ტრეფიკინგი ალბანეთში

ალბანეთში გავრცელებულია ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევები, მათ შორის სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია, მათხოვრობა. ტრეფიკინგის მსხვერპლი ალბანელები   ექვემდებარებიან იძულებით შრომას და სექსუალურ-მონობას საბერძნეთში, იტალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოსა და დასავლეთ ევროპაში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა ნახევარს ქალები და ბავშვები შეადგენდნენ, რომლებიც პროსტიტუციაში მონაწილეობდნენ კერძო რეზიდენციებში ტირანაში, დურესში, ელბასანსა და ვლორაში. ბავშვებს ძირითადად მათხოვრობასა და სხვა სახის იძულებითი შრომისთვის იყენებდნენ. არსებობს მტკიცებულება, რომ საბერძნეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო სექტორში ალბანელი მამაკაცები იძულებით შრომას ექვემდებარებოდნენ. [1] [2] [3]

ალბანეთის მთავრობა მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მიზანია დანაშაულის დროზე გამოვლენა, ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა. ასევე  მათი რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. 2009 წლის მარტში მთავრობამ დაამტკიცა ცვლილება სოციალური დახმარების შესახებ კანონში, რომელიც ითვალისწინებს ტრეფიკინგის  მსხვერპლთათვის იგივე სოციალური შეღავათების დაწესებას, როგორც ქვეყანაში სხვა რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისთვის  და უზრუნველყოფს სახელმწიფო დაფინანსებას თავშესაფრებისთვის. მთავრობა აგრძელებს ადამიანებით ვაჭრობის ტენდენციების მონიტორინგს და ანალიზს ქვეყნის მასშტაბით მონაცემთა ბაზის მეშვეობით. მთავრობის წარმომადგენლებმა გაზარდეს საზოგადოების ინფორმირებულობა ალბანეთში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. თუმცა, არსებობს სერიოზული შეშფოთება იმ მსხვერპლთა დაცვის შესახებ, რომლებმაც ჩვენება მისცეს ტრეფიკერების წინააღმდეგ. მთავრობას არ დაუკავებია ადამიანებით ვაჭრობაში მხილებული დამნაშავეები. პოლიტიკური ინტერესის ნაკლებობა და სისტემაში კორუფციის არსებობა იწვევს ადამიანებით მოვაჭრე მოძალადეების დევნის არასაკმარის დონეს.[1] [4] 2013 წელს ალბანეთმა დააწესა უფრო მკაცრი ჯარიმები ადამიანებით ვაჭრობისთვის, მაგრამ დაპატიმრებების შემთხვევები ძალიან ცოტა იყო: ადამიანებით ვაჭრობისთვის მხოლოდ სამი ადამიანი გაასამართლეს, ხოლო 2014 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ ცხრა. [5] 2015 წელს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თავშესაფრების ეროვნულმა კოალიციამ (NCATS) დააფიქსირა ტრეფიკინგის 85 შემთხვევა. თუმცა, მათი შეფასებით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დაუცველი გოგონები და ქალები, რომელთა მანიპულირება ხდება ყალბი ქორწინებითა და ყალბი დასაქმების შესაძლებლობებით [6] . მსხვერპლთა მეორე ჯგუფში შედიან ბავშვები, ღარიბი და სოციალურად გარიყული ადამიანები, ეკონომიკური მიგრანტები, ლტოლვილები და ოჯახური ძალადობის და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. [7]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანებით ვაჭრობის მონიტორინგისა და წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2017 წელს ალბანეთს მეორე დონე მიანიჭა. [8] [9] ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2017 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ალბანელები არიან, რომელთა ექსპლუატაცია ხდება იაფი მუშახელის სახით და სექს ინდუსტრიაში. [10]

სისხლის სამართლის კოდექსი

რედაქტირება

ალბანეთში აკრძალულია ადამიანებით ვაჭრობა (მათ შორის სექსუალურ ვაჭრობა). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 5-დან 15 წლამდე. 1990-იანი წლების დასაწყისში ალბანეთში სოციალიზმის დაცემის შემდეგ, ახალგაზრდა ალბანელი ქალების ტრეფიკინგის შემთხვევები გავრცელდა დასავლეთ ევროპაში, ისევე როგორც ქალების ტრეფიკინგი აღმოსავლეთ ევროპიდან სექსუალური მონობის მიზნით.[11] [12]

ადამიანებით ვაჭრობისთვის სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, მაგალითად, როგორიცაა გაუპატიურება. სახელმწიფო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 2009 წელს გამოძიებული იქნა 35 ადამიანით ვაჭრობის შემთხვევაში ეჭვმიტანილთა საქმე. 2009 წელს მთავრობამ ადამიანებით ვაჭრობაში 31 ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, მათგან 11 გაასამართლა. 2008 და 2007 წლებში 26 დამნაშავე გაასამართლეს. ყველა შემთხვევა ეხებოდა ქალების ან ბავშვების ტრეფიკინგს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. 2009 წელს კრიმინალებს 5-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, გავრცელებული კორუფცია ალბანეთის საზოგადოების ყველა დონეზე და სექტორში მკვეთრად ზღუდავს მთავრობის შესაძლებლობას გაუმკლავდეს ტრეფიკინგის პრობლემას. 2009 წელს უზენაესმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ პირს გაუუქმა განაჩენი. 2009 წლის იანვარში მთავრობამ განაცხადა, რომ გააორმაგა გამომძიებელ პოლიციელთა რაოდენობა ადამიანებით ვაჭრობის საქმეების გამოსაძიებლად. 2009 წელს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ დააყადაღა ტრეფიკერების 268 115 აშშ დოლარის ოდენობის აქტივები და ქონება. [1]

2019 წელს მთავრობამ გააორმაგა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კოორდინატორის ოფისის (ONAC) ბიუჯეტი, თუმცა მთავრობა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. 2019 წელს დაფიქსირდა სასამართლო დავების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. [2] თუმცა, იმის გამო, რომ ალბანეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანებით ვაჭრობის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს მეორე დონეს. [13]

მსხვერპლთა დაცვა

რედაქტირება

ალბანეთის მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დაცვის გასაუმჯობესებლად. 2009 წელს გამოვლინდა ადამიანებით ვაჭრობის 94 მსხვერპლი (2008 წელს მსხვერპლთა რაოდენობა 108-ს შეადგენდა). 2009 წლის განმავლობაში ერთმა სახელმწიფო თავშესაფარმა დახმარება გაუწია 24 მსხვერპლს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ 70-ს. 2009 წელს მთავრობამ 38 მსხვერპლს უფასო პროფესიული სწავლების საშუალება მისცა, ასევე გამოუყო 11 მიკროკრედიტი კერძო ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, ხუთი დაზარალებული სკოლებში მიიღეს. 2010 წლის იანვარში მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაწევის შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად დასაქმდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავშესაფრების დატოვების შემდეგ. თუმცა, ისინი მაინც ფინანსდებოდნენ საერთაშორისო შემოწირულობებით, რომელიც განკუთვნილი იყო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად. მთავრობა აფინანსებს და მართავს ცენტრს, სადაც განთავსებულები არიან როგორც ტრეფიკინგისმსხვერპლები, ასევე ალბანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი არალეგალური უცხოელი მიგრანტები; თუმცა, მსხვერპლთა გადაადგილების თავისუფლება ამ მაქსიმალური უსაფრთხოების ცენტრში ხშირად იზღუდება. მთავრობა არ სჯის მსხვერპლს არასათანადო ქმედებებისთვის და, კანონით, სთავაზობს ლეგალურ ალტერნატივას უცხოელი მსხვერპლის დეპორტაციას ქვეყნებში, სადაც ისინი შეიძლება პირისპირ აღმოჩნდნენ გაჭირვების ან შურისძიების წინაშე. [1] [14] [15]

მთავრობა ხელს უწყობს მსხვერპლთა მონაწილეობას დამნაშავეთა დევნაში; თუმცა, მსხვერპლი ხშირად უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე ან ჩვენების შეცვლაზე ტრეფიკერების მიერ დაშინების ან დაშინების შიშის მიზეზით. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად 2009 წელს, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა დამნაშავეთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემისას, რის გამოც იმავე წელს ერთმა მსხვერპლმა-მოწმემ მიიღო თავშესაფარი სხვა ქვეყანაში დამნაშავეთა მუდმივი მუქარის გამო მისი და მისი ოჯახის მიმართ და იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მისი სათანადო დაცვა. 2009 წელს გენერალურმა პროკურატურამ არ მოითხოვა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მოწმეების დაცვა. [1] [16] [17] [18]

პრევენცია

რედაქტირება

ალბანეთის მთავრობა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან. მათგან აღსანიშნავია როგორიცაა გილი მაკენზი გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და ინტერპოლი, რათა განახორციელონ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და დაუცველი ჯგუფების ინფორმირებას. ეროვნული კოორდინატორის ოფისი მართავს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონულ სამუშაო ჯგუფებს, რომელშიც შედიან შესაბამისი დაინტერესებული მხარეები. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამუშაო ჯგუფებში ყოველთვის არ შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ეფექტურად არ განიხილავენ ტრეფიკინგის საქმეებს, რომლებიც მათ ყურადღების ცენტრში მოექცა. მთავრობა აფინანსებს ქვეყნის მასშტაბით უფასო 24/7 ცხელ ხაზს მსხვერპლთათვის და პოტენციურ მსხვერპლთათვის. 2009 წლის ნოემბერში მთავრობამ მიიღო კანონი ახალშობილთა და ინდივიდთა რეგისტრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად ბოშათა თემში, ვინაიდან ბოშები ხშირად ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი. [1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Trafficking in Persons Report 2010
  2. 2.0 2.1 Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-11
  3. Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-10
  4. Combating human trafficking. ციტირების თარიღი: 2020-11-10
  5. Investigation. Albanian women trafficked in EU: abused, rejected, abandoned. ციტირების თარიღი: 2020-11-10
  6. Breaking the cycle of human trafficking in Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-10
  7. Human Trafficking in Albania: Hiding in Plain Sight. ციტირების თარიღი: 2020-11-11
  8. Trafficking in Persons Report 2017: Tier Placements. ციტირების თარიღი: 2017-12-01
  9. An Albanian Woman From Italy At Ellis Island | NANO4LIFE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-17. ციტირების თარიღი: 2020-11-11
  10. UK: Human Trafficking Surge Linked to Albanian Gangs. ციტირების თარიღი: 2020-11-11
  11. Comment: The Untold Stories of Albania's Human Trafficking Survivors (2020-04-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-12. ციტირების თარიღი: 2020-11-12
  12. „Human trafficking: Poor women and girls targeted in Albania“. BBC News (ინგლისური). 2017-02-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-12. ციტირების თარიღი: 2020-11-12.
  13. U.S. Department report on Trafficking in Persons: Albania on Tier 2 (2020-06-26). ციტირების თარიღი: 2020-11-12
  14. Refugees. Refworld | 2018 Trafficking in Persons Report - Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-17
  15. UNICEF and its anti-trafficking coalition partners united to address human trafficking in Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-17
  16. Prosecute human traffickers and deliver justice to victims: OSCE Alliance Conference against Trafficking in Persons calls for an end to impunity - World. ციტირების თარიღი: 2020-11-18
  17. Refugees. Refworld | 2011 Trafficking in Persons Report - Albania. ციტირების თარიღი: 2020-11-18
  18. Legislationline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-27. ციტირების თარიღი: 2020-11-18