გარეგინ ტერ-სტეფანიანი
გარეგინ ტერ-სტეფანიანი (დ. 14 იანვარი, 1876, სიღნაღის მაზრა, სიღნაღი — გ. უცნობია) — პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
გარეგინ ტერ-სტეფანიანი | |
---|---|
სომხ. Գարեգին Տեր-Ստեփանյան | |
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1876 |
დაბ. ადგილი | სიღნაღი |
გარდ. თარიღი | არაუადრეს 1922 |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგარეგინ ტერ-სტეფანიანი დაიბადა 1876 წლის 14 იანვარს, ტფილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის ქალაქ სიღნაღში. საშუალო განათლება მიიღო ტფილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.
იყო სომხური რევოლუციური ფედერაციის - პარტია "დაშნაკცუთიუნის" წევრი; თანამშრომლობდა პრესაში "სლეპცოვის" ფსევდონიმით. მეფის რეჟიმის დროს, 1908 წლის 14 ოქტომბერს დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1910-იან წლებში მუშაობდა რკინიგზაზე, საქმის მწარმოებლად. არჩეული იყო ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად "დაშნაკცუტიუნის" სიით. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო "დაშნაკცუტიუნის" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის "აშხატავორის" წევრი. 1919 წლის სექტემბრიდან დამატებითი არჩევნების შედეგად "დაშნაკცუტიუნის" სიით ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ. 1922 წლის 21 ივლისს, თბილისში მოკლეს ახმედ ჯემალ-ფაშა, ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთში სომხური ეთნოსის მასობრივი განადგურების ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევდნენ; საბჭოთა ხელისუფლებამ მკვლელობის ორგანიზებაში იმავე დღეს დაადანაშაულა "დაშნაკცუტიუნის" პარტია და მისი წევრების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო; იგი დაპატიმრებულთა შორის იყო. შემდგომი ბედი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 374-375.