სალმან მუმთაზი (აზერ. Salman Mümtaz; სრული სახელი სალმან მამედემინ ოღლუ ასკაროვი; აზერ. Salman Məmmədəmin oğlu Əsgərov; 1884, ნუხა - 1941, ორიოლი) - აზერბაიჯანელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ტექსტოკრიტიკოსი და ბიბლიოლოგი, შუა საუკუნეების ხელნაწერთა კოლექციონერი[2], აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი 1934 წლიდან[3].

სალმან მუმთაზი
აზერ. Salman Mümtaz
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1884
დაბ. ადგილი ნუხა, ელიზავეტპოლის გუბერნია,რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 1941
გარდ. ადგილი ორიოლი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, ადრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელები
საქმიანობა მწერალი[1] , ლიტერატურათმცოდნე[1] , პოეტი და ლიტერატურის ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია
ხელმოწერა
ცნობილია როგორც პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი, კოლექციონერი
სამეცნიერო სფერო ლიტერატურათმცოდნეობა

მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ფილიალის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის სექტორის I კატეგორიის მკვლევარად, იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის აზერბაიჯანული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1929-1932).

ბიოგრაფია

რედაქტირება

სალმან მამედემინ ოღლუ ასკეროვი დაიბადა 1884 წლის 20 მაისს ქალაქ ნუხაში[3] (ახლანდელი შაქი)[4]. სალმანის მამა მამედემინი ვაჭარი იყო და ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა შუა აზიაში[5]. მამადამინი გარდაიცვალა პნევმონიით 1887 წელს, 32 წლის ასაკში. მას ამ დროისთვის ჰქონდა შეძენილი უხვი მიწები აშხაბადში, სადაც საკუთარი ოჯახის წამოყვანას აპირებდა.

1900 წელს მამედემინის მეუღლე ზაჰრა (1865-1938) ფარულად მიემგზავრება აშხაბადში, გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროში. მას აშხაბადში ვაჟები სალმანი და ასკერიც მიჰყავს. მალე მათთან გადადის მისი უფროსი ძმა კერბალაი მოვსუმიც. აღსანიშნავია, რომ ზაჰრა ხანუმი მირზა ფათალი ახუნდოვის ნათესავი იყო.

ბავშვობიდან სალმანმა დიდი ინტერესი გამოიჩინა მეცნიერებების მიმართ, მან მშვენივრად იცოდა სპარსული და არაბული ენები[5]. განათლება მიიღო აშხაბადში. სწავლობდა მირზა ასადულასთან, რომლისგანაც, გარდა არაბულისა და სპარსულისა, ურდუც ისწავლა[6]. 1893 წელს, 9 წლის ასაკში, აშხაბადში გაიცნო მირზა ალექპერ საბირი. ამ შეხვედრის მერე იბადება სალმანის სიყვარული ლიტერატურისადმი. მასთან მხოლოდ 3 აკადემიური თვის გატარების შემდეგ, მუმთაზმა დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა და 22 წლის ასაკში მან უკვე იცოდა სპარსული, არაბული, რუსული და ურდუ, შეისწავლა აღმოსავლური პოეზიის კლასიკოსების შემოქმედება[4]. მუმთაზის ინტერესი აღმოსავლური ლიტერატურისადმი ასევე გამოიწვია ისლამური ხალხების ენების ცოდნამ[6].

„მოლა ნასრედინი“

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული სატირული ჟურნალის „მოლა ნასრედინის“ გამოცემა ტფილისში დაიწყო, მუმთაზმაც თავისი ადგილი დაიკავა ჟურნალის ავტორთა შორის. პარალელურად წერდა ლექსებს კლასიკურ სტილში. აშხაბადში მან და მისმა ამხანაგებმა შექმნეს ლიტერატურული კრება[6].

 
სალმან მუმთაზი 1917 წელს

პირველად, მუმთაზმა ჟურნალთან მიმოწერა 1906 წელს დაიწყო. მუმთაზი რედაქტორს უგზავნიდა წერილებს, მცირე ჩანაწერებსა და ზოგჯერ ლექსებს.

1913 წელს, ტფილისში, ჟურნალის რედაქტორის მირზა ჯალილ მამედყულიზადეს გამომცემლობაში, მუმთაზმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი “სეიდ აჰმედ ჰატიფ ისფაჰანის ბიოგრაფია”. 3 თვის განმავლობაში ტფილისში ყოფნისას სალმან ასკაროვი ეცნობა აბას საჰათს და ფინანსურ დახმარებას უწევს 2 წლის წინ გარდაცვლილი საბირის ჰოპ-ჰოპნამეს გამოცემაში. ტფილისში მეგობრობს მირზა ჯალილთან და აფინანსებს ჟურნალ „მოლა ნასრედინს“[7]. გაზეთი „იგბალი“ 1913 წელს წერდა სალმან ასკეროვზე, როგორც კავკასიის 11 ყველაზე ძლევამოსილ თანამედროვე პოეტთა შორის ერთ-ერთზე. ამ დროისთვის ჟურნალ „მოლა ნასერდინში“ გამოქვეყნდა მისი 12 ლექსი, რომელიც, გაზეთის ცნობით, აღნიშნავდა ხალხის ნაკლოვანებებს და „მიუთითებდა მათი ხსნის გზაზე“[8]. 1916 წელს მუმთაზმა მთელი ძალით სცადა აშხაბადის სცენაზე დადგმულიყო მირზა ჯალილის პიესა „მკვდარნი“, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა[7].

1918 წლამდე სალმან მუმთაზი ცხოვრობდა აშხაბადში, ჟურნალ „მოლა ნასრედინში“ აქვეყნებდა ლექსებს რელიგიური ფანატიზმისა და უმეცრების წინააღმდეგ. მუმთაზმა ასევე წვლილი შეიტანა ჟურნალის გავრცელებაში ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებში[9].

დაბრუნება აზერბაიჯანში და სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

1918 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა ბაქოში და დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობა გაზეთ „აზერბაიჯანში“. უკვე ამ პერიოდში დაინტერესდა აზერბაიჯანელი კლასიკოსების შემოქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით[5]. ამ პერიოდში უკვე გამოცხადებული იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა[10].

როგორც ასობით ლექსის ავტორი, სალმან მუმთაზი უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა კვლევას. მან ყველაფერი გააკეთა აზერბაიჯანული ლიტერატურის შესასწავლად, შესანარჩუნებლად და გასავრცელებლად[11].

1924 წლიდან სალმან ასკაროვი იყო შაქის, გაბალას, ზაქათალას, კახისა და ლაგოდეხის „აზერპოსტავკის“ განყოფილების რწმუნებული. მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატშიც[10].

აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუმთაზმა დაიწყო კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობის შეგროვება, გამოცემა და შესწავლა. მან გამოავლინა აზერბაიჯანელი პოეტებისა და აშუღების მანამდე უცნობი ხელნაწერები[9]. 1920 წლიდან 1925 წლამდე პერიოდში მუმთაზმა მოახერხა სხვადასხვა ავტორის - აზერბაიჯანული ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა 200-მდე წიგნის, სტატიისა და ხელნაწერის შეგროვება[5]. გაზეთ „კომუნისტში“ სათაურით „დავიწყებული ფოთლები“ გამოქვეყნდა სტატიები აზერბაიჯანული ლიტერატურის შესახებ[9]. 1920 წლის შემდეგ მუმთაზი იყო აზერბაიჯანული ლიტერატურის აღდგენის კომისიის ორგანიზატორი და თავმჯდომარე[12].

 
მეჰმედ ფუატ კიოპრულუ-ზადე, ალი ბეგ ჰუსეინზადე და სალმან მუმთაზი პირველ თურქოლოგიურ ყრილობაზე

1926 წელს სალმან მუმთაზმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ პირველ თურქოლოგიურ ყრილობაზე. ამ ყრილობაზე მან წარადგინა თავისი წიგნი ნასიმის შესახებ. აქ ის შეხვდა პროფესორ მეჰმედ ფუატ კიოპრულუ-ზადეს და პროფესორ ალი ბეგ ჰუსეინზადეს. 1950 წელს კიოპრულუ კვლავ ჩადის სსრკ-ში, მაგრამ უკვე როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სურს სალმან მუმთაზთან შეხვედრა, მაგრამ  მუმთაზი იმ დროს ცოცხალი აღარ იყო[8]. კონგრესზე გამოსვლისას, თათარმა ლიტერატურათმცოდნე გაზის გუბაიდულინმა აღნიშნა ამ პოეტების შესახებ „ღირებული ბიოგრაფიული ინფორმაცია“, რომელსაც სალმან მუმთაზის წინასიტყვაობა აქვს გაზეთ „კომუნისტის“ მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ ბროშურაში აზერბაიჯანელი პოეტების შემოქმედებით[13]. ასევე 1926 წელს, მუმთაზის პირად ბიბლიოთეკას გაეცნენ აკადემიკოსები ვასილი ბარტოლდი და სერგეი ოლდენბურგი. ისინი გაოცებულნი დარჩნენ ბიბლიოთეკის სამეცნიერო ღირებულებითა და ხელნაწერების დიდი რაოდენობით[10].

1929-1932 წლებში სალმან მუმთაზ ასკაროვი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წინაკაპიტალისტური პერიოდის აზერბაიჯანული ლიტერატურის განყოფილების დირექტორი. 1932 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში. 1933 წლიდან 1936 წლამდე, მუმთაზი ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „აზერნაშრის“ კლასიკური მემკვიდრეობის განყოფილებას. 1933 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის ლიტერატურული მემკვიდრეობის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1937 წლის აპრილიდან ფილიალის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი[11]. იყო სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის სექტორის I კატეგორიის თანამშრომელი[12].

 
სალმან მუმთაზი საბჭოთა მწერალთა პირველი ყრილობის მონაწილეთა შორის 1934 წელს მოსკოვში. მისგან მარჯვნივ სხედან: მაქსიმ გორკი, ალექსეი ტოლსტოი და სამედ ვურღუნი; მის უკან მეჰდი ჰუსეინი და ჯაფარ ჯაბარლი არიან

1934 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში საბჭოთა მწერალთა პირველ ყრილობაში[14]. ყრილობაზე წაკითხული მამედ ქაზიმ ალეკპერლის მოხსენებაში აღინიშნა სალმან მუმთაზის როლი პოეტი მირზა შაფის მემკვიდრეობის შესწავლაში და მისი სახელის დაბრუნებაში აზერბაიჯანულ ლიტერატურაში[15]. ამ კონგრესზე მუმთაზი შეხვდა მაქსიმ გორკის, რომელთანაც ისინი ახლო მეგობრები იყვნენ[8]. იმავე წელს აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა მოსკოვში ფირდოუსის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე[11].

სალმან მუმთაზმა იმუშავა აზერბაიჯანული ლიტერატურის კლასიკოსების თხზულებათა სამეცნიერო-კრიტიკული ტექსტების შედგენაზე. მუმთაზს აქვს შესწავლილი ნასიმის, შაჰ ისმაილ ხათაის, ჰაბიბის, ფუზულის, ვიდადის, ვაგიფის, ისმაილ-ბეკ კუტკაშენსკის და სხვათა ცხოვრება და მოღვაწეობა, ასევე აქვს დაწერილი მოგონებებბი მირზა ალექპერ საბირისა და აბას სახატის შესახებ[9].

დაპატიმრება და სიკვდილი

რედაქტირება

1937 წლის მარტში, სტალინური რეპრესიების პიკის დროს, სალმან მუმთაზი, ისეთ მწერლებთან ერთად, როგორებიც არიან ჰუსეინ ჯავიდი, სეიდ ჰუსეინი და ათაბაბა მუსახანლი, გააკრიტიკეს გაზეთში „ბაქოს მუშაკი“ „იდეოლოგიური შეცდომების“ გამო. იმავე წლის 10 ივნისს სალმან მუმთაზი გარიცხეს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირიდან, ხოლო 10-12 ივნისს გამართულ კრებაზე მას „ხალხის მტერი“ უწოდეს[16]. 19 ივნისს იგი გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან, დაადანაშაულეს ნაციონალიზმსა და პანთურქიზმში. ამის მიუხედავად, მუმთაზმა განაგრძო იშვიათი ხელნაწერებისა და წიგნების შეგროვება და კვლევა. 1937 წლის 8 ოქტომბერს, ბაქოში საკუთარ სახლში, სალმან მუმთაზი დააპატიმრეს[8]. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე მუხლებით[12]. მუმთაზის საქმეს ხელმძღვანელობდნენ სინმანი, გალსტიანი, ავანესიანი და ბორშჩევი[11].

სალმან მუმთაზს სხვა ბრალეულობებთან ერთად ბრალი ედებოდა „აზერბაიჯანის ნაციონალისტური ეპოსის“ „ქოროღლის“ გამოცემაზე მუშაობაში, რომლის მეშვეობითაც მუმთაზი, ბრალდებების მიხედვით, მოუწოდებდა ხალხს ებრძოლათ სსრკ-სგან ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. მუმთაზს ბრალად ედებოდა მაჰმუდ კაშგარის „დივანის“ გამოცემის მომზადებაში მონაწილეობა[12].

 
სალმან მუმთაზის ციხეში გადაღებული სურათი

1937 წლის 7 დეკემბერს გალსტიანმა დაასრულა გამოძიება სალმან მუმთაზის საქმეზე. 1937 წლის 8 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კაპიტანმა ავანესიანმა მუმთაზს წარუდგინა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მას ბრალი დასდეს, როგორც „აზერბაიჯანის კონტრრევოლუციური ბურჟუაზიული ორგანიზაციის წევრს, რომელიც ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოსვლისთვის შეეწყო ხელი და როგორც მეცნიერებათა აკადემიაში 1936 წელს შექმნილი კონტრრევოლუციური პანთურქისტული ცენტრის აქტიური წევრი, რომელიც ახორციელებდა აქტიურ კონტრრევოლუციურ სამუშაოებს აკადემიაში“. სალმან მუმთაზმა არ მიიღო ბრალდებები. 1938 წლის 8 იანვარს სალმან მუმთაზის საქმეზე შედგა სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მოსამზადებელი სხდომის ოქმი. 1938 წლის 9 იანვარს გაიმართა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სხდომის დახურული სასამართლო სხდომა. სალმან მუმთაზმა აქაც არ მიიღო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. სამხედრო კოლეგიამ სალმან მუმთაზ ასკაროვს მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით პოლიტიკური უფლებების დაკარგვით და მთელი ქონების კონფისკაციით[16][12]. სხდომა სულ რაღაც ნახევარი საათი გაგრძელდა.

როდესაც მუმთაზი დააპატიმრეს, მის მიერ შეგროვებული ყველა ხელნაწერი დაწვეს. მისი ბინის ჩხრეკისას და ქონების ჩამორთმევისას ამოღებულ იქნა 238 ხელნაწერი აღმოსავლურ ენებზე შუა საუკუნეების მეცნიერებების სხვადასხვა დარგში. მუმთაზის ზოგიერთი მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც მან ვერ გამოაქვეყნა სხვებმა მიითვისეს. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ მუმთაზის დაპატიმრების დროს მის მიერ შეგროვებული 270 ხელნაწერი დაიკარგა[2].

ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ სალმან მუმთაზი გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო[8]. ზოგიერთმა ავტორმა აღნიშნა, რომ მუმთაზი გარდაიცვალა 1941 წლის 21 დეკემბერს სოლ-ილეცკის ციხეში[16]. გარდაცვალების მოწმობა, რომელიც გადაეცა მისი ოჯახის წევრებს, მიუთითებდა, რომ სალმან მუმთაზი გარდაიცვალა ქალაქ ორიოლში ტვინში სისხლჩაქცევის გამო[8].

სინამდვილეში, სალმან მუმთაზი 1938 წლის 24 თებერვალს გაგზავნეს სასჯელის მოსახდილად სოლ-ილეცკის ციხეში, მოგვიანებით კი ქალაქ ორიოლში. ამ დროს, იმ წლებში ცნობილი დაპატიმრებული მეცნიერები გადაასახლეს აღნიშნულ ქალაქში. 1941 წლის ივნისში დაიწყო დიდი სამამულო ომი. სანამ ქალაქს გერმანელები აიღებდნენ, ლავრენტი ბერიას ბრძანებით და იოსებ სტალინის თანხმობით, ქალაქში ყველა პატიმარი დახვრიტეს. მათ საკუთარი საფლავები თვითონ გათხარეს და დახვრეტის შემდეგ ისინი იქვე დამარხეს. რუსულენოვან წყაროებში დაღუპვის თარიღს 1941 წლის 6 სექტემბერს უთითებენ[8].

ქვეყანაში დაწყებული „ხრუშჩოვის დათბობის“ პერიოდისას 1956 წლის 16 ნოემბერს, სსრკ-ს უზენაესმა სასამართლომ სალმან მუმთაზის წინააღმდეგ საქმე არ დააკმაყოფილა. სალმან მუმთაზის საქმეზე განაჩენი სსრკ უზენაესმა სასამართლომ 1956 წლის 17 ნოემბერს გააუქმა და იგი სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირდა. ახლობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ 1957 წლის 4 მარტს გაიგეს[8].

სალმან მუმთაზის ცოლი იყო ზეინაბ-ხანუმი. წყვილს ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი ისკენდერი და ქალიშვილი შაჰლა. მუმთაზის რეპრესიების შემდეგ, მისი ვაჟი ისკენდერი, რომელიც მოსკოვის სამხატვრო აკადემიის მე-5 კურსის სტუდენტი იყო, გარიცხეს, ხოლო მისი ქალიშვილი შაჰლა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის II კურსიდან. შაჰლა ხანუმის ვაჟი და სალმან მუმთაზის შვილიშვილი ურხუნ გალაბეილი გახდა აღმოსავლეთმცოდნე და ბევრი იშრომა სალმან მუმთაზის მემკვიდრეობის აღიარებაში. თავად შაჰლაც მამის უფლებებს იცავდა[8].

მკვლევარმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა რასიმ თაღიევმა 1986 წელს გამოსცა წიგნი, რომელიც შედგება სალმან მუმთაზის სტატიებისგან.

1996 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივს სალმან მუმთაზის სახელი მიენიჭა[17].

ქალაქ შაქიში არის სალმან მუმთაზის ქუჩა.

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს სალმან მუმთაზისადმი მიძღვნილი კუთხე.

2013 წელს აზერბაიჯანის ტელევიზიამ მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება სალმან მუმთაზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას[18].

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #130564753 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Васильков Я. В., Гришина А. М., Перченок Ф. Ф. Репрессированное востоковедение. Востоковеды, подвергнувшиеся репрессиям в 20 — 50-е годы // Народы Азии и Африки. — 1990. — № 5. — С. 96—106.
  3. 3.0 3.1 САЛМАН МУМТАЗ (1884 - 1937)
  4. 4.0 4.1 Tahirzadə Ə. Salman Mümtaz (Tərcümeyi-hal oçerki). — Б.: Kür, 2002. — 16 с. გვ.3
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 В этом году исполняется 125 лет со дня рождения Салмана Мумтаза. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-02. ციტირების თარიღი: 2023-02-09.
  6. 6.0 6.1 6.2 Yavuz Akpınar. Azeri edebiyatı araştırmaları. — İstanbul: Dergâh Yayınları, 1994. — С. 478. — 512 с. (тур.)
  7. 7.0 7.1 Tahirzadə Ə. Salman Mümtaz (Tərcümeyi-hal oçerki). — Б.: Kür, 2002. — 16 с. გვ.4
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 Qorkinin dostu, Axundovun qohumu
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Салман Мүмтаз//Азербайджанская советская энциклопедия. — 1983. — C. VII. — S. 274.
  10. 10.0 10.1 10.2 Tahirzadə Ə. Salman Mümtaz (Tərcümeyi-hal oçerki). — Б.: Kür, 2002. — 16 с. გვ.5
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Tahirzadə, 2002, с. 6.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 Буниятов З. М. Следственное дело № 12493 // Элм : газета. — 1988. — 13 августа.
  13. Первый Всесоюзный тюркологический съезд. 26 февраля — 5 марта 1926 г. Стенографический отчёт. — Б.: Бакинский рабочий, 1926. — С. 68.
  14. Tahirzadə, 2002, с. 7.
  15. Первый всесоюзный съезд советских писателей. Стенографический отчёт. — М.: Государственное издательство художественной литературы, 1934. — С. 116. — 718 с.
  16. 16.0 16.1 16.2 Ашнин Ф. Д., Алпатов В. М., Насилов Д. М. Репрессированная тюркология. — М.: «Восточная литература» РАН, 2002. — С. 157.
  17. Azərbaycan Dövlət Ədəbiyyat və İncəsənət Arxivinə Salman Mümtazın adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin 13 sentyabr 1996-cı il tarixli Sərəncamı
  18. «Azərbaycantelefilm» Yaradıcılıq Birliyində 2013-cü ildə istehsal olunan sənədli televiziya filmləri