ფრედრიკ ბაიერი (ინგლ. Fredrik Bajer დ. 21 აპრილი, 1837 - გ. 22 იანვარი, 1922) – დანიელი მწერალი, მასწავლებელი და პაციფისტი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის 1908 წელს კლას არნოლდსონთან ერთად.

ფრედრიკ ბაიერი
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1837
ნესტვედი, დანია
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1922
კოპენჰაგენი,დანია
ეროვნება დანიელი
განათლება Sorø Academy
საქმიანობა

მწერალი; პოლიტიკოსი;

მასწავლებელი
მეუღლე(ები) მატილდა ბაიერი
ჯილდოები ნობელის პრემია, 1908

ბიოგრაფია რედაქტირება

ის სასულიერო პირის, ალფრედ ბაიერის ვაჟი იყო. დაიბადა ნესტვედში 1837 წელს. ბაიერი დანიის არმიაში ოფიცრად მსახურობდა, იბრძოდა 1864 წლის ომში პრუსია-ავსტრიის წინააღმდეგ, სადაც პირველი ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1865 წელს გადავიდა კოპენჰაგენში, სადაც გახდა მასწავლებელი, მთარგმნელი და მწერალი.

ის შევიდა დანიის პარლამენტში 1872 წელს, როგორც ფოლკეტინგის წევრი და შეინარჩუნა ადგილი 23 წლის განმავლობაში. როგორც პარლამენტის წევრი ის მუშაობდა საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით ერთა შორის კონფლიქტების მოგვარებაზე. ბაიერის დამსახურებით საგარეო ურთიერთობები გახდა დანიის პარლამენტის სამუშაოს აქტიური ნაწილი და დანია შედიოდა საპარლამენტთაშორისო კავშირში თავიდანვე და დაიკავა მნიშვნელოვანი პოზიცია ამ კავშირის წევრთა შორის.

ბაიერი მხარს უჭერდა ქალთა უფლებების ორგანიზაციას და ბევრ სხვა სამშვიდობო ორგანიზაციას, მათ შორის მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს, ორივე დანიისა და ევროპის მასშტაბით. ის გაუძღვა კანონის წარდგენას საარბიტრაჟო შეთანხმების მისაღწევად შვედეთსა და ნორვეგიას შორის.

ადრეული წლები რედაქტირება

ბაიერი შევიდა აკადემიაში 1848 წელს (Sorø Academy) და ექვსი წლის შემდეგ სამხედრო სკოლაში. 1856 წელს ის შეუერთდა ცხენოსანთა ჯარს, როგორც ლეიტენანტი. მსახურობდა ჯერ ნესტვედში, შემდეგ ჰოლშტაინში. სამსახური შეწყვიტა ორი წლით, რადგან სამხედრო სკოლაში კურსები გაევლო. 1864 წლის ომის პერიოდში ავსტრია-პრუსიის წინააღმდეგ, ის მეთაურობდა დანაყოფებს ჩრდილოეთ იუტლანდიაში, ყურადღება მიიპყრო თავისი შესაძლებლობებით და დაიმსახურა ლეიტენანტად დაწინაურება. მიუხედავად ამ მიღწევისა, გადაწყვიტა არმიის დატოვება 1865 წლის ივნისში ომის დასასრულისას, სამხედრო ძალების ძირითადი შემცირების დროს. არმიის დატოვებამდე დაიწყო ფიქრი მისი ცხოვრებისთვის სამხედროზე მეტად ფილოსოფიური მიმართულება მიეცა.

28-დან 35 წლამდე ბაიერმა საფუძველი ჩაუყარა მის მოგვიანო კარიერას. ის სწავლობდა ენებს - ფრანგულს, ნორვეგიულს, შვედურს. მოღვაწეობა დაიწყო მასწავლებლად და მთარგმნელად კოპენჰაგენში. მისი შემოსავალი თავისუფალი მწერლობის ასპარეზზე საქმიანობით გაიზარდა. 1872 წელს პოლიტიკურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ამავე წელს აირჩიეს ფოლკეტინგის წევრად, დანიურ წარმომადგენლობით ორგანოში და 23 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ადგილს. პოლიტიკაში, ბაიერი ლიბერალურ ტენდენციებს მისდევდა.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

განათლების კუთხით, ბაიერი პროფესიულ დონეზე იყო დაინტერესებული ლინგვისტიკით, ძირითადად ორთოგრაფიითა და ფონეტიკით. ის იყო პედაგოგიური საზოგადოების სამთავრობო ბორდის წევრი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პირველ სკანდინავიურ სასწავლო კონფერენციაში, გეტებორგში 1870 წელს.

 
ფრედრიკ ბაიერი მეუღლესთან, მატილდა ბაიერთან ერთად

ბაიერი იყო დანიის წამყვანი მომხსენებელი ქალთა უფლებებისთვის Dansk Kvindesamfund-ის (დანიელ ქალთა საზოგადოება) დაფუძნებისას 1871 წელს და მხარს უჭერდა კანონის მიღებას ქალთა თანასწორობის შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკის საკითხებში.

საერთაშორისო მოღვაწეობა რედაქტირება

ბაიერი წარმოდგენილი იყო, როგორც მშვიდობის მოძრაობის ორგანიზატორი. ენების სწავლის პერიოდში დაინტერესდა ფრანგი პაციფისტი ლიდერით ფრედერიკ პასით და მისი საქმიანობით. შესთავაზა დახმარება ლიტერატურის გავრცელებასთან დაკავშირებით. ბაიერმა დააფუძნა პირველი მშვიდობის საზოგადოება დანიაში 1882 წელს სახელწოდებით Foreningen til Danmarks Neutralisering (საზოგადოება დანიის ნეიტრალიტეტის წარმოჩენისთვის). ბაიერს სწამდა, რომ დანიისთვის ნეიტრალიტეტი უნდა ყოფილიყო განუყოფელი, რადგან სხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებზე არ ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობა დამოკიდებული.

ბაიერი ჩამოყალიბდა წამყვან ფიგურად საერთაშორისო მშვიდობის მოძრაობისთვის. ის მონაწილეობდა ევროპის სამშვიდობო კონგრესში 1884 წელს, ბერნში. ასევე, პირველ რეგულარულ მშვიდობის მსოფლიო კონგრესზე პარიზში, 1889 წელს და მუდმივად წარმოადგენდა დანიის მშვიდობის საზოგადოებას კონგრესებზე 1914 წლამდე. მონაწილეობდა პირველ საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრაში,რომელიც გაიმართა პარიზში. მეორე მშვიდობის მსოფლიო კონგრესზე ლონდონში, 1890 წელს, ბაიერმა წამოაყენა მუდმივი ბიუროს შექმნის წინადადება, რომლის შტაბ-ბინა იქნებოდა ბერნში, და ფოკუსირდებოდა სამშვიდობო მოძრაობაზე. მისი წინადადება მიიღეს 1891 წელს რომის კონგრესზე და ბაიერი დასახელდა სამთავრობო ბორდის პირველ პრეზიდენტად. ბაიერმა დააფუძნა დანიის საპარლამენტთაშორისო ჯგუფი 1891 წელს, 25 წლის მანძილზე ასრულებდა მდივნის მოვალეობას. მან ასევე მიმართულება მისცა სკანდინავიური საპარლამენტთაშორისო კავშირის შექმნას 1908 წელს.

1907 წლის შემდეგ ბაიერის ჯანმრთელობა გაუარესდა. სამშვიდობო ბიუროს აქტიურ საოფისე საქმიანობაზე უარის თქმა მოუწია. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ინარჩუნებდა მსოფლიო ღონისძიებებთან კავშირს, აქტიურად აკვირდებოდა პირველ მსოფლიო ომს და სწამსდა პაციფისტური გამოსავლის.

ფრედრიკ ბაიერი გარდაიცვალა 1922 წელს, კოპენჰაგენში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bajer, Fredrik. Collections of Bajer’s papers are held by the Royal Library of Copenhagen and the Royal Library of Stockholm.
  • Bajer, Fredrik, Dansk Fredsforenings Historie. København, Gjellerup, 1894.
  • Bajer, Fredrik, Idéen til Nordens, saerlig Danmarks, vedvarende Neutralitet. København, 1900.
  • Bajer, Fredrik, Klara-Rafael Fejden. København, Topp, 1879.
  • Bajer, Fredrik, Livserindringer, udgivne af hans Søn. København, Gjellerup, 1909.
  • Bajer, Fredrik, Nordens politiske Digtning, 1789-1804. København, Topp, 1878.
  • Bajer, Fredrik, Nordens, saerlig Danmarks, Neutralitet under Krimkrigen. København, Schultz, 1914.
  • Bajer, Fredrik, Nordiske Neutralitetsforbund. København, Studentersamfund Forlag, 1885.
  • Bajer, Fredrik, A Serious Drama of Modern History: How Danish Slesvig Was Lost, trans. from the Danish by P.H. Peckover. London, Peace Society, 1897. (Da det danske Slesvig gik tabt. Under pseudonym Bjarke Frode. København, 1896.)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება