვირას ღვთისმსახურება სრულდებოდეს რუსულად, მეორეში-ქართულად.“ ალექსანდრე ტორმასოვი დათანხმდა პატრიარქის წინადადებას.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე დაწყების შემდეგ, რუს სამღვდელოებასა და ძმებს, წინამძღვარ დეკანოზ პეტრე და მღვდელ პავლე არჯევანიძეებს შორის კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა. მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს აღარ აკმაყოფილებდა ადრე მიღწეული შეთანხმება ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი და რუსი სამღვდელოების ერთდროულად მსახურების შესახებ. გენერალს ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების გაუქმება სურდა, რაზეც ძმებმა არჯევანიძეებმა პროტესტი გამოთქვეს და საპასუხოდ რუსულ ენაზე ღვთისმსახურების შეწყვეტა მოითხოვეს. მთავარსარდალი წერდა: „მე ვეცადე, კონფლიქტი მომეგვარებინა და დეკანოზ პეტრეს და მღვდელ პავლესათვის ქაშვეთის ეკლესიაში რუსი მოძღვრის მსახურების დაწყების შემდეგ შემცირებული შემოსავალი ფულადი კომპენსაციით ამენაზღაურებინა. როგორც ირკვევა, ქაშვეთის მოძღვრებს ამაზე უარი განუცხადებიათ და ეკლესიაში რუსულ ენაზე ღვთისმსახურების შეწყვეტა მოუთხოვიათ ...ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე შეწყვეტა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ეკლესია ჩემს სახლთან ახლოსაა.“

1810 წლის ნოემბერში, ხერსონის პოლკის მღვდელმა „პეტრე რუსმა“ ძმები არჯევანიძეები ქაშვეთის ტაძარში აღარ შეუშვა.

ამ კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის გადაკეთება და „დანიშნულების შესაფერისად“ მოწყობა.

ეგზარქოსმა ვარლამ ერისთავმა, 1816 წელს ქაშვეთის სამხრეთ კარს მიაშენა კარიბჭე, რომლის ქტიტორული წარწერა დღევანდელი ტაძრის ქვემო ეკლესიის კარიბჭის მარჯვენა კედელშია ჩადგმული.

სადიდებლად ღვთისა, დროსა ს~რდ როსიის იმპერატორის ალექსანდრე პირველისა და ექსარხოსობას საქართველოს და იმერეთის სამღუდელოთა ზედა, მცხეთის მიტროპოლიტის და თბილისის, ვარლამ ქსნის ერისთავის დავითის ძისასა, აღშენდა კარიბჭე ესე წელსა ქ~ესით ჩყივ, ქორონიკონსა ფდ. (504).

ვარლამ ერისთავის მიერ ახლად აგებული ტაძრის სამხრეთ კარიბჭიდან მხოლოდ მთავარსარდალი და მისი გარემოცვა შედიოდა, ხოლო დასავლეთ კარიდან „უბრალო“ ხალხი.

რუსეთის ხელისუფლებამ ტაძრის კედლებში ახალი სარკმლების გამოჭრა დაიწყო, რომ სამხედრო პირების ეპოლეტები და მაღალი საზოგადოების ბრილიანტები კარგად განათებულიყო და გამოჩენილიყო. ხელისუფლებას არც რუსი მღვდელთმსახურები ჩამორჩნენ, მათ საკურთხეველში დიდი ზომის სარკმელი გამოჭრეს. ქაშვეთის ეკლესიის „გასამხედროების“ შემდეგ, 1810 წლიდან ტაძარში გალობას იწყებს „სალდათებისგან“ და სახელმწიფო დაწესებულებების დაბალჩინოსანი მოხელეებისგან შემდგარი რუსული გუნდი, რომლისთვისაც ტაძრის დასავლეთ მკლავში „ხორო“ ანუ სპეციალური აივანი გაკეთდა. ამისთვის სამრეკლოზე და სამალავში ასასვლელ კიბეზე ამოიჭრა დიდი ზომის კარი.

ნიკოლოზ აბხაზის მიერ მოხატული კედლები და გუმბათი, 1817-1818 წლებში უცნობ მხატვარს ახლად მოახატვინეს. მხატვრობა შინაარსით მდიდარი, მაგრამ ხელოვნების თვალსაზრისით დაბალი ხარისხის იყო. XIX საუკუნის ბოლოსათვის ტაძრის მხატვრობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გადარჩენისთვის შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა „...არა ღირს განახლებადო“.

გივი ამილახვრის მიერ აგებული ქაშვეთის ტაძრის გალავანი 1832 წლისათვის საკმაოდ დაზიანებული იყო. მისი ნაწილი ტაძრის დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა შეაკეთებინა, ხოლო დარჩენილი ნაწილის შესაკეთებლად შუამდგომლობით მიმართა სასულიერო მთავრობას.

1837 წელს, საქართველოში პირველად ჩამოდის რუსეთის მონარქი, იმპერატორი ნიკოლოზ I ჯარის დასათვალიერებლად. იგი ქაშვეთის ეკლესიაში წირვას უნდა დასწრებოდა და სპეციალურად ამისთვის სასწრაფოდ დაიწყეს გალავნის შეკეთება, ნაწილი აგურით და გაჯით, ხოლო ნაწილი წვრილად დახერხილი, შეღებილი ფიცრის ბადურით განაახლეს.

ქაშვეთის ეკლესიის გალავანში, გივი ამილახვრის სახლის გარდა, სხვადასხვა ნაგებობები შენდებოდა. 1839 წელს ტაძრის მღვდელმა თომა გრიგორიევმა ააგო სახლი, რომელიც მოგვიანებით ქაშვეთის ეკლესიას შესწირა. ტაძრის ეზოში, გარდა ექვსი საცხოვრებელი სახლისა, აშენდა თორნე, დუქანი და ფარდული.

1846 წელს, ტაძრის კრამიტის სახურავი რკინის სახურავით შეცვალეს, ხოლო აგურის ფილაქანი — ქვის კრამიტით. ტაძარს შემოავლეს საკმაოდ მტკიცე და მაღალი „ცოკოლი“. შეიძინეს დიდი შანდლები და ჩამოასხმევინეს 25 ფუთიანი ზარი. გუმბათის ყელს გამოუცვალეს სარკმლები. ტაძარში დაკიდეს ახალი ჭაღი.

1848 წელს ტაძარში დაიდგა, საიმპერატორო აკადემიის ხელოვანის ადრიანე კოზმინ-მალახოვის მიერ მოსკოვში შეკვეთით შესრულებული, ქართული ეკლესიისათვის სავსებით უცხო, შვიდიარუსიანი რუსული კანკელი, რომელიც სავსებით აბნელებდა საკურთხეველს და სრულებით არ უდგებოდა ტაძარს“. ახალი კანკელის ოქროთი მოვარაყებულ და სხვადასხვა ფიგურებით მორთულ პირველ იარუსში მოთავსებული იყო ქართველი წმინდანების ხატები; მეორეში-ათთორმეტთა დღესასწაულები; მესამეში-მოციქულები; მეოთხეში - წინასწარმეტყველები; მეხუთეში - წარღვნის შემდგომნი მამამთავარნი; მეექვსეში - წარღვნის უწინარესნი; მეშვიდეში-ექვსბოლოიანი ჯვარცმა წინამდგომარე ღვთისმშობელისა და იოანე ღვთისმეტყველით.

რუსული შაბლონიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა აღსავლის კარების ზემოთ „საიდუმლო სერობის“ მაგიერ მოთავსებული ღვთისმშობლის მიერ წმინდა ნინოსთვის ვაზის გადაცემის ხატი. ეს კანკელი მოხსნილ იქნა 1904 წ. და გადაეცა ნორიოს მთავარანგელოზის ეკლესიას.

რუსულმა ადმინისტრაციამ ქაშვეთის ეკლესიის სამხრეთით მდებარე ძველი ყაბახის ტერიტორიაზე მოაწყო სამხედრო წრთვნები და საკმაოდ ვრცელი ადგილი სამხედრო სწავლების მოედნად გადააქცია, რომელსაც იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად — „ალექსანდრეს პლაცი“ უწოდეს.

1856 წელს, თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსკი, რომლის გადაწყვეტილებით ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ფერდობზე დაიგეგმა საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა.

წმინდა გიორგის უძველესი ეკლესიის ნაშთები დაშალეს და ეზო მოასწორეს. ბაღის მშენებლობას შეეწირა ტაძრის გალავანი კოშკებით და ქაშვეთის უძველესი სასაფლაო, რომელიც გადატანილ იქნა თბილისის მაშინდელ გარეუბანში — ვერეში.

ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უძველესი სასაფლაო მდებარეობდა, თბილისის კომენდანტმა დახურა სასაფლაო და იგი იმ დროისათვის ქალაქის გარეუბანში — დღევანდელ ვერის პარკის ტერიტორიაზე გადაიტანა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობდა 1847 წელს აგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მდებარეობდა, რომელიც წარმოადგენდა უსვეტებო ორფრთიან დარბაზს მომრგვალებული საკურთხევლით. საბჭოთა პერიოდში, 1926 წელს სასაფლაო დაიხურა. ხოლო, 1933 წელს ტფილისის საბჭოს განკარგულებით ვერის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაანგრიეს და ამ ტერიტორიაზე ვერის ბაღი გააშენეს.

ბაღი, რომელიც პრივილეგირებული მოსახლეობის სასეირნო ადგილს წარმოადგენდა, საზეიმოდ გაიხსნა 1865 წელს და იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელი შეუნარჩუნდა –„ალექსანდრეს ბაღი“. მან თბილისში ვიზიტის დროს ამ ბაღის ტერიტორიაზე ერთი ხის ნერგი დარგო.

1870-იანი წლებიდან, დაუგეგმავად ამოჭრილმა კარებებმა და სარკმლებმა, 1846 წელს, ქაშვეთის ეკლესიის გვერდით მდგარი ზარბაზნიდან სროლებით გამოწვეულმა ვიბრაციამ, დროთა განმავლობაში ქაშვეთის ტაძრის კედლების დაბზარვა და დახეთქვა გამოიწვია.

1878 წელს დაზიანებულ ტაძარს პირველი რემონტი ჩაუტარდა, ბზარები შეილესა და ზეთის საღებავით შეიღება, თუმცა ამან დიდი შედეგი არ გამოიღო, შენობა ავარიულ მდგომარეობაში დარჩა, რის გამოც 80-იანი წლების დასაწყისში წირვა-ლოცვა შეწყდა.

ქაშვეთის ტაძრის ავარიული შენობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა კომიტეტი, რომელმაც თხოვნით მიმართა რუსეთის სინოდს, ტაძრის რემონტისთვის საქართველოს ეკლესიის ხაზინიდან სესხის გამოყოფის შესახებ. საქართველოს ეკლესიის ხაზინა, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის სინოდს ეკუთვნოდა, ხოლო თანხა ფიზიკურად პეტერბურგის სახელმწიფო ბანკში ინახებოდა.

რუსეთის სინოდმა სესხზე უარი განაცხადა, რის შემდეგ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თვითონ ეზრუნა ტაძრის გადარჩენისთვის. მათ მოიწვიეს ავტორიტეტული პირებისგან შემდგარი კომისია, რათა კიდევ ერთხელ შეემოწმებინათ ტაძრის შენობის მდგომარეობა. არქიტექტორმა კარლოს მაევსკიმ და არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა, სინოდის კანტორის არქიტექტორ-ინჟინერ ალექსანდრე ჩიჟევსკისთან ერთად დადეს დასკვნა, რომ „ტაძარი არც ისე საშიშარ მდგომარეობაშია, რომ წირვა-ლოცვისათვის დაკეტილი იყოსო, მაგრამ შეკეთებას კი საჭიროებსო“.

1884 წელს ეგზარქოსმა მთავარმართებელთან შეთანხმებით ქაშვეთის ტაძარში წირვა-ლოცვის განახლება ბრძანა. ცხრა წლის შემდეგ, 1893 წელს ტაძრის ავარიული შენობა შეკრეს რკინის სალტებით.

1888 წელს, დეკანოზ დავით ჭრელაშვილის წინამძღვრობის პერიოდში, ქაშვეთის ტაძრის გალავნის დასავლეთ კედელში, ეკლესიის ალაყაფის კარების გვერდით, აიგო წმინდა ვლადიმერის საჯვარე — რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღებიდან 900 წლისთავის აღსანიშნავად. სამლოცველოში დაბრძანებული იყო წმინდა ვლადიმერის ხატი.

ამავე პერიოდში, ეკლესიის ალაყაფის კარზე ერთმანეთის გვერდით სამი კამარა დააშენეს, სადაც სამრეკლო უნდა გაემართათ, მაგრამ სამრეკლოში ზარები ვერ დაკიდეს, ვინაიდან მათი ერთდროულად რეკვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

მესამე ეკლესია

რედაქტირება

ქაშვეთის ტაძარს ქართველი მრევლი დაუბრუნდა. ამავე წელს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში პირველმა ქართულმა გუნდმა, იოსებ მონადირაშვილის ლოტბარობით, კაცების და ქალების ხმებისაგან შემდგარი „ქართული გალობის მოყვარულთა“ გუნდმა დაიწყო გალობა.

1897 წელს, ქაშვეთის ეკლესიაში გამწესებულ იქნა ახალი წინამძღვარი დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, „გამიტაცა აზრმა, უსათუოდ ახალი ეკლესია აშენებულიყო“ - წერს მამა მარკოზი. მეფის რუსეთის ხელისუფლების პერიოდში ადვილი არ იყო, თუნდაც ძლიერ დაზიანებული, ეკლესიის დაშლა და ახალი ქართული მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაწყება.

მამა მარკოზმა თავისი მოხერხებულობით შეძლო გივი ამილახვრის შთამომავალ გენერალ ივანე ამილახვრისგან თანხმობის მიღება იმ პირობით, რომ “ახალი ეკლესია იქნება აშენებული სამთავისის ეკლესიის გეგმით, რომელიც ამილახვრის მამაპაპის აშენებულია”.

ახალი ტაძრის პროექტის შესრულება, დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ ლეოპოლდ ბილფელდს დაევალა. არქიტექტორების კომისიამ ახალი ტაძრის გეგმა და საჭირო საბუთები შეადგინა და ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის წარუდგინა.

მარკოზ ტყემალაძემ დაიყოლია საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე გოროდეცკი, მშენებლობისთვის საჭირო თანხა სესხად აეღოთ რუსეთის ეკლესიის სინოდისგან, თუმცა მოულოდნელად ვითარება შეიცვალა – ეგზარქოსი ფლაბიანე საქართველოდან გადაიყვანეს, მაგრამ დეკანოზმა მარკოზ ტყემალაძემ ფარ-ხმალი არ დაყარა, ისარგებლა თბილისში რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის სამეურნეო ნაწილის დირექტორის ჩამოსვლით, რომელიც დახმარებას დაპირდა.

1902 წელს დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე სიონის ტაძრის დეკანოზად გადაიყვანეს, ხოლო ქაშვეთის ტაძრის ახალ წინამძღვრად მამა ესტატე ელიევი (ელიაშვილი) დაინიშნა. საქართველოს ახალ ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) დაიწუნა ქაშვეთის ახალი ეკლესიის გეგმა.

ეგზარქოსმა ალექსიმ, ლეოპოლდ ბილფელდის გეგმის ნაცვლად, რამდენიმე ათეული „ხახვის თავის მსგავსი“ გუმბათიანი და „ხოროებიანი“ ეკლესიის გეგმა წარუდგინა ტაძრის კომიტეტს. გენერალმა ივანე ამილახვარმა გააპროტესტა ეგზარქოსის წინადადება - „...ჩვენ სამთავისის გეგმა ავირჩიეთ, როგორც ჩვენ მამა-პაპათა გამომუშავებული და გადმოცემული“. ამის შემდეგ ეგზარქოსი დათანხმებულა, აღეძრა შუამდგომლობა ახალი ტაძრის გეგმის და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

1903 წელს, ქაშვეთის ტაძარის წინამძღვრად დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე განაწესეს. ქაშვეთის ტაძრის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძველი ეკლესიის დანგრევამდე, დღევანდელი სამხრეთ ალაყაფის კარების დასავლეთით, ერთ წელიწადში დროებითი ტაძარი აიგო. ეკლესია წარმოადგენდა დიდ დარბაზს, რომელშიც დაიდგა ახალი კანკელი, გადმოაბრძანეს ეკლესიის სიწმინდეები და ხატები. გარკვეული ნივთები ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვრის კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით და ეგზარქოსის ნებართვით, გადასცეს ქართლ-კახეთის ეკლესიებს: ძველი ტაძრის კანკელი - ნორიოს მთავარანგელოზის ეკლესიას, ხოლო ქაშვეთის გუმბათის ჯვარი თბილისის კარის წმინდა გიორგის ეკლესიაზე დაიდგა. დროებითი ეკლესიის კურთხევის შემდეგ დაიწყო ქაშვეთის ძველი ეკლესიის დაშლა.

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მამულების გამგე კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ამილახვარი, ტაძრის გეგმა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა ლეოპოლდ ბილფედს დაევალა. კომიტეტმა ტაძრის მშენებლად იტალიელი ტექნიკოსი ანჟელო ანდრეოლეტი მოიწვია, რომელმაც თავის მხრივ ხუროთმოძღვრად დანიშნა ედუარდ ანდრეოლეტი. ტაძრის მშენებლობის ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა დააკისრეს დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს.

ქვაზე კვეთილი ორნამენტაცია არქიტექტორ ედუარდ ანდრეოლეტის ესკიზების მიხედვით შეასრულეს ცნობილმა ქვისმთლელმა, ოსტატებმა ნეოფიტე, ლავრენტი და ნიკო აგლაძეებმა. მშენებლობის დროს გამოყენებული იყო ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ტაძრის ჩუქურთმების ნიმუშები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებიდან.

ქაშვეთის დღევანდელი, ანუ მესამე ეკლესიის საძირკვლის ამოღება 1904 წელს დაიწყო. საყრდენის ძებნამ მიწის გათხრა საკმაოდ ღრმად მოითხოვა, რამაც პროექტის შეცვლა გამოიწვია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორსართულიანი ეკლესია აშენებულიყო, ერთი - ღრმა საძირკვლის ხარჯზე, ხოლო მეორე, ბილფელდის პროექტით გათვალისწინებული, სამთავისის ეკლესიის ანალოგი, პირველის თავზე.

მშენებლობა მიმდინარეობდა 1904-1910 წლებში, პირველ სართულზე მდებარე ეკლესია 1909 წლის 1 აპრილს, სულიწმიდის სახელობაზე აკურთხა ეპისკოპოსმა გრიგოლ ვახნინმა, ამ ეკლესიაში დროებითი ეკლესიიდან გადმოიტანეს კანკელი, ტრაპეზი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები, ხოლო, დროებითი ტაძარი დაშალეს. კალისტრატე ცინცაძის ცნობით, 1919 წელს ქვაშვეთის ქვემო ეკლესიაში დადგმული კანკელი გადაეცა სოფელ ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას, მის ნაცვლად დაიდგა „… სასახლის მოშლილი ეკლესიის კანკელი, რომლის კორპუსიცა და ხატებიც დამზადებულია მხატვრის გრიგოლ გაგარინის მიერ. კორპუსი გაკეთებულია ქართული ხელოვნების ნაშთთა მიხედვით ალებასტრისაგან: ალაგ-ალაგ მოვარაყებულია, ალაგ-ალაგ კი მუქი საღებავით არის შეღებილი. ვინაიდან ადგილი არ გვაძლევდა საშუალებას, კანკელს, სამწუხაროდ, ჩამოვაშორეთ ორი ხატი აქეთიქით – და სერობა: ხატები მოთავსებულია ქვემო საკურთხეველში, სერობა კი (სიუჟეტი მეტად თავისებურად არის გადმოცემული) ზემო ეკლესიაში.”

ამ ცნობიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს კანკელი გადმოტანილია მეფისნაცვლის სასახლის წმინდა ალექსანდრე ნეველის კარის ეკლესიიდან. რადგან, სასახლეში 1917-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა, ხოლო კარის ეკლესია გაუქმდა.

1945 წელს ჩატარებული რემონტის შემდეგ ქვაშვეთის ტაძრის ქვედა სართულზე მდებარე სულიწმინდის ეკლესია წმინდა მთავარმოწამე მარინეს სახელზე აკურთხეს.

1910 წლის 31 ოქტომბერს, ქვაშვეთის წმინდა გიორგის დასრულებული ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ეგზარქოსმა ინოკენტიმ, ეპისკოპოსების დავით კაჭახიძის და გრიგოლ ვახნინის მონაწილეობით.

ამ დღეს ზაქარია ფალიაშვილმა გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერლებისაგან შემდგარი 25 კაციანი, ძლიერი გუნდი გამოიყვანა და ეკლესიის დასავლეთი მხარე დაიკავა. „ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდიც. ეგზარქოსმა მოსთხოვა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება თავისი გუნდისათვის. ზაქარია ფალიაშვილმა არასგზით არ დაუთმო და თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა, თვითონაც ბოლომდე ლოტბარობდა. უნაყოფო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი ქართულად.” ფილარმონიული საზოგადოების გუნდი ქვაშვეთის ტაძარში 1910-1917 წლებში გალობდა.

თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია სამნავიანია - ტაძრის სიგრძე 23,12 მეტრია, სიგანე - 18,75 მეტრი, ხოლო შიდა სიმაღლე - 27,75 მეტრია. ორსართულიანი ტაძარი ერთმანეთს სადიაკვნე ოთახში მოთავსებული ქვის კიბით უკავშირდება, აქედანვეა შესაძლებელი საკურთხევლის ბანზე და იქიდან სახურავზე ასვლა. ქვაშვეთის ტაძრის ქვემო ეკლესიის კედლები შემოსილია ალგეთის ბაზალტის ქვით, ხოლო ზედა - ძეგამის თეთრი ქვიშაქვის ქვით.

ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ზედა სართულის სამხრეთ შესასვლელი ბრინჯაოს კარი შემკულია დიდმოწამე გიორგის და მოციქულთასწორი ნინოს ზედნაჭედი ხატებით. ამ კარის სამჭედლო სამუშაოები შეასრულა ფ. ჰაუფმა ჰენრიხ ჰრინევსკის ნახატების მიხედვით. ამ სამუშაოებისთვის თანხა გაიღეს დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებმა. კარებს მათი სახელების აღმნიშვნელი ქართული ინციალები “დ” და “ე” ამშვენებს.

ქვაშვეთის ტაძრის სამხრეთ კარის თავზე მოთავსებულია ვასილ გურიელის შეწირული, ი.ი.ანდრეოლეტის მიერ შესრულებული ჭედური წმინდა გიორგის ხატი. ქვაშვეთის ტაძრის მეორე სართულის იატაკი მოზაიკისაა, რომელიც ანჟელო ანდრეოლეტის ესკიზის მიხედვითაა შესრულებული, რაზეც სამხრეთ შესასვლელი კარის წინ ჩადგმული ფირფიტა მიგვანიშნებს.

ტაძრის კანკელი, ტრაპეზი, სამკვეთლო, ამბიონი, ძველი ხატების კიოტები, ემბაზი და კანკელის წინ, ამბიონზე ორი დიდი შანდალი იტალიური მარმარილოსია. ტაძრის არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა - კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დათმობოდა მლოცველებს.

გივი ივანეს ძე ამილახვარმა და მისმა მეუღლემ ანა კუზნეცოვამ ეკლესიას ედუარდ ანდრეოლეტის ნახატის მიხედვით დამზადებული მარმარილოს კანკელი შესწირეს.

კანკელი აშენებულია ქვა-აგურით, გარედან შემოსილია დაჩუქურთმებული თეთრი მარმარილოს ხალებიანი ფიქალით და იტალიური მარმარილოს სვეტებით. კანკელის ზემოთ აღმართულია თეთრი მარმარილოს ქართული ჯვარი, ხოლო მის ქვემოთ დაბრძანებულია საიდუმლო სერობის ხატი, რომლის ორივე მხარეს მოთავსებულია მარმარილოზე ამოჭრილი ანგელოზები სამწერობლებით ხელში.

აღსავლის კარის ზემო ნაწილში ჩასმულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება – მარჯვენა ფრთაზე გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მარცხენა ფრთაზე მთავარანგელოზი გაბრიელი.

აღსავლის კარის ქვემო ნაწილზე მოთავსებულია ფეხზე მდგომნი მახარებლები - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.

აღსავლის კარის მარცხნივ გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში და დიდმოწამე გიორგი.

აღსავლის კარის მარჯვნივ მოთავსებულია ლაჟვარდოვან ცაში თეთრ ღრუბლებს შორის მდგომარე მაცხოვარის და მოციქულთასწორი ნინოს ხატები.

კანკელის ჩრდილოეთ და სამხრეთის კარზე მოთავსებულია მთავარანგელოზ გაბრიელისა და მთავარანგელოზ მიქაელის ხატები. 1910 წელს ნაკურთხი ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატვა, მხოლოდ II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1947 წლიდან გახდა შესაძლებელი. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ეს საქმე მხატვარ ლადო გუდიაშვილს მიანდო, ხოლო ტაძრის მოხატვის საქმის ხელმძღვანელობა მან ეპისკოპოსს დიმიტრი ლაზარიშვილს დაავალა.

ლადო გუდიაშვილმა გამოიყენა მცენარეული საღებავების ძველი რეცეპტები. დაიწყო ურთულესი ესკიზების და ჩანახატების კეთება, მთელი დღეები თავდავიწყებით შრომობდა მაღალი თაღის ჭერქვეშ.

მხატვარმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დახატა ქართველი ქალის სახით, მთელი ფორმებით, სილამაზით, ღვთისმშობლის გვერდით დახატა საქართველოს სიმბოლო - ბროწეულის ხე, „როგორც ფრესკებში, ისე დაზგურ პორტრეტებში თითქმის ყველა მხატვარი, დიდიც და პატარაც, ღვთისმშობელს მუდამ ახალგაზრდას და სათნოს ხატავდა... მე გადავწყვიტე ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენსკენ, მიწისკენ. უფრო დღევანდელი სახე მომეცა მისთვის, ამ სახით ასეთმა გადაწყვეტამ მაშინ, როგორც მოველოდი, აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესით - ცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა, ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ მღებავებს... ხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან.“ - წერდა ლადო გუდიაშვილი.

საბჭოთა ხელისუფლებამ მხატვარს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენა, იგი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, დაითხოვეს თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა.

საკურთხევლის ძირითადი ფართობი ცხრა თვეში მოიხატა. სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ტაძრის მოხატვა ვერ დასრულდა, რასაც დაემატა 1952 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს გარდაცვალება.

მრავალი წლის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ისევ ლ. გუდიაშვილს შესთავაზა ქაშვეთის ეკლესიის მოხატვა, მაგრამ მხატვარი უკვე 80 წელს იყო მიღწეული და ვეღარ შეძლო ქაშვეთის მხატვრობის დასრულება.

თბილისის ქაშვეთის ტაძარში დაბრძანებულია მრავალი სიწმინდე, უძველესი და ახლადდაწერილი ხატები.

ქაშვეთის ტაძარში გადმოტანილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ სასწავლებლების დახურული ეკლესიებიდან და სამლოცველოებიდან გადმოტანილი ხატები. XX საუკუნის ბოლოს, 1998-2000 წლებში, არქიტექტორ ირაკლი მოსულიშვილის, კონსტრუქტორ ომარ ჭანტურიძის პროექტით და მშენებელ-ინჟინრის ვაჟა მაჩაიძის მონაწილეობით აიგო ქვაშვეთის ტაძრის სამრეკლო. იგი განთავსებულია ტაძრის ეზოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, იქ სადაც ადრე გალავანში ჩადგმული რვაკუთხა კოშკი და გივი ამილახვრის სახლი იდგა.

შენობის შემადგენელი ნაწილებია — სარდაფი, პირველი სართული, ანტრესოლის სართული და ფანჩატური. სამრეკლო მოპირკეთებულია ბოლნისის მოყვითალო ფერის ტუფით და გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. სამრეკლო მოხატა მხატვარმა მამუკა გეგელაშვილმა. სამრეკლოს პირველ სართულზე განთავსდა სანათლავი.

ლეოპოლდ ბილფელდის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარს ჰქონდა სამი შესასვლელი კარი – სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. გარკვეული მიზეზების გამო, ტაძრის ორივე სართულს მხოლოდ სამხრეთ მხრიდან გაუკეთდა შესასვლელი კარი. XX საუკუნის მიწურულს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ, გაიჭრა ტაძრის დასავლეთ კედელი, რუსთაველის პროსპექტის მხრიდან და მოეწყო ქვაშვეთის ტაძარის მთავარი შესასვლელი.

დასავლეთ მინაშენი შიგნიდან მოიხატა, გარედან მოპირკეთდა გოდოგანის ქვით და გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით. დასავლეთ კარიბჭის შიგნით მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსდა მესანთლის ოთახი და საეკლესიო ნივთების მაღაზია. ქაშვეთის ეკლესიის დასავლეთ მხარეს მოიჭრა მიწა ტაძრის სისწორეზე და ეს ტერიტორია მოპირკეთდა ბაზალტის ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 495.
  • კალისტრატე ცინცაძე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში, გამოც. კანდელი, თბ., 1994;
  • მოსულიშვილი ი.,„ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრი თბილისში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 90 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1993 წელი. — გვ. 8-9
  • ქუთათელაძე მ., თბილისის ტაძრები, ტ. I, თბ., 2010 გვ. 54-65

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4229