საწურბლიას მღვიმე
საწურბლიას მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავთან.[1] მდებარეობს წყალტუბოს კარსტულ მასივზე, მდინარე სემის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 270 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედა ცარცული ასაკის, მასიური ტექსტურის მქონე ნაცრისფერ პელიტომორფულ კირქვებში.[2]
საწურბლიას მღვიმე | |
---|---|
საწურბლიას მღვიმე | |
კოორდინატები: 42°23′17″ ჩ. გ. 42°36′22″ ა. გ. / 42.388111° ჩ. გ. 42.606167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 270 მ |
სიგრძე | 125–130 მ |
მოცულობა | 0,0081 მლნ. მ³ |
აღმოჩენის წელი | 1975 |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ჰავა | დინამიკური |
სურათები ვიკისაწყობში |
აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთის ექსპოზიცია. დაღმავალი-ტომრისებურია. შესასვლელი ოვალური ფორმისაა და ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე იხსნება. სიგრძე 125–130 მ. ფსკერის ფართობი 1950 მ², მოცულობა 8100 მ³. ფსკერი დახრილია 12–15°-ით. შესასვლელის მიდამოებში მიწისქვეშა გვირაბის სიგანე 6 მ-ია. ბოლომდე ინვითარებს 1–1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25).[3]
ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტინები, ფსკერზე დიდი ზომის გურები. მექნიკურიდან ლოდნარი და ტბიურ-კოლმიტაციური თიხების ფენა. ფსკერზე გამომუშავებული მოზრდილი ზომის მშრალი გურები წარსულში არსებული წყალსატევების ბუნებრივ ჯებირებს წარმოადგენდნენ. შუა საუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად. მღვიმესთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წყალტუბო.[3]
საწურბლიას მღვიმე 1975 წელს აღმოაჩინა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქუთაისის მხარის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ პროფესორ ა. კალანდაძის ხელმძღვანელობით. მღვიმე გაითხარა 1976, 1985–1988, 1990–1993 წლებში. საწურბლიას მღვიმეში სამი კულტურული ფენაა გამოყოფილი: ენეოლითი, ნეოლითი და ზედა პალეოლითი. ახალი ეტაპი საწურბლიას მღვიმის შესწავლის საქმეში დაიწყო 2008 წლიდან, კერძოდ, 2008–2010 წლებში მღვიმეზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით.[2]
2012–2013 წლებში საწურბლიას მღვიმის შესწავლას შეუდგა საერთაშორისო საქართველო–ირლანდია–ისრაელის წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიცია. 2014 წლიდან სამუშაოები კვლავ გაგრძელდა.[2]
საწურბლიას მღვიმის ფაუნაში დაფიქსირებულია მთლიანი და ფრაგმენტული ძვლის 327 ერთეული, მათ შორის: მურა დათვი, გარეული ღორი, კეთილშობილი ირემი, მგელი, მელა და სხვა. აღმოჩენილია აგრეთვე საცხოვრებელი დონე — იატაკები და ველური სელის ხელოვნურად დაგრეხილი ნიმუშები.[4] საწურბლიას აღმოჩენა ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ პირველად ამიერკავკასიაში გამოვლინდა ზედა პალეოლითის ხანის ჰომო საპიენსის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი ერთსა და იმავე გამოქვაბულში, გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა.[5]
ჰავა დინამიკური. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის ბოლოში 11,7 °C (12.08.2001).[6] მიკროლიმატის სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ საწურბლიას მღვიმე სპელეოთერაპიული ობიექტის მოწყობის მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს.[7] მღვიმის მახლობლად (ზედაპირზე) მოპოვებულია არქეოლოგიური ნაშთები (ქვისა და კაჟის იარაღები). ბუნების ძეგლია.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013. გვ. 94
- ↑ 2.0 2.1 2.2 სამხრეთ-დასავლეთი საქართველო. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. VI. თბ. 2016. გვ. 257–266
- ↑ 3.0 3.1 3.2 დაცული ტერიტორიების სააგენტო | საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
- ↑ წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია
- ↑ ა. ფარჯანაძე. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და მათი ურთიერთდამოკიდებულება. თბ., 2015. გვ. 12–13
- ↑ ტექნიკური რეგლამენტის – იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
- ↑ საწურბლიას მღვიმის გეორადიოლოკაციური კვლევის შედეგები. (წყალტუბოს კირქვული მასივი)