წელიწადის დროები

(გადამისამართდა გვერდიდან სეზონი)

წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) — წელიწადის პერიოდები, რომლებიც დადგენილია ცის თაღზე მზის ხილული მოძრაობისა და ბუნებაში სეზონური ცვლილებების მიხედვით. წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს ის, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი, რომელიც 66° 33′ კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი, სივრცეში თავისი თავისადმი თითქმის მკაცრად პარალელურად გადადგილდება მზის გარშემო დედამიწის ორბიტული მოძრაობისას. ამიტომ იგი წლის განმავლობაში მზისკენ გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე ბოლოთი. შესაბამისად, მზე უკეთესად ათბობს დედამიწის ხან ჩრდილოეთ, ხან კი სამხრეთ ნახევარსფეროს.

გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი

იგივე მოვლენა განაპირობებს დღის ხანგრძლივობის პერიოდულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, და პირიქით.

ასტრონომიაში წელიწადის დროების დასაწყისი განისაზღვრება ცაზე მზის ხილული მოძრაობით.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზაფხულის დასაწყისად მიჩნეულია დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს გაზაფხულის ბუნიობის წერტილში და სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადადის (20 ან 21 მარტი); ამ დროს მთელ დედამიწაზე (პოლუსების არეების გამოკლებით) დღეღამტოლობაა (დღე ტოლია ღამისა); ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება ნახევარი წლის ხანგრძლივობის დღე, სამხრეთ პოლუსზე - ასევე გრძელი ღამე. ეკვატორზე შუადღისას მზე ზენიტში გადის.

ზაფხულის დასაწყისში მზე არის ცის ეკვატორიდან ყველაზე ჩრდილოეთით, ზაფხულის მზებუდობის წერტილში (21 ან 22 ივნისი, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე უგრძესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე კი – უგრძესი ღამე);

ამ დღეს მზე შუადღისას ზენიტში გადის ჩრდილოეთ ტროპიკზე, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის).

შემოდგომის დასაწყისში (23 სექტემბერი) მზე ეკვატორს კვეთს შემოდგომის ბუნიობის წერტილში და გადადის სამხრეთ ნახევარსფეროში (დღე კვლავ ღამის ტოლია),

ზამთრის დასაწყისში კი (21 ან 22 დეკემბერი) მზე ცის ეკვატორიდან ყველაზე სამხრეთითაა, ზამთრის მზებუდობის წერტილში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამ დროს უმოკლესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე - უმოკლესი ღამე. ამ დღეს მზე შუადღისას სამხრეთ ტროპიკზე ზენიტში გადის, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის). სამხრეთ ნახევარსფეროზე წელიწადის დროის ცვლა ანალოგიურია.

დედამიწის ორბიტის ელიფსურობის გამო დედამიწის სიჩქარე ცვალებადია, ამიტომ ასტრონომიულად წელიწადის დროის ხანგრძლივობაც არათანაბარია. დედამიწას უდიდესი სიჩქარე აქვს პერიჰელიუმში გავლისას (იანვარში), ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი უმოკლესია წელიწადის დროებს შორის (89 დღ-ღ), ზაფხული კი უგრძესი (93,6 დღ-ღ).

კლიმატური, სინოპტიკური თუ ფენოლოგიური ნიშნებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებში 4 წელიწადის დროები (კლიმატური სეზონი) გამოიყოფა.

წელიწადის დროები (სეზონები) განისაზღვრება ატმოსფერული (სინოპტიკური) პროცესების ხასიათის, მეტეოროლოგიური ელემენტების მრავალწლოვანი მსვლელობის თავისებურებებისა თუ ფენოლოგიური მოვლენების თარიღების გათვალისწინებით.

მაგალითად : აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური ზამთარი მოიცავს პერიოდს, როდესაც ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 0-ზე დაბალია, გაზაფხული და შემოდგომა – 0-იდან 15-მდეა, ზაფხული – 15-ზე მეტია.

დედამიწის სხვადასხვა განედსა და მხარეში წელიწადის სეზონებად დაყოფა და მათი ხანგრძლივობა განსხვავებულია. ჩრდილოეთ განედებში ნამდვილი ზაფხული არ იცის.

აქ სამი წელიწადის დროა:

გარკვეული თვალსაზრისით წელიწადს ორ (თბილსა და ცივ) პერიოდადაც ყოფენ. ტროპიკული მუსონების მხარეში კი განარჩევენ მშრალსა და წვიმიან პერიოდებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 303-304.
  • Полянский И. И., Сезонные явления в природе, 6 изд., Л., 1956;
  • Шиголев А. А., Шиманюк А. П., Изучение сезонных явлений, М., 1962;
  • Lastowski W., Podzial roku na fenologiczne sezony, Poznań, 1951.