ზორი ზორიანცი (დ. 1885, ნახიჭევანის მაზრა, ცხნაში — გ. 1943, თბილისი) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ზორი ზორიანცი
სომხ. Զորի Նավասարդի Զորյան
დაბ. თარიღი 1886
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1943
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზორი ნავსარდანის ძე ზორიანცი დაიბადა 1885 წელს, ერევნის გუბერნიის ნახიჭევანის მაზრის სოფელ ცხნაში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია.

1910-იან წლებში მუშაობდა ვერმიშელის ფაბრიკაში, მსახურობდა საზოგადოება "ტრეუგოლნიკში". იყო სომხური რევოლუციური ფედერაციის - "დაშნაკცუტიუნის" ერთ-ერთი დამაარსებლის - როსტომ ზორიანცის ბიძაშვილი და ამავე პარტიაში შევიდა 1917 წელს; იყო პარტიის ავლაბრის კომიტეტის ხელმძღვანელი. 1917 წლის 24 ნოემბერს შეუდგა ახალციხის ქალაქისათვის მოვალეობის შესრულებას; მუსლიმ მესხებსა და ახალციხის მაზრის სხვა ეროვნების მოსახლეობას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ხელმძღვანელობდა ახალციხის დაცვას; ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის კონსოლიდაციას. გაწეული ღვაწლისათვის 1918 წელს ახალციხის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. 1917 წელს აირჩიეს ახალციხის მაზრის სომხური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი "დაშნაკცუტიუნის" სიით. 1918 წლის ბოლოს, საქართველო-სომხეთის ომის დროს, ორჯერ დააპატიმრეს თბილისში, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს დეპუტატის ხელშეუვალობის გამო. 1919 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად "დაშნაკცუტიუნის" საკანდიტატო სიით; იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. 1921 წლის მარტში, ახალციხის რევკომის შემადგენლობაში შევიდა. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. "ტროიკა") 1937 წლის 26 დეკემბერს 10 წლით "შრომა-გასწორების ბანაკში" გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებული იყო მისი მეუღლეც. გადასახლებაში 3 წლის მძიმე მუშაობის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისულეს; თბილისში შერყეული ჯანმრთელობით დაბრუნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 238-239.