დაშნაკცუთიუნი

(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის რევოლუციური ფედერაცია)

დაშნაკცუთიუნი, ოფიციალურად სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (სომხ. Հայ Հեղափոխական Դաշնակցութիւնჰაი ჰეღაპოხაკან დაშნაკცუთიუნ, «სომხური რევოლუციური თანამეგობრობა», შემოკლებით დაშნაკი) — სომხური პოლიტიკური პარტია. დაფუძნდა 1890 წელს, თბილისში, ქრისტაფორ მიქაელიანის, სტეფან ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ.

დაშნაკცუთიუნი
დაშნაკცუთიუნი
ხელმძღვანელობა
ლიდერი გრანტ მარგარიანი
ისტორია
დაფუძნდა ტფილისი, 1890
პოზიციები
იდეოლოგია ნაციონალიზმი, სოციალიზმი
ფერები სომხეთის დროშის ფერები
შტაბ-ბინა ერევანი, სომხეთი

1892 წელს „დაშნაკცუთიუნის“ პირველმა ყრილობამ მიიღო პროგრამა და წესდება, რომელიც მიზნად ისახავდა სომეხი ხალხის კონსოლიდაციას და სახელმწიფოებრიობის აღდგენას დემოკრატიზმის საფუძვლებზე. პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) „დაშნაკცუთიუნს“ ეკავა რუსეთის იმპერიის მთავრობის მიმართ ლოიალური პოზიცია. შექმნა შეიარაღებული რაზმები ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომ სომეხთა დასაცავად და ე. წ. „დიდი სომხეთის“ აღსადგენად „ისტორიულ საზღვრებში“. 1917–1918 წლებში მონაწილეობდა ამიერკავკასიის კომისარიატის და ამიერკავკასიის სეიმის საქმიანობაში. 1918 წლის მაისში „დაშნაკცუთიუნმა“ ითავა სომხეთის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება და 1918–1920 წლებში წარმოადგენდა მმართველ პარტიას. სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას პარტიამ დღის წესრიგში დააყენა ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოსაგან იგი მოითხოვდა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებს, პრეტენზია ჰქონდა საზღვაო გასასვლელზე ბათუმის ოლქში, ერთხანს თბილისსაც კი სომხეთის საკუთრებად მიიჩნევდა. ასეთ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა სომხეთ-საქართველოს ომი. 1920 წლის ნოემბერში, სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, „დაშნაკცუთიუნმა“ შექმნა კოალიციური მთავრობა სომხეთის კომუნისტურ პარტიასთან ერთად, მაგრამ 1921 წლიდან მისი მოღვაწეობა საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა. პარტიამ შექმნა თავისი ორგანიზაციები აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ირანსა, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში. „დაშნაკცუთიუნს“ არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა სომხეთის დამოუკიდებლობისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „დაშნაკცუთიუნი“ ლეგალური და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტია გახდა. 2007–2009 წლებში შედიოდა სამთავრობო კოალიციაში. 2009 წლიდან ოპოზიციაში უდგას ოფიციალურ ხელისუფლებას. ა.სურგულაძე.

„დაშნაკცუთიუნი“ ქადაგებს სოციალიზმს და სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია. მას ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი. სომხეთის სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებზე არიან მიმართული, „დაშნაკცუთიუნი“ პოლიტიკურად ყველაზე ორიენტირებულია და სომხური ნაციონალიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პარტია აქტიურად ლობირებს სომხების გენოციდის აღიარებას და მათი რეპარაციის უფლებას. ის ასევე ქადაგებს „დიდი სომხეთის“ აღდგენას სევრის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

საქართველოში

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ 1918 წელს „დაშნაკცუთიუნი“ წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკასთან დაპირისპირებული ქვეყნის მმართველ ძალას, საქართველოს მთავრობამ პარტიას ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში პარტიამ წარადგინა 19-კაციანი (მ. შ., 2 ქალი) საარჩევნო სია. არჩევნებში პარტიამ მიიღო 2 353 ხმა, რაც არ იყო საკმარისი დეპუტატის მანდატისათვის (მეტრი — 3 759 ხმა). დამატებით არჩევნებში, რომელიც ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდა 1919 წლის აგვისტოში, „დაშნაკცუთიუნმა“ 3 დეპუტატი გაიყვანა დამფუძნებელ კრებაში და საკუთარი ფრაქციაც შექმნა (ფრაქციის ლიდერი — დავით დავითხანიანი, წევრები — ზორი ზორიანცი, ტიგრან ავეტისიანი). შემდგომ დავითხანიანმა დატოვა კრება და ის ჩაანაცვლა გარეგინ ტერ-სტეფანიანმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუპატაძე, ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 125-126.